გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ/214-01 28 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი – მიუღებელი თანხის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
ო. რ-ძე 1956 წლიდან მუშაობდა სააქციო საზოგადოება “ს-ში” გეოფიზიკური ექსპედიციის უფროსის თანამდებობაზე.
1999 წლის 11 მარტიდან იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შტატების შემცირების გამო; ამავე წლის 23 აგვისტოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი დაუყოვნებლივ იქნა აღდგენილი თანამდებობაზე. ო. რ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოპასუხე ს.ს. “ს-ისაგან” მოითხოვა ხელფასის სახით მიუღებელი თანხის 1299 ლარისა და 98 თეთრის ანაზღაურება;
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; სააქციო საზოგადოება “ს-ს” დაეკისრა 1997-98 წლებში ო. რ-ძის სახელზე გამოწერილი ხელფასის, საავადმყოფო ფურცლისა და შვებულების გაუცემელი თანხის, სულ 1259 ლარისა და 98 თეთრის გადახდა.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით უცვლელი დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.
კასატორი საჩივრით მოითხოვს საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; კერძოდ სასამართლომ არ გამოიყენა შრომითი დავების მარეგულირებელი და მომწესრიგებელი კანონი – შრომის კანონთა კოდექსის ნორმები და დაეყრდნო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებს. ო. რ-ძის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ამ უკანასკნელმა 1997-98 წლების ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით შრომის დავის განმხილველ ორგანოს - სასამართლოს მიმართა 1999 წლის ნოემბერში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ო. რ-ძის მიერ გაშვებულია შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. მოქმედი საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს დავის სასამართლოს გარეშე წინასწარი განხილვის პროცედურას. საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად, პირდაპირ ან წარმომადგენლის მეშვეობით, მიმართოს სასამართლოს. შრომის ხელფასთან დაკავშირებულ დავებზე შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა დამსაქმებელმა უარი უთხრა მუშაკს ხელფასის ანაზღაურებაზე. მოცემულ შემთხვევაში, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, კასატორი 2000 წლის 22 თებერვალს ¹ 1 მომართვით ადასტურებს, რომ ო. რ-ძეს საერთო ჯამში ასაღები აქვს 1299 ლარი და 58 თეთრი. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ კასატორი სადაო თანხის გადახდაზე უარს კი არ ეუბნებოდა მოსარჩელეს არამედ მის გაუცემლობას ფინანსური სიძნელეებით ხსნიდა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება სამართლებრივად დასაბუთებულია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სააქციო საზოგადოება “ს-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 26 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.