Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3კ-204-01 16 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, ბ. კობერიძე

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ჯ-შვილის საკუთრებას წარმოადგენს ქ. თბილისში, ... მდებარე ოროთახიანი ბინა პრივატიზაციის საფუძველზე; ამ ბინაში მასთან ერთად ცხოვრობს მეუღლე და ვაჟიშვილი. რ. ჯ-შვილმა 1995 წლის ივლისში თავის ბინა მიაქირავა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მ. უ-იას ოჯახს, თვითონ კი დროებით საცხოვრებლად გადავიდა ქალიშვილის ბინაში. მ. უ-იამ ამ ბინაში საცხოვრებლად მიიყვანა დ. კ-ავას ოჯახი, თვითონ კი თავისი ცოლ-შვილითა და სიდედრით მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. რ. ჯ-შვილმა 1997 წლის ნოემბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. კ-ავას მიმართ და მოითხოვა ბინიდან გამოსახლება. 1999 წლის თებერვალში სასამართლოში სარჩელი აღძრეს, ასევე, რ. ჯ-შვილის მეუღლემ ზ. ჯ-შვილმა და შვილმა ვ. ჯ-შვილმა დ. კ-ავას, ნ., ნო. და გ. ბ-შვილების მიმართ და მოითხოვეს მათი ბინიდან გამოსახლება იმ საფუძვლით, რომ რ. ჯ-შვილს მოპასუხე დ. კ-ავას სიდედრი გ. ბ-შვილისთვის მიუყიდია სადავო ბინა 5000 აშშ ამერიკულ დოლარად, ბინის მესაკუთრეს აუღია 3000 აშშ დოლარი, ხოლო 2000 აშშ დოლარი კი გ. ბ-შვილს დაუტოვებია სესხის სახით, რომლის 10%-ი ყოველთვიურად უნდა გადაეხადა. ვინაიდან დედა-შვილმა სადავო ბინის პრივატიზებაში მონაწილეობა მიიღეს, კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ისინი ცნობილ იქნენ სადავო ბინის 2/3 წილის მესაკუთრეებად, რ. ჯ-შვილმა კი ბინა გაყიდა მათი ნებართვის გარეშე.

გ. ბ-შვილმა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: რ., ზ. და ვ. ჯ-შვილების მიმართ და მოითხოვა სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა. მისი მოთხოვნა ეფუძნება იმას, რომ თავიდან, 1993 წლიდან, მისი ქალიშვილი და სიძე მდგმურად ცხოვრობდნენ ჯ-შვილების ბინაში, შემდეგ ბინის მესაკუთრემ შეთავაზა თავისი ბინის ყიდვა და 1995 წელს მოპასუხეებს გადაუხადა 5000 აშშ დოლარი. იმავე პერიოდში მათგან სესხის სახით აიღო 2000 აშშ დოლარი 10%-იანი დანამატით. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 47-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოითხოვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით რ., ზ. და ვ. ჯ-შვილების სარჩელი დააკმაყოფილა. გ. და ნო. ბ-შვილები თავის ოჯახის წევრებთან ერთად გამოასახლა ქ. თბილისში, ... მდებარე მოსარჩელეთა კუთვნილი ბინიდან.

გ. ბ-შვილის შეგებებული სარჩელი სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რ. ჯ-შვილს დაეკისრა 4100 აშშ დოლარის გადახდა მოპასუხეების: გ. და ნო. ბ-შვილების სასარგებლოდ. თანხის გადახდამდე მოპასუხეებს შეუნარჩუნდათ ბინით სარგებლობის უფლება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: 1995 წელს რ. ჯ-შვილმა თავისი ბინა მიჰყიდა მოპასუხეებს 5000 აშშ დოლარად. ამ თანხიდან 2000 აშშ დოლარი ისესხა გ. ბ-შვილმა ყოველთვიური 10%-ის გადახდის პირობით. მოსარჩელე რ. ჯ-შვილის ჩვენების მიხედვით, მოპასუხემ მას 3000 აშშ დოლარის გარდა გადაუხადა, ასევე, 1100 აშშ დოლარიც.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 44-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, 100 მანეთზე მეტი თანხით დადგენილი გარიგება წერილობით უნდა დადებულიყო. ვინაიდან მხარეთა შორის არც ნასყიდობა და არც სესხის ხელშეკრულება ამ ფორმის დაცვით არ დადებულა, იგი ბათილად იქნა ცნობილი. იმავე კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე, ბათილი გარიგებისას თითოეული მხარე მოვალეა დაუბრუნოს მეორე მხარეს, რაც გარიგებით მიიღო.

გ. ბ-შვილმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა გ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი და ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალა იმგვარად, რომ რ. ჯ-შვილს გ. და ნო. ბ-შვილების სასარგებლოდ დაეკისრა 5000 აშშ დოლარის გადახდა ლარებში, დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ გ. ბ-შვილმა შესყიდვისას ბინის საფასური - 5000 აშშ დოლარი - გადაუხადა რ. ჯ-შვილს, რომელსაც არ უარყოფს ეს უკანასკნელი. მაგრამ, ვინაიდან სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 239-ე მუხლით გათვალისწინებული საცხოვრებელი სადგომის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ფორმა არ იყო დაცული, იგი ბათილად იქნა მიჩნეული.

სასამართლომ დადგენილად ცნო ისიც, რომ გ. ბ-შვილის მიერ ბინის საფასურის - 5000 აშშ დოლარის - გადახდის შემდეგ მხარეთა შორის გაფორმდა მეორე ზეპირი ხელშეკრულება 2000 აშშ დოლარის სესხის თაობაზე. გ. ბ-შვილმა მიიღო ეს თანხა რ. ჯ-შვილისაგან და თვეში 10% უნდა გადაეხადა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სასამართლო მოცემულ დავას განიხილავს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ამიტომ სესხის ხელშეკრულებაზე ვერ იმსჯელებს, რადგან მხარეები დავობენ მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე. სასამართლომ ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ბათილად ცნო სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო 48-ე მუხლის თანახმად რ. ჯ-შვილს დაევალა გ. ბ-შვილისათვის ბინის საფასურად მიღებული 5000 აშშ დოლარის დაბრუნება.

რ., ზ. და ვ. ჯ-შვილებმა საკასაციო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვეს მისი გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის იმავე პალატისათვის დაბრუნება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკისრა 5000 ამერიკული დოლარი, რადგან მოპასუხეს ბინის ღირებულება არ გადაუცია სრულად. სააპელაციო სასამართლო გასცდა, ასევე, მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს; გ. ბ-შვილმა მოითხოვა მხოლოდ ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებულად ცნობა და კასატორისაგან არ მოუთხოვია ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, არც თანხის დაბრუნება და თანხის გადახდამდე არც ბინით სარგებლობა. ამით კი დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა.

გ. ბ-შვილმა შეგებებული საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

დადგენილია, რომ ქ. თბილისში ... მდებარე ოროთახიანი ბინა წარმოადგენს რ., ვ. და ზ. ჯ-შვილების საერთო საკუთრებას. მათ ბინაში ცხოვრობენ გ. და ნო. ბ-შვილები, მათ შორის ბინის ნასყიდობის შინაურული შეთანხმება გაფორმდა. ვინაიდან მხარეთა მიერ არ იყო დაცული სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთებზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით, რ. ჯ-შვილსა და გ. ბ-შვილს შორის შეთანხმება არ შეიძლება ჩაითვალოს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებად. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამ ნორმის თანახმად რ. ჯ-შვილის სარჩელი საკუთარი ბინიდან მოპასუხეების გამოსახლების შესახებ საფუძვლიანია და სასამართლომ იგი სწორად დააკმაყოფილა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გ. ბ-შვილის შეგებებულ საკასაციო საჩივარს იმის შესახებ, რომ დადებულად იქნეს ცნობილი რ. ჯ-შვილთან სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგან სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკისრა რ. ჯ-შვილს გ. და ნო. ბ-შვილების სასარგებლოდ 5000 აშშ დოლარი ლარებში, რადგან მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს მხოლოდ სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა და არა მოსარჩელისაგან თანხის დაბრუნება. ასეთივე მოთხოვნა აქვთ მათ სააპელაციო საჩივარშიც. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამიტომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება რ. ჯ-შვილისათვის თანხის დაკისრების ნაწილში არ არის სწორი და უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

რ., ვ. და ზ. ჯ-შვილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გ. ბ-შვილის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

რ., ვ. და ზ. ჯ-შვილების სარჩელი გ. და ნო. ბ-შვილების მიმართ ქ. თბილისში, ... მდებარე ბინიდან გამოსახლების შესახებ დაკმაყოფილდეს.

გ. ბ-შვილის შეგებებული სარჩელი რ. ჯ-შვილის მიმართ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.