გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/210-01 11 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
კასატორის თხოვნა _ განჩინების გაუქმება; ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. ჩ-ძემ სარჩელი აღძრა ო. კ-იას წინააღმდეგ და მოითხოვა 6800 აშშ დოლარისა და ადვოკატის დახმარების გამო გადახდილი თანხის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ მან 1999 წლის 14 სექტემბერს სესხის ხელშეკრულებით მოპასუხეს გადასცა 5000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 6%-ის სარგებლით. სესხის ხალშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ო. კ-იას საცხოვრებელი ბინა, ... ქ. თბილისში. სესხი გაცემული იყო 6 თვის ვადით _ 2000 წლის 14 მარტამდე. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ სესხის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა მას არ მიუღია. თანხა მიიღო მისმა შვილმა მ. კ-იამ, სულ 4400 აშშ დოლარი. მოპასუხემ მიიჩნია, რომ ვალი უნდა დააბრუნოს მ. კ-იამ.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ო. კ-იას ზ. ჩ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 6800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო სარჩელს, ადვოკატის დახმარების გამო გადახდილი თანხის დაკისრების ნაწილში, უარი ეთქვა. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 316-ე, 317-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე, 53-ე მუხლები.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, მოცემულ საქმეზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, 1999 წლწის 14 სექტემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება (სანოტარო ფორმით) ზ. ჩ-ძესა და ო. კ-იას შორის 5000 აშშ დოლარზე, 6 თვის ვადით ყოველთვიურად 6% სარგებლით; სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იმავე დღეს იპოთეკის ხელშეკრულებით დიტვირთა მოვალის _ ო. კ-იას საცხოვრებელი ბინა; სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ო. კ-იას თანდასწრებით მიიღო მისმა შვილმა მ. კ-იამ. ვალი დაბრუნებული არ არის, ხოლო მოვალე _ ო. კ-ია უარს აცხადებს თანხის გადახდაზე, რადგან ხელშეკრულება ბათილად მიაჩნია. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. სასამართლომ გარიგების ბათილობის იურიდიულ საფუძვლებზე არ იმსჯელა, რადგან მოთხოვნა _ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის შესახებ, სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლით ხანდაზმულად მიიჩნია. სასამართლომ, ასევე, მიუთითა ამავე კოდექსის 623-ე მუხლზე და მექანიკურ შეცდომად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული ნორმა (629-ე მუხლი), რომელიც ნარდობის ხელშეკრულების ცნებას განსაზღვრავს.
საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმას შემდეგი საფუძვლით:
სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 84-ე მუხლები. კასატორს მიაჩნია, რომ იგი ვალდებულებითი ურთიერთობის მონაწილე არ არის, რადგან სადავო თანხა მას არ მიუღია. 1999 წლის 14 სექტემბრის სანოტარო ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულება კი, მოტყუებით დადებულ გარიგებად უნდა მიეჩნია სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება 1999 წლის 14 სექტემბერს დაიდო კრედიტორ ზ. ჩ-ძესა და მოვალე _ ო. კ-იას შორის (სანოტარო ფორმით); სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის უძრავი ქონება (ბინა). ესე იგი მხარეები (კრედიტორი და მოვალე) შეთანხმდნენ სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე და მათ შორის ხელშეკრულება დაიდო კანონით გათვალისწინებული ფორმით. კერძოდ,. სესხის ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმითაც. მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულება დაიდო რთული სანოტარო ფორმით. პალატა თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება ზეპირი ფორმითაც შეიძლება დაიდოს, მაგრამ მხარეები მას წერილობითი ფორმით დადებენ, ამ შემთხვევაში წერილობითი (რთული სანოტარო) ფორმა ხელშეკრულების ნამდვილობის დამატებითი პირობაა, რომელიც მხარეებს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში მტკიცების ყველაზე კარგი საშუალებაა. მითუმეტეს, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლით ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება ნამდვილია. ამას მხარეებიც არ უარყოფენ, მაგრამ მისი ბათილად ცნობა ო. კ-იამ (მოვალემ) იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ იგი მოატყუეს. პალატა თვლის, რომ ო. კ-იას მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლით, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ამ საფუძვლით გარიგების ბათილად ცნობა მაშინ ხდება, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა, ე.ი. გარიგების დადების დროს ყველა ან ერთ-ერთი არსებითი პირობა ცდომილებაში განზრახ შეყვანითაა მიღწეული. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ არის დადგენილი მოტყუების ფაქტი, რომლის მტკიცების ტვირთი სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით ო. კ-იას აწევს. ის გარემოება, რომ ო. კ-იას ნაცვლად კრედიტორმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მოვალის თანდასწრებით მის შვილს _ მ. კ-იას გადასცა, პალატა თვლის, რომ არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოტყუებად, რადგან თანხის გადაცემის დროს მხარეებს შორის გარიგება უკვე დადებული იყო. მოტყუება (მოტყუების განზრახვა) გარიგების დადებას წინ უნდა უსწრებდეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში (თანხის მიღება მესამე პირის მიერ) სესხის ხელშეკრულებაც ნამდვილია, რადგან გამსესხებელმა მსესხებელს საკუთრებაში გადასცა ფული, რაც მას ევალებოდა სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო მსესხებელმა მიიღო და ამავე ნორმით ვალდებულია დააბრუნოს იმავე ოდენობის თანხა, რაც ხელშეკრულებაშია მითითებული. თანხა მსესხებლის (კრედიტორის) მიერ მიღებულად ითვლება მაშინაც, თუ მისი თანხმობით იგი მესამე პირმა მიიღო. მოცემულ შემთხვევაში თანხმობად მიჩნეულ უნდა იქნეს ის გარემოება, რომ მესამე პირმა სადავო თანხა მიიღო მსესხებლის თანდასწრებით, ხოლო ამ უკანასკნელს რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ო. კ-იას საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რადგან მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება კანონიერია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. კ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 24 ოქტომბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.