გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ/205-01 30 მარტი 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლსო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, ბ. კობერიძე
დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. ვ-ევა 1976-89 წლებში მუშაობდა “თ-ში” და ცხოვრობდა გვირაბმშენის საერთო საცხოვრებელში.
თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ¹18.83-567 1988 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით. “თ-ის” სამმართველოს მუშა-მოსამსახურეთათვის ჩამოყალიბდა საბინაო კოოპერატივი ¹......; ზ. ვ-ევა ოქტომბრის (ამჟამად ჩუღურეთის) რაისაბჭოს აღმასკომის 1989 წლის 25 ოქტომბრის ¹23.539-10 გადაწყვეტილებით გაწევრიანდა აღნიშნულ კოოპერატივში ერთოთახიანი ბინის აშენებაზე, ბინის ღირებულების დადგენილი საპაიო თანხის შეტანით. 1989 წლის 13 ნოემბერს კოოპერატივის ანგარიშზე ზ. ვ-ევამ “ბ-ის” ოქტომბრის რაიგანყოფილებაში ერთდროულად შეიტანა 4250 მანეთი; 1993 წელს დამთავრდა აღნიშნული სახლის მშენებლობა და ზ. ვალიევამ ჩუღურეთის რაიონის გამგეობისაგან მიიღო ბინის ორდერი 3, ¹..... ერთოთახიან კოოპერატიულ ბინაზე, საცხოვრებელი ფართით 20,23 კვ.მეტრი, მისამართით .... მეტრომშენის დასახლება. გაათავისუფლა საერთო საცხოვრებელი ახალ ბინაში შესახლების მიზნით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მასზე გამოყოფილი ბინა თვითნებურად ჰქონდა დაკავებული ო. ქ-იას; ეს უკანასკნელი შეპირდა ბინის გათავისუფლებას. მოგვიანებით ბინაში ახალი მობინადრეები – ქ-იას ნათესავები, ოჩამჩირიდან ლტოლვილი – ა. ჭ-ძის ოჯახი დახვდა, რომლებიც ნებაყოფლობით ბინას არ ათავისუფლებენ.
ზ. ვ-ევამ სარჩელით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ა. ჭ-ძის გამოსახლება სადაო ბინიდან მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. ვ-ევას უარი ეთქვა ჭ-ძის ბინიდან გამოსახლებაზე, ო. ქ-ია ცნობილი იქნა ბინის კეთილსინდისიერ მფლობელად. ამ უკანასკნელს დაეკისრა ზ. ვ-ევას სასარგებლოდ შეტანილი თანხის 4250 მანეთის ექვივალენტური 2656 ლარის გადახდა.
ზ. ვ-ევს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ, რომლის 2000 წლის 9 ნოემბრის განჩინებით უცვლელი დარჩა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე.
კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ ბინის თვითნებურად დამკავებელ პირებს ბინის ფლობის ან საკუთრების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლების მოთხოვნები;K პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ “თბილგაზმშენის” ¹.... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა კრების დადგენილება, რომლითაც ო. ქ-ია მიღებულია კოოპერატივის წევრად არ შეიძლება ამ უკანასკნელის მიერ ბინის ფლობის კანონიერი საფუძველი გახდეს, ვინაიდან აღნიშნული კოოპერატივის კრების ოქმი საქალაქო სასამართლოს აღმასკომში სათანადო წესით არ დამტკიცებულა და ზ. ვ-ევამ საცხოვრებელი ბინის ფლობისა და სარგებლობის ერთადერთი კანონიერი საფუძველი _ ორდერი სადაო ბინაზე მიიღო მოგვიანებით, 1993 წელს;
საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმის მასალების მიხედვით, სადაო ბინას ფაქტობრივად ა. ჭ-ძის ოჯახი ფლობს, სასამართლომ კი ო. ქ-ია ცნო კეთილსინდისიერ მფლობელად. რითაც არასწორად განმარტა კანონი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით. მფლობელობა ნივთზე ფაქტიურ ბატონობას, პყრობას ნიშნავს. სასამართლომ კი მფლობელად ცნო პირი, რომელიც წლების განმავლობაში არ ცხოვრობს ბინაში;
პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვით სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ბინის ღირებულება დააკისრა ო. ქ-იას ისე, რომ ზ. ვ-ევას მოთხოვნა თანხის დაკისრებაზე არ ჰქონია;
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შესახებ. მაშინ, როცა მოსარჩელე მოითხოვდა ა. ჭ-ძის ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებას, სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მხოლოდ ა. ჭ-ძე, არ გაარკვია ვისთან ერთად ცხოვრობს იგი აღნიშნულ ბინაში, არ მოისმინა ოჯახის წევრთა განმარტებანი, რითაც არასრულყოფილად განიხილა სასარჩელო მოთხოვნა;
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გაარკვიოს და დააზუსტოს ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები; საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენოს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 ივლისის ¹519 დადგენილება ზ. ვ-ევას სამართლებრივი სტატუსის გასარკვევად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ზ. ვ-ევას წარმომადგენლის ნ. კ-ევის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 9 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.