გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/223-01 9 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
დავის საგანი: ძირითად სარჩელში _ გამოსახლება;
შეგებებულ სარჩელში _ თანხის გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
1994 წლის 15 ივნისს ქ. თბილისის მერიასა და შპს “.. ..” შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ქ. თბილისის მერიამ შპს “.. ..” იჯარით გადასცა ქ. თბილისში, ...ის ქ. 21 ნომერში მდებარე 2409 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობისა და კომერციული საქმიანობის წარმართვის მიზნით შპს “.. ..” და შპს “ნ-ს” შორის 1998 წლის პირველ იანვარს 1999 წლის 15 ივნისამდე ვადით დაიდო ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ.
2000 წლის 6 დეკემბერს შპს “.. ..” სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს “ნ-ის” მიმართ და მოითხოვა მის მიერ იჯარით აღებული ტერიტორიიდან მოპასუხის გამოსახლება. სარჩელის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა, რომ გავიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა, მოპასუხე ახალი ხელშეკრულების დადებაზე უარს აცხადებს და არც სადავო ტერიტორიას ანთავისუფლებს.
შპს “ნ-მა” სარჩელი არ ცნო და წარადგინა შეგებებული სარჩელი 4481 ლარის გადახდევინების შესახებ.
შპს-მ “.. ..” შეგებებული სარჩელი არ ცნო.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაინული სასამართლოს 2000 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით მხარეებს უარი ეთქვათ სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე.
შპს “.. ..” სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება შპს “.. ..ის” სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დაუსაბუთებლობის გამო გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით შპს “.. ..” უარი ეთქვა შპს “ნ-ის” გამოსახლებაზე. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ იჯარის ხელშეკრულების მე-3 პუნქტი მიწის ნაკვეთის 25 წლის ვადით გაცემის შესახებ გადასწორებულია, ხელშეკრულება დადებულია იმ პერიოდში არსებული წესისამებრ 5 წლის ვადით და ეს ვადა ამოიწურა 1999 წლის 15 ივნისს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “.. ..” არაუფლებამოსილი პირია და მას შპს “ნ-ის” გამოსახლებაზე მოთხოვნის უფლება არ გააჩნია.
შპს “.. ..” საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და სასამართლო გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის მითითებული კანონი, რომლითაც მან იხელმძღვანელა. აღნიშნულის გამო კასატორი მოითხოვს 2000 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას მის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ შპს “.. ..” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლო დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს ის მტკიცებულებანი, რომლებსაც სასამართლო დასკვნები ემყარება. ასევე, უნდა იყოს მითითება იმის შესახებ, თუ რომელი კანონის საფუძველზე მოახდინა სასამართლომ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტიური გარემოებების იურიდიული შეფასება.
მოცემულ საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ 1994 წლის 15 ივნისის ქ. თბილისის მერიასა და შპს “.. ..” შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება გადასწორებულია, ხელშეკრულება დადებულია 5 წლის ვადით, ეს ვადა ამოიწურა და შპს “.. ..” არაუფლებამოსილი პირია. აღნიშნული სასამართლო დასკვნები რომელ მტკიცებულებებს ემყარება სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული.
სასამართლო გადაწყვეტილებაში, ასევე, არ არის მითითება იმის შესახებ, თუ რომელი კანონის საფუძველზე მოახდინა სასამართლომ დადგენილი ფაქტიური გარემოებების იურიდიული შეფასება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და იგი უნდა გაუქმდეს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ იჯარის ხელშეკრულების სიყალბის დასადგენად საჭიროა დანიშნოს გრაფიკული ექსპერტიზა, დაკითხოს ხელშეკრულების ორივე მხარე, გამოიკვლიოს დღეისათვის სადავო ტერიტორია ვის კანონიერ სარგებლობაშია, ქ. თბილისის მერიასა და შპს “კ-ს” შორის გრძელდება თუ არა საიჯარო ურთიერთობა. ამ და სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ სასამართლომ აუცილებლად უნდა მისცეს ამ გარემოებებს სამართლებრივი შეფასება და უნდა მიუთითოს იმ კანონებზე, რომლებითაც იხელმძღვანელებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება ამ საქმეზე გაუქმდეს შპს “.. ..”-ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.