Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/215-01 11 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე, მ. ახალაძე

სარჩელის საგანი – სადავო ბინიდან რეალური წილის გამოყოფა; სადავო ბინაში შესახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ბორჯომის რაიონის სახალხო სასამართლოს 1989 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. გ-ძის სარჩელი და იგი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, საერთო სარგებლობის უფლებით, შესახლებულ იქნა ქ. ბორჯომში, ... მდებარე სახლში მოპასუხეებთან _ ლ., ილ. და ირ. ბ-ძეებთან ერთად. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

ბორჯომის რაიონის სასამართლომ 1993 წლის 7 სექტემბერს განიხილა ზემოთ აღნიშნული ბინის ძირითადი დამქირავებლის _ ილ. ბ-ძის სარჩელი მოპასუხე ნ. გ-ძის მიმართ, სადავო ბინის პრივატიზაციის შესახებ და სარჩელი დაკმაყოფილდა შემდეგნაირად: ... მდებარე 61 კვ.მ. ფართი ბინის, თანასაკუთრებით წილთა განსაზღვრის გარეშე, პრივატიზაციაზე ნებართვა მიეცათ ილ. ბ-ძეს, მის მეუღლე ლ. ბ-ძეს, შვილებს: ირ. და რ. ბ-ძეებს, რძალ ნ. გ-ძეს და შვილიშვილებს _ ე. ბ-ძეს, ა. ბ-ძეს.

გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

1994 წლის მაისში ილ. ბ-ძემ სარჩელი აღძრა ბორჯომის რაიონის სასამართლოში მოპასუხე ნ. გ-ძის მიმართ და მოითხოვა სადავო ბინიდან რეალური წილის გამოყოფა.

აღნიშნული საქმე რამდენჯერმე იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მიერ და ბოლოს ბორჯომის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საქმე დარჩა განუხილველად მოსარჩელე მხარის განმეორებით, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო.

2000 წლის 11 იანვარს ილ., ლ., რ. და ირ. ბ-ძეებმა სარჩელი განმეორებით შეიტანეს ბორჯომის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ნ. გ-ძის მიმართ და მოითხოვეს აღნიშნული ბინიდან რეალური წილის (4/7) გამოყოფა.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელეები ვერ ცხოვრობდნენ სადავო ბინაში, რადგანაც იგი დასაკუთრებული ჰქონდა მოპასუხეს. მოსარჩელეებმა სარჩელში რეალური წილის გამოყოფასთან ერთად მოითხოვეს ბინაში შესახლებაც.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ, ქ. ბორჯომში, ... მდებარე სადავო ბინა გაიყო ორ იზოლირებულ ნაწილად, რომლიდანაც მოსარჩელეებს გამოეყოთ სადავო ბინის 4/7 ნაწილი, ხოლო მოპასუხეს არასრულწლოვან შვილებთან ერთად გამოეყო ბინის 3/7 ნაწილი შემდეგნაირად:

მოსარჩელეებს მიეკუთვნათ სადავო ბინის ¹ 1 და ¹ 3 ოთახები; ¹ 1 და ¹ 1 ოთახებს შორის არსებული ტიხარი გადატანილი უნდა ყოფილიყო ისე, რომ ¹ 1 ოთახის სიგანე გამხდარიყო 3,30 მ., ხოლო ¹ 1 ოთახის სიგანე _ 2,60 მ. გამყოფი ყრუ ტიხრის სისქედ დადგენილ იქნა 0,15 მ. ბინაში შესასვლელი კარების ღიობი უნდა გაკეთებულიყო სადარბაზოდან უსაფრთხოების წესების დაცვით. შესასვლელი დერეფნის გაკეთება უნდა მომხდარიყო სამზარეულოსა და ტუალეტის სიგრძის შემცირების ხარჯზე. ¹ 3 ოთახიდან ¹ 4 სათავსოში გამავალი კარის ღიობი უნდა ამოქოლილიყო, ხოლო ¹3 ოთახში შესასვლელი კარის ღიობი გაკეთებულიყო სადარბაზოდან შესასვლელი კარების მოპირდაპირე კედელზე. ტუალეტის ოთახის სიგანედ განისაზღვრა 0,95 მ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოპასუხე ნ. გ-ძესა და მის არასრულწლოვან შვილებს გამოეყოთ სადავო ბინის ¹ 1 და ¹ 2 ოთახები; ¹ 4 სათავსოში უნდა მოწყობილიყო სამზარეულო შემინული კარით. ტუალეტის ოთახის სიგანედ განისაზღვრა 0,96 მ. დადგინდა ¹ 1 ოთახში ¹ 4 სათავსოდან შემავალი კარის ღიობის ამოქოლვა. ¹ 2 ოთახში შესასვლელი უნდა გაკეთებულიყო დერეფნის მხრიდან, ხოლო სამზარეულოდან ¹ 4 სათავსოში გამავალი კარის ღიობი უნდა ამოქოლილიყო.

ბინის გადაკეთების ხარჯები დაეკისრათ მხარეებს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმყოფილდა ნ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.

საკასაციო საჩივარში კასატორი ნ. გ-ძე მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმავე სასამართლოში იმ საფუძვლით, რომ ექსპერტთა დასკვნა, რომელსაც დაეყრდნო ბორჯომის რაიონული სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას, მიღებულია 1994 წლის 5 აპრილს და იგი არასრულყოფილია, ვინაიდან ხელმოწერების მიუხედავად, თავად ექსპერტთა შორის იყო აზრთა სხვადასხვაობა და სამიდან ორი ექსპერტი არ ეთანხმებოდა დასკვნას.

კასატორი ითხოვს სააპელაციო ინსტანციაში საქმის დაბრუნებას, რათა სააპელაციო სასამართლომ დანიშნოს განმეორებითი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

გარდა ამისა, კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ წილთა განსაზღვრისას, არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1157-ე მუხლი და უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის 1-ლი, მე-4 ნაწილები, 1170-ე და 1158-ე მუხლები, რის გამოც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტები.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

დადგენილია, რომ ქ. ბორჯომში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა ეკუთვნოდა ყოფილი ამიერკავკასიის რკინიგზის ხაშურის განყოფილებას. ბინის დამქირავებელი იყო მოსარჩელე ილ. ბ-ძე. კასატორი ნ. გ-ძე 1986 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაშია მოსარჩელის ილ. ბ-ძის შვილთან რ. ბ-ძესთან, რომლებიც შემდგომში დაშორდნენ და ერთად აღარ ცხოვრობენ, მაგრამ მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყვეტილი არ არის.

ბორჯომის რაიონის სასამართლოს 1989 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით კასატორი ნ. გ-ძე, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, შესახლებულ იქნა სადავო ბინაში სარგებლობის უფლებით.

1994 წლის 31 იანვარს ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და ბორჯომის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, სადავო ბინა წილთა განსაზღვრის გარეშე საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელეების ილ., ლ., რ., ირ. ბ-ძეების, კასატორ ნ. გ-ძის, ა. და ე. ბ-ძეების სახელზე.

სასამართლო გადაწყვეტილებით 4/7 ნაწილი ნატურით გამოეყო მოსარჩელეებს ლ., ილ., ირ. და რ. ბ-ძეებს, ხოლო 3/7 ნაწილი კასატორ ნ. გ-ძეს შვილებთან ერთად. გადაწყვეტილებით გარკვეული არ არის სადავო ბინის რა ფართობს შეადგენს 4/7 ნაწილი და 3/7 ნაწილი, მხარეებს მიეკუთვნა ოთახები მხოლოდ ოთახების ნომრების მითითებით. ამასთან, არც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში და არც სააპელაციო პალატის განჩინებაში მითითებული არ არის კანონის ის ნორმა რომელზე დაყრდნობითაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და მისი კანონიერების შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს სადავო ბინის საერთო და საცხოვრებელი ფართობი, თითოეული მესაკუთრის წილის მიხედვით კუთვნილი ფართობი, უნდა გაარკვიოს ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია თუ არა სადავო ბინის მხარეთა შორის საკუთრების წილის მიხედვით განაწილება ისე, რომ ბინამ არ დაკარგოს დანიშნულება საცხოვრებლად გამოყენების თვალსაზრისით, რადგანაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება შეიძლება გაუქმდეს ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.