საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №417აპ-25 21 ოქტომბერი, 2025 წელი
ა. გ. ე., №417აპ-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. გ. ე-ეს ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. გ. ე-ე ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, შეძენა, ფლობა) მისი დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
ა. გ. ე-ემ განიზრახა დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, შეძენა, ფლობა) მისი დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს დამალვა და შენიღბვა. იმ მოცემულობაში, როდესაც ა. გ. ე-ეს არ გააჩნდა ოფიციალური შემოსავლის წყარო და მის მიერ არ მომხდარა საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის შემოტანა, 2020-2021 წლებში, დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, მის მიერ განხორციელდა შემდეგი ქმედებები: 2020 წლის 29 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ა. გ. ე-ემ 65 000 აშშ დოლარად შეიძინა ქალაქ ბ-ში, ლ-ის ქუჩის N--ში მდებარე, 80.70 კვ. მ. საცხოვრებელი ბინა N- (ს/კ -). მანვე, 2020 წლის 10 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 34 000 აშშ დოლარად შეიძინა ქალაქ ბ-ში, კ-ის ქუჩა --ში მდებარე, 41.40 კვ. მ. საცხოვრებელი ბინა N- (ს/კ -), ხოლო 2021 წლის 27 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა გ-ში, კ-ში მდებარე 100 კვ. მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ -), რაშიც გადაიხადა 3 000 აშშ დოლარი. უძრავი ქონებების შესაძენად, ა. გ. ე-ეს მიერ გადახდილი, თითქოსდა კანონიერი წარმომავლობის თანხა – ჯამში 102 000 აშშ დოლარი, განთავსდა ლეგალურ ფინანსურ ბრუნვაში, რამაც ხელყო ქვეყნის ეკონომიკური და საფინანსო სისტემის სტაბილურობა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ინტერესებს. აღნიშნული ქმედებებით, ა. გ. ე-ემ ჩაიდინა 102 000 აშშ დოლარის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ა. გ. ე-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ღირებულების ექვივალენტური შემდეგი უძრავი ქონება: ქ. ბ-ში, ლ-ის ქუჩის N--ში მდებარე საცხოვრებელი ბინა N- (საკადასტრო -; ფართი 80.70 კვ.მ); ქ. ბ-ში, კ-ის ქუჩის N--ში მდებარე საცხოვრებელი ბინა N- (საკადასტრო კოდით: -; ფართი 41.40 კვ.მ) და გ-ში, კ-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით: -; ფართი 100 კვ.მ).
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. გ. ე-ეს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ა. გ-მა. დაცვის მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ა. გ. ე-ეს უდანაშაულოდ ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. გ. ე-ეს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – კ. ჩ-ემ. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. დაცვის მხარის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ამასთან, სასამართლომ უგულებელყო დაცვის მხარის მტკიცებულებები და დაეყრდნო მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, რომლებიც არაობიექტურად შეაფასა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო საჩივრის ავტორს უწესებს მოთხოვნის როგორც მკაფიოდ ფორმულირების (კერძოდ, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს), ისე – სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმის მკაფიოდ წარმოჩენას, თუ რომელი სამართლებრივი საკითხი/საკითხები გადაწყდა უკანონოდ გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და რა ადასტურებს მას. შესაბამისად, იმ პირობებეში, როდესაც საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს მსჯავრდებული პირის გამართლებას, იგი იმავდროულად, ვალდებულია, წარმოადგინოს არგუმენტირებული მსჯელობა და მყარად დაასაბუთოს თითოეული მუხლით/მუხლის ნაწილით პირის მსჯავრდების უკანონობა. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სწორედ დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მოხმობილი არგუმენტების კვალდაკვალ შეამოწმებს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ა. გ. ე-ეს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი ა. გ. ე-ეს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას, კერძოდ:
5.4. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის ა. გ. ე-ეს მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული უძრავი ქონების შეძენას, რაც ასევე დადასტურებულია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებებით, აგრეთვე, მოწმეების – ვ. დ-სა და ი. მ-ის ჩვენებებით, რომლითაც დგინდება, რომ მსჯავრდებულმა უძრავი ქონება ვ. დ-გან შეიძინა 34 000 აშშ დოლარად, ხოლო ი. მ-გან – 65 000 აშშ დოლარად, ნაღდი ანგარიშსწორებით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით ასევე უტყუარად დასტურდება, რომ 2021 წლის 27 იანვარს, ა. გ. ე-ემ ი. ლ-გან 3000 აშშ დოლარად შეიძინა გ-ში, კ-ში მდებარე 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
5.5. მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს უძრავი ქონების შესაძენი თანხის წარმომავლობა. მსჯავრდეულისა და მისი მეუღლის ჩვენებებით, უძრავი ქონების შესაძენი თანხა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა კანონიერი გზით, კერძოდ: კრიპტო ვალუტის, აგრეთვე, ნ-იაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის, ნ-იის მოქალაქეებისთვის საქართველოში თანხების გადმორიცხვაში დახმარებით მიღებული პროცენტის, „Y--დან“ მონეტიზაციისა და სავაჭრო პლატფორმა „A--ზე“ მსჯავრდებულის წიგნის გაყიდვის შედეგად. ასევე, მსჯავრდებული დ-ში ფლობდა მისი ძმის კუთვნილი ბიზნესის წილს, რომელიც პერიოდულად უგზავნიდა ბიზნეს საქმიანობიდან მიღებულ წილს. მოწმეთა განმარტებით, ა. გ. ე-ეს საზღვარგარეთიდან თანხებს ურიცხავდა ძმა – ჰ. მ-სა, ძმის მეუღლე და მეგობარი – რ. ტ-ზე.
5.6. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ყურადღებას მიაპყრობს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, კერძოდ: გამომძიებლის ჯ. ქ-ას ჩვენებით დგინდება, რომ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებულის ბებიის საბანკო ანგარიშზე ა. გ. ე-ეს მეგობრის – მ. უ-ას ანგარიშიდან ირიცხებოდა თანხები. მ. უ-ას საბანკო ანგარიშით სარგებლობდა როგორც თავად მ. უ-ა, ისე ა. გ. ე-ე, რომელიც ხსენებული ანგარიშის გამოყენებით თანხებს ასევე ურიცხავდა სხვა მსჯავრდებულ პირსაც. მოწმე მ. უ-ამ დაადასტურა, რომ მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშით, მასთან ერთად, სარგებლობდა მისი მეუღლის მეგობარი – ა. გ. ე-ე, რომელსაც საბანკო ანგარიშზე და მობაილ ბანკზე სრული წვდომა ჰქონდა, იგი ასევე სარგებლობდა საბანკო ბარათით.
5.7. სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, დადასტურებულია, რომ ა. გ. ე-ე გადასახადის გადამხდელად არ ფიქსირდება. მას არ უფიქსირდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის, ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების დეკლარირება.
5.8. კომერციული ბანკებიდან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით და აღნიშნული ინფორმაციის დათვალიერების ოქმებით დგინდება, რომ ა. გ. ე-ეს, 2012 წლიდან 2023 წლის 10 იანვრამდე, სწრაფი ფულადი გზავნილების მეშვეობით მიღებული აქვს 2 277.35 ევრო და 8 742.26 აშშ დოლარი, ხოლო ამავე პერიოდში გადარიცხული აქვს 50 453 აშშ დოლარი და 283 ევრო (აქედან 31 316 აშშ დოლარი და 283 ევრო – ი. ო-ას და ჰ. მ-სას სასარგებლოდ, რომლებსაც დაცვის მხარე ა. გ. ე-ეს ოჯახის წევრებად ასახელებს, ხოლო მათგან მიღებული აქვს 3 688 აშშ დოლარი). უძრავი ქონებების შესაძენად, ა. გ. ე-ეს მიერ გადახდილი თანხა ჯამში შეადგენს 102 000 აშშ დოლარს. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ა. გ. ე-ეს საზღვარგარეთ გაცილებით მეტი თანხა აქვს გადარიცხული, ვიდრე – მიღებული. მის მიერ გაწეული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი ბევრად აღემატება მიღებულ შემოსავალს. აგრეთვე, მითითებულ პერიოდში, მ. უ-ას ი. ო-ასა და ჰ. მ-სასგან მიღებული აქვს 31 829 აშშ დოლარი. ამდენად, ა. გ. ე-ესა და მ. უ-ას, ი. ო-ასა და ჰ. მ-სასგან მიღებული აქვთ 35 517 აშშ დოლარი, რაც ასევე გაცილებით ნაკლებია მსჯავრდებულის მიერ 2012 წლიდან 2023 წლის 10 იანვრამდე დახარჯულ თანხებთან (152 453 აშშ დოლარი და 283 ევრო) შედარებით.
5.9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის მიერ ქონების კანონიერი საშუალებებით (დაცვის მხარის მიერ მითითებული წყაროებიდან) მოპოვებას, ასევე, უტყუარად ვერ დგინდება ჰ. მ-სასა და მსჯავრდებულის ნათესაური კავშირი, დადასტურებული არ არის თანხის ოდენობა, რაც მსჯავრდებულმა, მისივე განმარტებით, კრიპტოვალუტისა და უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიიღო, ასევე, ვერ დგინდება, მსჯავრდებულის მიერ მითითებული ბიზნეს საქმიანობიდან მიღებული წილის, „Y--დან“ მონეტიზაციისა და „A--დან“ წიგნის (ასეთის რეალურად არსებობის შემთხვევაში) გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ოდენობა. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა დაცვის მხარის მიერ მითითებული შემოსავლის წყაროს რეალურობასა და შემოსავლის ოდენობას. ასევე, ის გარემოებაც არ დასტურდება, რომ საზღვარგარეთიდან სხვადასხვა პირების სახელზე გადმორიცხული თანხები განკუთვნილი იყო ა. გ. ე-ესთვის და რომ მან ნამდვილად მიიღო აღნიშნული თანხა. ამის საპირისპიროდ, მოწმე მ. უ-ამ განმარტა, რომ მას არასოდეს მიუღია თანხა ა. გ. ე-ეს დავალებით ან სხვა პირისგან ა. გ. ე-ეზე გადასაცემად.
5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული უძრავი ქონების შეძენის გზით, ა. გ. ე-ეს მიერ დაუსაბუთებელი შემოსავლის – 102 000 აშშ დოლარის ლეგალიზაცია – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. ამასთან, საგულისხმოა, რომ დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს მსჯავრდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელ კონკრეტულ გარემოებებზე/მტკიცებულებებზე, ასევე, ვერ მიუთითებს, თუ რაში გამოიხატა სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა არაობიექტურად შეფასება, რა მტკიცებულებები ჰქონდა დაცვის მხარეს წარდგენილი, რაც დაადასტურებდა მსჯავრდებულისა და მისი მეუღლის განმარტებებს ქონების კანონიერი საშუალებებით მოპოვების შესახებ და რაც არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განაჩენის უკანონობაზე მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლება. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის გამოც, არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის/გაუქმების საფუძველი.
5.11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. გ. ე-ეს ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ლევან თევზაძე