საქმე N 330802225011806768
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№106I-25 6 ოქტომბერი, 2025 წელი
ა. ა., №106I-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა.ი (A.) ა–ი (A.) ინტერესების დამცველი ადვოკატის კ. წ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 17 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა.ი ა–ის მიმართ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:
1.2. 2025 წლის 23 აპრილს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დრეზდენის რაიონული სასამართლოს მიერ გამოცემულია ა. ა–ის დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის II ნაწილთან ერთობლიობაში 263-ე მუხლის I ნაწილითა და მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების (1) (5) პუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
1.3. 2024 წლის 23 ოქტომბრიდან ა. ა–ი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.
2. ა.ი ა–ის მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:
2.1. 2025 წლის 29 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა.ა–ი.
2.2. 2025 წლის პირველ მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ა.ა–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 ივლისის განჩინებით, გაგრძელდა 6 თვემდე - 2025 წლის 29 ოქტომბრამდე.
2.3. 2025 წლის 23 მაისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ა.ა–ის ექსტრადიციის თაობაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
2.4. ამჟამად, ა.ა–ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
2.5. 2025 წლის 15 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ა.ი ა–ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დრეზდენის რაიონული სასამართლოს მიერ 2025 წლის 23 აპრილს გამოცემულ ა.ა–ის დაკავების ბრძანებაში და დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის II ნაწილთან ერთობლიობაში 263-ე მუხლის I ნაწილითა და მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების (1) (5) პუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში).
2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დასაშვებად იქნა ცნობილი ა.ი ა–ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დრეზდენის რაიონული სასამართლოს მიერ 2025 წლის 23 აპრილს გამოცემულ ა.ა–ის დაკავების ბრძანებაში და დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის II ნაწილთან ერთობლიობაში 263-ე მუხლის I ნაწილის და მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების (1) (5) პუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში).
2.7. 2025 წლის 19 სექტემბერს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. წ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 17 სექტემბრის განჩინების გაუქმება.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. კასატორის პოზიციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 17 სექტემბრის განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია. ვინაიდან, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას კანონით დადგენილი სავალდებულო გარემოებები, კერძოდ: ექსტრადიციის განმხილველმა სასამართლომ არ გაარკვია ა. ა–ის მიმართ არსებოდა თუ არა გამამტყუნებელი განაჩენი, რაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომაზე იქნა გაჟღერებული ბრალდების მხარის მიერ და შემდეგ 2025 წლის 1 მაისის განჩინებაში სათანდო შეფასება მისცა სასამართლომ. ექსტრადიაციის მომთხოვნ სახელმწიფოში დაუსწრებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში კი, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის ვალდებულებას აკისრებს საქმის განმხილველ სასამართლოს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს მთელი რიგი სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც ა. ა–ი არ უნდა იქნეს ექსტრადირებული გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:
4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ა. ა–ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 17 სექტემბრის განჩინების უცვლელად დატოვება და მიუთითა, რომ მისი ექსტრადირება მოითხოვება სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, ხოლო მისი მსჯავრდებულად მოხსენიება განპირობებული იყო საექსტარდიციო მასალების მიღებამდე სასამართლო სხდომის გამართვით. ხოლო მოგვიანებით ცალსახად დადგინდა, რომ მის მიმართ განაჩენი არ იყო გამოტანილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დრეზდენის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ძებნილი ა. ა–ი 2025 წლის 29 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ა.ი ა–ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ა.ი ა–ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.
5. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. მსჯავრდებულის შემთხვევაში კი ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.
6. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:
7. ა.ა–ს ბრალი ედება მასში, რომ იყო ორგანიზებული ჯგუფის წევრი, რომელიც 2019 წლიდან 2025 წლის ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა საინვესტიციო პლატფორმაზე ვაჭრობის მსურველებს სთავაზობდა რამდენიმე ონლაინ საბროკერო პლატფორმას ვებსაიტების „.....“, „........“, „........“, „...........“ და „..........“ მეშვეობით. აღნიშნულ ვებსაიტებზე განთავსებული იყო განზრახ არასწორი ინფორმაცია, თითქოს პლატფორმებზე ხდებოდა სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა. ე.წ. ბროკერები დაზარალებულებს არწმუნებდნენ, რომ თითქოს, ფულის დაბანდების შემთხვევაში მიიღებდნენ მაღალ მოგებას, რეალურად კი განზრახული ჰქონდათ დაზარალებულთა ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლება. კერძოდ, არ ხორციელდებოდა არანაირი რეალური ვაჭრობა, არ ხდებოდა ოფციონების ინვესტირება ან განთავსება და არც ინვესტორების თანხების ფლობა მოგების დაბრუნების ან განაწილების მიზნით. საბანკო გადარიცხვით, საკრედიტო ბარათით, დებეტით ან კრიპტოვალუტის სახით შეტანილი თანხები შემდგომში ნაწილდებოდა ტრანსნაციონალურ ფულის გათეთრების ქსელში.
8. მომხმარებლების მოსაზიდად და დანაშაულის ჩასადენად, დანაშაულში ჩართული პირები, არაუგვიანეს 2019 წლისა, ს–სა და კ–ში მართავდნენ რამდენიმე ქოლ-ცენტრს მათ მიერ კონტროლირებადი კომპანიების მეშვეობით. მინიმუმ 2019 წლის 31 ოქტომბრიდან 2021 წლის 5 მარტამდე პერიოდში, ა.ა–ი დასაქმებული იყო ს–ში მოქმედ ქოლ-ცენტრში შემნარჩუნებელ აგენტად. ა.ა–ი იქ მოქმედებდა „პ. ბ–ს“, „პ. დ–ს“ და „პ. რ–ს“ ფსევდონიმებით. შემნარჩუნებელი აგენტის რანგში, ის პასუხისმგებელი იყო გერმანულენოვანი ქვეყნების, მათ შორის ა–სა და შ–ს მომხმარებლებზე. „ბროკერის“ სამუშაოსთვის, ბრალდებული, სავარაუდოდ, ანაზღაურების სახით ყოველთვიურად დაახლოებით 850-დან 1000 ევრომდე იღებდა. გარდა ამისა, ის ასევე იღებდა საკომისიოს, რომელიც დაზარალებულებისგან მიღებული თანხის პროცენტულ მაჩვენებელზე იყო დამოკიდებული.
9. ა.ა–მა, „P...-ისა“ და „C...e ...-ის“ პლატფორმებთან დაკავშირებული თაღლითური საქმიანობის შედეგად, 2019 წლის 6 ივნისიდან 2021 წლის 29 აპრილამდე პერიოდში, 67 დამოუკიდებელი ქმედების მეშვეობით, 5 იდენტიფიცირებულ დაზარალებულს მიაყენა ზიანი, ჯამში 611875,26 ევროს ოდენობით.
10. ზემოაღნიშნული ქმედებისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის II ნაწილთან ერთობლიობაში 263-ე მუხლის I ნაწილის და მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების (1) (5) პუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით.
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დასჯადია თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე ვადით. ამდენად, ა.ი ა–ის მიერ ჩადენილი ქმედება დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.
12. გარდა ამისა, დაცულია „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3 და მე-4 მუხლებითა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის და აღნიშნულზე არც თავად დაცვის მხარე აპელირებს.
13. 1957 წლის ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასულია, ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელის მოხდისგან.
14. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც ა.ი ა–ი ბრალდებულია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული. ამასთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, განსახილველი ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისთვის, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის არც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობით.
15. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ.“ ასევე, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
16. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.
17. ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა გარანტია იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ა.ი ა–ის უფლებები სრულად იქნება დაცული. საგულისხმოა, რომ გარანტიები არის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი და ამასთანავე არის საკმარისად კონკრეტული და არა ზოგადი/ბუნდოვანი. ამასთან, საგულისხმოა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა წარმოადგენს ევროპის კავშირის წევრ სახელწიფოს. თავის მხრივ, ევროპის კავშირის სახელმწიფოს, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, აქვს მეტად მკაცრი კრიტერიუმები, რომლებიც ცნობილია როგორც კოპენჰაგენის კრიტერიუმები.
18. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ რომ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-10 პუნქტის საუძველზე ექსტარდიციის შუამდგომლობის განხილველი სასამართლო ვალდებული იყო უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან გამოეთხოვა დამატებითი ინფორმაცია და უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ აღნიშნული ჩანაწერი სასამართლოს ანიჭებს უფლებას აუცილებლობის შემთხვევაში ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, რაც არ არის კანონის იმპერატიული მოთხოვნა. ამასთან, საგულისხმოა, რომ მოცემულ საქმეზე არ ასებობდა რაიმე დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის წინაპირობა, ვინაიდან ექსტრადიციის მომთხოვნი სახელწიფოს მიერ გამოგზავნილ მასალებში არსადაა მითითირებული, რომ ა.ი ა–ის მიმართ არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენი. ხსენებულ მასალებში ცალსახადაა მითითებული, რომ მისი გადაცემა მოითხოვება სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად.
19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (amayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
20. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს“, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ 56-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს: „არ იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში.“
21. წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.
22. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.
23. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ა.ი ა–ის მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია.
24. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ა.ი ა–ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
25. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.
26. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა.ი ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის კ. წ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 17 სექტემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა.ი (A.) ა–ის (A.) ინტერესების დამცველი ადვოკატის კ. წ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 17 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე