Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ\211-01 30 მარტი 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, მ. წიქვაძე

დავის საგანი (სარჩელის) _ რეგისტრაციის გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

კავშირმა “ს-ა” (რეგისტრირებული 2000 წლის 25 იანვარს) სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა კავშირი “ს-ის” (რეგისტრირებული 1999 წლის 9 ნოემბერს) რეგისტრაციის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ერთი და იგივე სახელწოდებით სხვა იურიდიული პირის ფუნქციონირება მიზანშეუწონელია. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მას აქვს აღნიშნული სახელწოდებით სარგებლობის უპარატესი უფლება.

საქმის განხილვის პროცესში მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა მოსარჩელის რეგისტრაციის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ საზოგადოების სახელით დაფუძნებულია შპს “გ-ა”, რომელსაც დაუქვემდებარა ადრე არსებულ კავშირში (რეგისტრირებული 1993 წელს) შემავალი მაღაზიები. აღნიშნული საქმიანობა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 35-ე მუხლის მოთხოვნებს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა 2000 წლის 25 იანვარს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ რეგისტრირებული კავშირი “ს-ა”.

სასამართლომ ძირითადი სარჩელის უარყოფასა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ მოსარჩელე არასწორად იქნა რეგისტრაციაში გატარებული, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, ყრილობა ე.ი. სართო კრება ადრე მოქმედი წესდების მიხედვით არ მოუწვევია ცენტრალურ საბჭოს; არ არჩეულა ყრილობის დელეგატები; ყრილობაზე მოსარჩელეს არ მოუწვევია მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელი; კრებას არ ესწრებოდა საზოგადოების პრეზიდენტი ზ. გ-ელი; კრების ოქმში მითითებული არ არის იურიდიული პირები “ც-ი” და შპს “პ-ა”, რომლებიც კავშირის დამფუძნებლები არიან.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება; მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომელითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა 2000 წლის 25 იანვარს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ რეგისტრირებული კავშირი “ს-ა”. სასამართლომ სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 31-33-ე მუხლები, ასევე, 26-ე მუხლი და მიიჩნია, რომ 1999 წლის 9 ნოემბერს რეგისტრირებული კავშირი კანონის მოთხოვნათა დაცვითაა რეგისტრირებული, ხოლო 2000 წლის 25 იანვარს რეგისტრირებული კავშირი გააუქმა იმ საფუძვლით, რომ ამავე სახელწოდების კავშირი უკვე რეგისტრირებული იყო და ეს ფაქტი ცნობილი იყო მოსარჩელესათვის.

საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებას და სარჩელის დაკმაყოფილებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. კასატორს მიაჩნია, რომ 2000 წლის 25 იანვარს რეგისტრირებული კავშირი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-ე და 33-ე მუხლების მოთხოვნას და იგი არ უნდა გაუქმდეს, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე კანონდარღვევითაა რეგისტრირებული.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად საკმაოდ არ არის დასაბუთებული.

ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილით გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაარღვია რა აღნიშნულ ნორმათა მოთხოვნები, საქმეზე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. კერძოდ, ძირითადი სარჩელის უარყოფისას სასამართლომ არ დაასაბუთა რატომ არის სარჩელი უსაფუძვლო; სასარჩელო მოთხოვნას არ მისცა იურიდიული კვალიფიკაცია. კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნა კავშირის რეგისტრაციის გაუქმებაა, ხოლო სარჩელის საფუძველი კავშირის სახელწოდების კანონით დაცული უფლება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კავშირის რეგისტრაციას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 31-34-ე მუხლები. შესაბამისად, რეგისტრაციის გაუქმების საფუძველიც აღნიშნული ნორმებისა და ამავე კოდექსის 35-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევა უნდა იყოს, ხოლო არასამეწარმეო იურიდიული პირის სახელწოდების შესახებ დავა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 26-ე მუხლით და იგი (სახელწოდება) არ შეიძლება რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდეს. ამდენად, სასამართლომ, ისე რომ არ დააზუსტა დავის საგანი, საქმეზე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს სასამართლომ არ განიხილა ის საფუძვლები, რაც მასში იყო მითითებული და სულ სხვა საფუძვლით დააკმაყოფილა იგი. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2000 წლის 25 იანვარს მოსარჩელე გატარდა რეგისტრაციაში, მაშინ როდესაც კანონის მოთხოვნათა დაცვით ამგვარი სახელწოდების კავშირი უკვე რეგისტრირებული იყო და ეს ფაქტი ცნობილი იყო მისთვის. ე.ი. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა კავშირის სახელწოდება და არ გამოიკვლია ის გარემოებები, რაც შეგებებულ სარჩელშია მითითებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რადგან მოცემულ საქმეზე დასადგენი და გამოსაკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა დააზუსტოს სარჩელის მოთხოვნა; განიხილოს შეგებებული სარჩელის საფუძვლები და მასთან დაკავშირებით დამატებით გამოიკვლიოს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კავშირი “ს-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.