საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №441აპ-25 24 ოქტომბერი, 2025 წელი
ჯ. მ., №441აპ-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ჯ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – რ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ჯ-ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2023 წლის 25 ივლისს, 12:16 საათიდან 14:00 საათამდე, ქ.თ-ში, გ. რ-ის გამზირის №--ში მდებარე თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მ. ჯ-ის მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, განაჩენის გამოცხადების მიმდინარეობისას, მან პროცესის მონაწილეთა თანდასწრებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლე ე. კ-ს, რაც გამოიხატა აგრესიული, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი მიმართვით უშუალოდ მოსამართლის მიმართ. მოსამართლის შეურაცხყოფით მ. ჯ-მა ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა. მ. ჯ-ის ქმედების შედეგად, ე. კ-ს მიადგა მორალური ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენით მ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელიდან ნაწილს – 6 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა წინა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 10 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ჯ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო მიქავამ მოითხოვა მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ხოლო მსჯავრდებულმა მ. ჯ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – რ. ა-ემ მოითხოვეს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
მ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა 1/6-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 10 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ჯ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 1 თვით. სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა 2024 წლის 11 დეკემბრიდან.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ჯ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – რ. ა-ემ. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდება.
3.3. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა/მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. დაცვის მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარებისა და მონანიების, მისი პიროვნების (არის კანონმორჩილი მოქალაქე, არაერთი ჯილდოსა და პრიზის მფლობელი), ოჯახური მდგომარეობისა (ჰყავს სამი შვილი) და დანაშაულის ჩადენის გარემოებების (მოსამართლის შეურაცხყოფა უკავშირდებოდა არა ბოროტი განზრახვით ჩადენილ მიზანმიმართულ ქმედებას, არამედ – განაჩენის გამოცხადებისას მის ემოციურ მდგომარეობას) გათვალისწინებით, მისთვის შეფარდებული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით (ამნისტიის შედეგად – 1 წლითა და 3 თვით) თავისუფლების აღკვეთა არის უსამართლო. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, დაუშვებელია მსგავსი ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, მით უფრო, თითქმის მაქსიმალური ვადით და მაშინ, როდესაც სხვა საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ადვოკატი სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით უფრო ეფექტიან სასჯელად განიხილავს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მ. ჯ-ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, თუმცა, დავის საგანს წარმოადგენს მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელის სამართლიანობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მოხმობილი არგუმენტების კვალდაკვალ შეაფასებს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობასა და დანიშნული სასჯელის სამართლიანობას.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას მსჯავრდებულ მ. ჯ-ისათვის დანიშნული სასჯელის უსამართლობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.4. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო, მათ შორის, ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია სასამართლო ხელისუფლების (როგორც ინსტიტუტის, ისე ინდივიდუალური მოსამართლის) ავტორიტეტი/რეპუტაცია და მისდამი საზოგადოების ნდობის შენარჩუნება, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, აგრეთვე, მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად და ჯეროვნად განხორციელება.
5.6. „სასამართლო ინსტიტუტის ავტორიტეტი და, შესაბამისად, სასამართლოსადმი საზოგადოებრივი ნდობა მისი წარმატებული ფუნქციონირების ერთ-ერთი წინაპირობაა. ამგვარი ნდობის გარეშე სასამართლო სისტემა, როგორც სამართლიანობის გარანტი, სრულყოფილად ვერ განახორციელებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას. მეორე მხრივ, მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად და ჯეროვნად განხორციელება არის ის სიკეთე, რომელიც სასამართლო სისტემას სიცოცხლისუნარიანობას ანიჭებს… სადავო არ არის ის ფაქტი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს დემოკრატიულ საზოგადოებაში, მოსამართლე კი წარმოადგენს ამ ინსტიტუციის განუყოფელ ნაწილს, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის უზრუნველსაყოფად, საკუთარი მანტიის ფარგლებში ემსახურება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად განხორციელებასა და სასამართლოსადმი ხალხის ნდობის შენარჩუნებას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის №1/4/1394 გადაწყვეტილება საქმეზე „ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27).
5.7. ამასთან, „საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებად დასახელებულია, მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სასამართლოს დამოუკიდებლობის კონსტიტუციური პრინციპი გულისხმობს, რომ სასამართლოს უნდა ჰქონდეს მართლმსაჯულების ყოველივე გარეშე ზემოქმედებისგან დამოუკიდებლად განხორციელების რეალური შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით, ნებისმიერი გაუმართლებელი თავდასხმა სასამართლოსა და ინდივიდუალურ მოსამართლეებზე შეუსაბამო იქნებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის კონსტიტუციურ გარანტიასთან. დამოუკიდებელი სასამართლო, თავის მხრივ, სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის №1/4/1394 გადაწყვეტილება საქმეზე „ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26).
5.8. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შედეგად ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეთა აღმატებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, ზოგადად, მსგავსი ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდების დაუშვებლობის შესახებ. ამასთან, მოსამართლის შეურაცხყოფით გამოხატული სასამართლოს უპატივცემულობა შესაძლოა, გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმითა და შინაარსით, რაც ცხადია, გაითვალისწინება სასჯელის შეფარდებისას. შესაბამისად, ხსენებული მუხლის/მუხლის ნაწილის სანქციით გათვალისწინებულ სასჯელთაგან პროპორციული სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს კონკრეტული საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს, მათ შორის, სასამართლოს მიმართ გამოხატული შეურაცხყოფის ფორმას, მის შინაარსს, სიმძიმეს, შეურაცხყოფის გამოხატვის ვითარებასა და გარემოებებს. განსახილველ შემთხვევაში, მ. ჯ-მა განაჩენის გამოცხადებისას, პროცესის მონაწილეთა თანდასწრებით, აგრესიული ქცევით (იწევს მოსამართლისაკენ და ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიოს ესკორტის თანამშრომლებს), სიტყვიერად მძიმედ შეურაცხყო მოსამართლე, რასაც დაცვის მხარეც არ უარყოფს. ამდენად, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათის, სიმძიმის, მისი განხორციელების სახისა და ხერხის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დანაშაულის ჩადენის ვითარებისა და გარემოებების, პირის წარსული ცხოვრების (დანაშაულთა ერთობლიობით ნასამართლობის) გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს თანაზომიერად მიაჩნია მისთვის შეფარდებული სასჯელის სახე – თავისუფლების აღკვეთა.
5.9. რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთის ვადას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დანაშაულის ჩადენის დროისათვის – 2023 წლის 25 ივლისს, მ. ჯ-ი ნასამართლევი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის (რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განაჩენით, ხოლო ეს უკანასკნელი შეიცვალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განაჩენით და მ. ჯ-ი საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებთან ერთად, ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის). ამდენად, საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროისთვის (2023 წლის 25 ივლისი), მსჯავრდებულის ნასამართლობამ შექმნა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენების საფუძველი, რომლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე, რეციდივის გათვალისწინებით, მ. ჯ-ისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ზომა – 1 წელი და 6 თვე – წარმოადგენს მინიმალურ სასჯელს. ამასთან, დანაშაულთა ერთობლიობით ნასამართლობის ფაქტი აქარწყლებს კასატორის არგუმენტს მსჯავრდებულის კანონმორჩილების შესახებ.
5.10. გარდა ზემოაღნიშნულისა, გასათვალისწინებელია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაუმატა წინა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რის შედეგადაც, განაჩენთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთის საბოლოო ვადა წინა განაჩენით დანიშნულ სასჯელთან შედარებით გაიზარდა 6 თვით (ხოლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებით – 3 თვით). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მსჯავრდებულისთვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, ხასიათის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად აკმაყოფილებს სასჯელის სამართლიანობისა და პროპორციულობის მოთხოვნას.
5.11. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში სასჯელის შემამსუბუქებლად მითითებულ ისეთ გარემოებებს, როგორებიცაა მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა და პროფესიული მიღწევები, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სასჯელის სახისა და ზომის შერჩევისას ერთობლივად აფასებს საქმეში არსებულ დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები ვერ გახდება მსჯავრდებულისთვის უპირატესობის მინიჭების საფუძველი და ვერ გადასწონის იმ გარემოებათა ერთობლიობას, რომელმაც განაპირობა მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. ამასთან, დანაშაულის (სასამართლოს უპატივცემულობის) ჩადენისას მსჯავრდებულის ემოციური მდგომარეობა, რაზეც აპელირებს ადვოკატი, არ შეიძლება გახდეს სასჯელის შემსუბუქების საფუძველი, რადგან კანონი კრძალავს სასამართლოს უპატივცემულობას პირის ემოციური მდგომარეობის მიუხედავად. უფრო მეტიც, ხსენებული დანაშაულის ჩადენა, როგორც წესი, სწორედ პირის ემოციურ აღელვებას უკავშირდება. ამასთან, ჩადენილი დანაშაულის გარემოებებისა და ვითარების გათვალისწინებით (სასამართლოს უპატივცემულობა სასამართლო სხდომის დარბაზში, პროცესის მონაწილეთა, მათ შორის, ბრალდების მხარის თანდასწრებით), ვერც დანაშაულის აღიარებას მიენიჭება იმგვარად დიდი მნიშვნელობა, რომ გადასწონოს საქმეში არსებული სხვა გარემოებები და განაპირობოს უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა პროპორციულ თანაფარდობაშია შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებთან და ადეკვატურად ასახავს თითოეულ მათგანს.
5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად შეაფასა კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 58-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და შემდგომ, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
5.13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ჯ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – რ. ა-ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ლევან თევზაძე