ბს-319-253-კ-05 23 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ფართის იჯარით გაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის მერიის არასაცხოვრებელი ფართობის აღრიცხვა-განაწილების სამმართველოს მიერ 1993წ. 25 ოქტომბერს გაცემული არასაცხოვრებელი ფართობის ¹... სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე, თბილისში, ... მდებარე შენობის მე-3 სართული, 200 კვ.მ იჯარით გადაეცა ნოტარიუსებს, რაზეც 1994წ. 3 იანვარს დაიდო საბინაო-საექსპლოატაციო უბანთან ხელშეკრულება 10 წლის ვადით 200 კვ.მ-ის იჯარით გაცემის შესახებ. 1995წ. 12 ივნისს გაჩენილი ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ნოტარიუსების მიერ დაკავებული ფართი, რის გამოც ისინი გადაიყვანეს ..., სადაც დღემდე არიან განთავსებულნი.
2003წ. 3 ივლისს კასატორებმა სარჩელი აღძრეს თბილისის მერიის მიმართ და “ნოტარიატის შესახებ” კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1996წ. 3 მაისის დადგენილების საფუძველზე მოითხოვეს მათ მიერ ... დაკავებული შენობიდან 200 კვ.მ ფართის იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულება. საქართველოს პარლამენტის ზემოაღნიშნული დადგენილების თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს დაევალათ, უზრუნველყონ სანოტარო ბიუროებისათვის იმ სადგომთა იჯარით გაცემა, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლის დროისათვის უკავიათ სახელმწიფო სანოტარო კანტორებს. მოსარჩელეთა მითითებით, დადგენილების გამოცემის მომენტისათვის ისინი უკვე განთავსებული იყვნენ ... მდებარე შენობაში, რომელიც მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენს და შენობის მესამე სართული დღემდე არავისზეა გაცემული, ხოლო შენობის მეორე სართულიდან 420 კვ.მ ფართი გადაცემული აქვს მწერალთა კავშირის მთარგმნელობით საგამომცემლო ცენტრ “ხ.-ს”. მოსარჩელეთა მითითებით, საქართველოს პარლამენტის 1996წ. 3 მაისის დადგენილების საფუძველზე, განცხადებით მიმართეს თბილისის მერიას, სადაც მომზადდა კიდეც ... მდებარე შენობიდან 200 კვ.მ-ის მათთვის იჯარით გადაცემის შესახებ დადგენილების პროექტი, მაგრამ მერია ორი წელია, თავს არიდებს დადგენილების მიღებას. თბილისის მერიის უმოქმედობით მოსარჩელეებს ადგებათ პირდაპირი და უშუალო ზიანი. იძულებული არიან გადაიხადონ სოლიდური საიჯარო ქირა. ამიტომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის 1996წ. 3 მაისის დადგენილების საფუძველზე, მოითხოვენ ... განთავსებული შენობის მე-3 სართულიდან 200 კვ.მ-ის იჯარით მათთვის გამოყოფასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულებას.
მოწინააღმდეგე მხარემ, ქ. თბილისის მერიამ, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. სარჩელი არ ცნო ასევე საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა საგამომცემლო ცენტრმა “ხ.-ი”.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით თბილისის ნოტარიუსების სარჩელი დაკმაყოფილდა და თბილისის მერიას დაევალა მის მიერ შემუშავებული და დადგენილების პროექტის სახით არსებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემა თბილისში, ... მდებარე შენობის მე-2 სართულიდან 200 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობის მოსარჩელეთათვის იჯარით გადაცემის შესახებ, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა საგამომცემლო ცენტრ “ხ.-ის” და თბილისის მერიის მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნოტარიუსებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი. საქმის მასალებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ... მოსარჩელეთა განთავსება არ მომხდარა თბილისის მერიის გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის მერიას არც რაიმე აქტი გამოუცია ამის თაობაზე და არც ხელშეკრულება გაუფორმებია მოსარჩელეებთან, არამედ მოსარჩელეები თავიდანვე სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ საგამომცემლო ცენტრ “ხ.-თან” და მას უხდიდნენ იჯარის ქირას. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მითითება, რომ ... მათი განთავსება მოხდა თბილისის მერის ზეპირსიტყვიერი თანხმობით, რადგან იმჟამად მოქმედი “იჯარის შესახებ” კანონის მე-5 მუხლი მოითხოვდა წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებას.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ ... მდებარე შენობა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991წ. 19 ივნისის ¹521-გ განკარგულებით ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა საქართველოს მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმანის საკოორდინაციო-საგამომცემლო ცენტრს. 1996წ. 28 მარტისა და 2003წ. 8 იანვრის ტექპასპორტების მიხედვით საგამომცემლო ცენტრ “ხ.-ზე” აღრიცხულია ... მდებარე შენობის მე-2-3 სართულები სარდაფით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ... მდებარე შენობის მე-2 სართული, რ.-ის იჯარით გადაცემასაც ითხოვენ მოსარჩელეები, აღრიცხულია “ხ.-ის” ბალანსზე და “ხ.-ის” თანხმობის გარეშე სადავო ფართზე იჯარის ხელშეკრულების დადება ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის პირველ ნაწილს.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, სადავო ფართის იჯარით გადაცემის შესახებ მოსარჩელეთა მოთხოვნა არ შეესაბამება “ნოტარიატის შესახებ” კანონის თაობაზე პარლამენტის 1996წ. 3 მაისის დადგენილებას, რადგან დადგენილება ისეთი ფართის იჯარით გადაცემის შესაძლებლობას იძლეოდა, რომელიც სახელმწიფო სანოტარო კანტორებს ეკავათ სახელმწიფო ორგანოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, სადავო 200 კვ.მ მოსარჩელეებს არ ეკავათ “ნოტარიატის შესახებ” კანონის ამოქმედების დროისათვის. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ნ. ს.-ი 1999წ. 28 ივლისიდან აღარ არის მოქმედი ნოტარიუსი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ თბილისის მერიის მიერ ფართის იჯარით გადაცემაზე პროექტის შემუშავებით მოსარჩელეებს წარმოეშვათ კანონიერი ნდობის უფლება, რადგან თბილისის მერიის მიერ მოსარჩელეებთან საიჯარო ხელშეკრულების დადება გამომცემლობა “ხ.-ის” თანხმობის გარეშე ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს და მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება არ შეიძლება გახდეს კანონიერი ნდობის საფუძველი.
თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეთა მიერ, რომლებიც სარჩელში აღნიშნული მოტივით მოითხოვენ მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სარჩელის დაკმაყოფილებას, კერძოდ, კასატორები სადავოდ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას და მიუთითებენ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. კასატორები აღნიშნავენ, რომ გამომცემლობა “ხ.-ს” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991წ. ¹521-გ განკარგულებით გადაეცა ... მდებარე შენობის ნაწილი, 420 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, შენობის მთლიანი ფართი კი შეადგენს 800 კვ.მ, რაც სახელმწიფო საკუთრებაა და თბილისის მერია, საქართველოს პარლამენტის 1996წ. 3 მაისის დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად, (ამჟამად, პუნქტი მე-5) ვალდებულია დადოს მათთან იჯარის ხელშეკრულება.
მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნეს, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორები სასამართლოში აღძრული სარჩელით, “ნოტარიატის შესახებ” კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1996წ. 3 მაისის დადგენილების მე-6 პუნქტის (ამჟამად მე-5 პუნქტის) საფუძველზე, მოითხოვენ თბილისის მერიის მიერ ადმინისტრაციული გარიგების, იჯარის ხელშეკრულების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, კერძოდ, ... მდებარე არასაცხოვრებელი 200 კვ.მ ფართის იჯარით გადაცემას, რაც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს მიერ, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო არასაცხოვრებელი ფართი წარმოადგენდა საგამომცემლო ცენტრ “ხ.-ის” მართლზომიერ მფლობელობას და მისი თანხმობის გარეშე ფართის კასატორებისათვის იჯარით გადაცემა გამოიწვევდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის დარღვევას, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.
საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორების მიერ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით წარმოდგენილ დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებიდან. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ცნო, რომ კასატორების მიერ მოთხოვნილი, თბილისში, ... მდებარე მთლიანი არასაცხოვრებელი ფართი ბალანსიდან ბალანსზე გადაცემული ჰქონდა გამომცემლობა “ხ.-ს”, რაც უსაფუძვლოა, რადგან საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991წ. 19 ივნისის ¹521-გ განკარგულების მე-2 პუნქტში, მართალია, მითითებულია, რომ საქართველოს მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმანის საკოორდინაციო-საგამომცემლო ცენტრს გადაეცა ... მდებარე შენობა, მაგრამ ფაქტობრივად საგამომცემლო ცენტრს ¹521-გ განკარგულების საფუძველზე გადაეცა არასაცხოვრებელი 420 კვ.მ, რაზეც 1993წ. 28 აგვისტოს თბილისის მერიის არასაცხოვრებელი ფართობის აღრიცხვა-განაწილების სამმართველოს მიერ გაიცა არასაცხოვრებელი ფართობის სარეგისტრაციო მოწმობა ¹.... თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2003წ. ¹12-921 ცნობის მიხედვით, ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართი სულ შეადგენს 812,63 კვ.მ-ს. საქმეში ასევე წარმოდგენილია ... მდებარე ფართის ტექპასპორტი, სადაც მითითებულია, რომ არასაცხოვრებელი ფართი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და განთავსებულია საგამომცემლო ცენტრი, მაგრამ ცენტრის განთავსების სამართლებრივი საფუძველი და კონკრეტული ფართი მითითებული არ არის.
ვინაიდან წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991წ. ¹521-გ განკარგულების საფუძველზე, საგამომცემლო ცენტრ “ხ.-ისათვის” 420 კვ.მ ფართის გადაცემის ფაქტი და დანარჩენი 392 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი მტკიცებულება “ხ.-ს” წარმოდგენილი არა აქვს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, არასრულყოფილად გამოიკვლია საქმის მასალები და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან. ამიტომ სააპელაციო პალატამ საქმის ხელახალი არსებითი განხილვისას ... დანარჩენი არასაცხოვრებელი ფართის “ხ.-ის” მიერ მართლზომიერ მფლობელობასთან დაკავშირებით დამატებით უნდა მოიპოვოს შესაბამისი მტკიცებულებები და ყოველმხრივ, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, თანახმად სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.
რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება საგამომცემლო ცენტრ “ხ.-ის” მიერ ... მდებარე მთლიანი არასაცხოვრებელი ფართის მართლზომიერი ფლობის ფაქტი, საკასაციო პალატა შესაბამისად არ იზიარებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლზე სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული გარიგება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის კანონიერ უფლებას ან აკისრებს რაიმე ვალდებულებებს, ძალაში შედის მხოლოდ მესამე პირის წერილობითი თანხმობის შემდეგ. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის აზრით, 67-ე მუხლის თანახმად, სადავო ფართზე იჯარის ხელშეკრულების დადებისათვის მესამე პირის, საგამომცემლო ცენტრ “ხ.-ის” წერილობითი თანხმობა საჭირო იქნება მას შემდეგ, რაც დადასტურდება ... მდებარე დანარჩენ არასაცხოვრებელ ფართზე “ხ.-ის” მართლზომიერი მფლობელობა.
საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, კერძოდ, განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს, თბილისის მერიის დავალდებულება, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი კასატორებთან ადმინისტრაციული გარიგების, არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გადაცემაზე ხელშეკრულების დადებაზე, ანუ კასატორები ითხოვენ ადმინისტრაციული გარიგების დადების დავალდებულებას, რაც ერთი შეხედვით ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართალურთიერთობაში აღიარებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს. ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი და ადმინისტრაციული გარიგებების დადებისას გამოიყენება სკ-ის ნორმები, ბუნებრივია, მოქმედებს ნების ავტონომიისა და სკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რომელიც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ანუ კონტრაჰენტის არჩევანის შესაძლებლობას, პირადად დადოს ან არ დადოს ხელშეკრულება კონკრეტულ პირთან და ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალ განსაზღვრას, ე.ი. მხარეთა შესაძლებლობას დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა პირობაზე, მაგრამ სამოქალაქო ურთიერთობა ასევე ითვალისწინებს ე.წ. კონტრაჰირების იძულების პრინციპს, რომლის თანახმადაც, პირი (მაგ. ბაზარზე გაბატონებული მდგომარეობის მქონე) ვალდებულია დადოს ხელშეკრულება და მისი მიზანია იმ პირთა დაცვა, რომელთა კანონიერი უფლებებიც შეიძლება შეილახოს ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის მქონე საწარმოების ზეგავლენით ან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმით.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ დავის ხელახლა არსებითი განხილვისას უნდა იმსჯელოს კერძო-სამართალურთიერთობებში აღიარებულ ზემოაღნიშნულ პრინციპებზე, ვინაიდან იჯარის ხელშეკრულების დადების შესახებ კასატორთა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია “ნოტარიატის შესახებ” კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1996წ. 3 მაისის დადგენილების მე-6 პუნქტი (ამჟამად პუნქტი მე-5), რომლითაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს დაევალათ სანოტარო ბიუროებისათვის იმ სადგომის იჯარით გადაცემის უზრუნველყოფა, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლის დროისათვის ეკავათ სახელმწიფო სანოტარო კანტორებს. საქართველოს პარლამენტის დადგენილება კი, “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-4-5 მუხლების თანახმად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია და ყველასათვის სავალდებულოა შესასრულებლად.
საქართველოს პარლამენტის ზემოაღნიშნული დადგენილებით ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს დაევალათ სახელმწიფო სანოტარო ბიუროებისათვის იმ სადგომის იჯარით გადაცემა, რომელიც ბიუროებს კანონის ამოქმედების დროისათვის ეკავათ. ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატამ უნდა გამოარკვიოს, კანონის ამოქმედების მომენტისათვის სად მდებარეობდა სახელმწიფო სანოტარო კანტორა, სადაც კასატორები მუშაობდნენ, იმ დროისათვის ისინი მართლა იყვნენ თუ არა განთავსებული ... სადავო ფართში, რა საფუძვლით იყვნენ განთავსებულნი და რამდენი კვ.მ ეკავათ, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის სამართლებრივად სწორად გადაწყვეტისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს აზრით, საკასაციო საჩივარი საფუძვლინია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რადგან საჭიროა დამატებითი მტკიცებულებების გამოკვლევა და ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. ა.-ის, ე. შ.-ის, ლ. გ.-ის, ნ. ს.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.