გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/216-01 23 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, ბ. კობერიძე
დავის საგანი: ბინაზე მესაკუთრედ ცნობისა და მინდობილობის ბათილობის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ქ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისში ... მდებარე სახლის ნახევრის მესაკუთრედ ცნობა და ასევე შ. ხ-შვილზე გაცემული მინდობილობის ბათილობა შემდეგი საფუძვლით: 1979 წელს აწ გარდაცვლილი შ. ჯ-ევისაგან, როგორც მესაკუთრისაგან იყიდა აღნიშნული სახლის ნახევარი, რაშიც გადაიხადა 12000 საბჭოთა მანეთი. მას შემდეგ ჩაეწერა ოჯახით და ცხოვრობდნენ სადავო სახლში. 1999 წლიდან ოჯახური პირობების გამო იმყოფებოდა ოჯახით სოფელში. 2000 წლის იანვარში ჩამოვიდა თბილისში და სახლში როცა მივიდა უცხო ხალხმა აღარ შეუშვეს, განუცხადეს, რომ მათ ბინა ნაყიდი ჰქონდათ შ. ჯ-ევის შვილისაგან ზ. ჯ-ევისაგან. მოსარჩელე ითხოვს: ვინაიდან მან შინაურული ხელწერილით იყიდა ბინა 1979 წელს “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი უპრთიერთობების შესახებ” კანონის მეორე მუხლის საფუძველზე ცნობილი იქნეს ბინის მესაკუთრედ და გაუქმდეს ზ. ჯ-ევისაგან ხ-შვილზე მიცემული მინდობილობა მისი ქონების განკარგვის შესახებ, რადგან სადავო ბინა მის ქონებას არ წარმოადგენს.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ქ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები სადავო ფართში ჩაწერილები არიან 1979 წლიდან, მაგრამ თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით ისინი მოხსნილი იქნენ რეგისტრაციიდან და გამოსახლებული იქნენ სადავო ფართიდან. შინაურული ხელწერილი სახლის ნასყიდობის შესახებ რომელიც მოსარჩელე მიიჩნევს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი. სასამართლოზე დაკითხული მოწმეები კი ზუსტად ვერ ასახელებენ თუ როდის და რა ფარსში შეიძინეს ქ-შვილებმა სახლი.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ-შვილმა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაოკტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 10 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პლატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ქ-შვილმა, რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სადავო სახლი 1979 წელს შეიძინა მოპასუხე ზ. ჯ-ევას მეუღლის შ. ჯ-ევისაგან. ნასყიდობის შესახებ ქონდათ შინაურული ხელშეკრულება რომელიც დაიკარგა. ბინა ნამდვილად ნაყიდი აქვს და იგი უნდა იქნეს მესაკუთრედ ცნობილი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის თანახმად. გარდა ამისა 1999 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა სახლის მეორე ნახევრის მესაკუთრე შ. ჯ-ევი მისმა შვილმა ზ. ჯ-ევმა მინდობილობის საფუძველზე მოახდინა მთლიანი ქონების გასხვისება შ. ხ-შვილზე, რის უფლებაც მას არ ქონდა სამოქალაქო კოდექსის 1430-ე და 1453-ე მუხლების შესაბამისად.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს კანონის “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” მე-2 მუხლის I პუნქტის თანახმად, “თუ მხარეებს შორის ურთიერთობა მოწესრიგებულია წერილობითი დოკუმენტით, რომელიც აღიარებს მათ შორის საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას, მაგრამ მისი ფორმა არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს შემძენი ცნობილი უნდა იქნეს მესაკუთრედ” მოცემული კანონის აუცილებელი პირობა მხარეებს შორის წერილობითი დოკუმენტის არსებობაა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოში ვერ წარმოადიგანა წერილობითი დოკუმენტი სახლის ნასყიდობის შესახებ, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი სახლის მესაკუთრედ ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. რაც შეეხება ზ. ჯ-ევის მიერ ხ-შვილზე გაცემული მინდობილობას, რომლის გაუქმებასაც მოთხოვდა მოსარჩელე, ასევე, სწორად უთხრა უარი სააპელაციო სასამართლომ, რადგან საქმეში არ არსებობს მინდობილობის გაუქმების არავითარი საფუძველი, ხოლო კასატორის მოსაზრებას, რომ სადავო სახლი არ წარმოადგენს ზ. ჯ-ევის საკუთრებას და მას არ შეეძლო მინდობილობის გაცემა, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან მინდობილობა გაცემულია ზ. ჯ-ევის ქონებაზე და არა სადავო სახლზე. სადავო სახლი ჯერ კიდევ აწ გარდაცვლილი შ. ჯ-ევის სახელზე ირიცხება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლითYდა
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 10 ნოემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.