საქმე N 330100123007848679
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №452აპ-25 23 ოქტომბერი, 2025 წელი
გ-ა დ., №452აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილის – ნიკოლოზ დგებუაძისა და მსჯავრდებულ დ. გ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. მ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განაჩენზე,-
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. გ–ა (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 25 ივლისს, შუადღის საათებში, ქ. თ–ში მდებარე იურიდიული კომპანია „ჯ......“ ოფისში, დ. გ–ამ სამშენებლო ბიზნეს საქმიანობიდან წარმოშობილი უთანხმოების გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით, სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა ტ. გ–ეს. კერძოდ, ამ უკანასკნელს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობები მარჯვნივ მენჯ-ბარძაყის სახსრის არეში და მარცხნივ თეძოს ფრთის ზემოთ. ტ. გ–ეს დაუდგინდა მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა სწორი ნაწლავის დაზიანებით. შემთხვევის ადგილზე მყოფმა გ. ა–ემ დ. გ–ას მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის გაგრძელების აღსაკვეთად, ეს უკანასკნელი შებოჭა და გაუკავა ხელები. ამასობაში ტ. გ–ემ შეძლო შემთხვევის ადგილის დატოვება და მისი სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად.
1.3. 2023 წლის 25 ივლისამდე, დ. გ–ა მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ 7,65X17 მმ. კალიბრიან პისტოლეტს, რომლის ჩარჩოზეც იკითხება ციფრები – „...“, ხოლო ჩამკეტის გარსაცმზე წარწერა: „PIETRO BERETTA CAL 765 GARDONA V T“, დამზადებული კუსტარული წესით, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ასევე, 11 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ, 1900 წლის ნიმუშის „Browning“-ის, 7,65X17 მმ. კალიბრიან ვაზნებს, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მასრა არის ქარხნული წესით დამზადებული 1900 წლის ნიმუშის „Browning“-ის, 7,65X17 მმ. კალიბრიანი ვაზნის შემადგენელი ნაწილი, რომელიც გასროლილია 7,65 მმ კალიბრის №.... პისტოლეტში. ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ტყვია არის ქარხნული წესით დამზადებული 1900 წლის ნიმუშის „Browning“-ის, 7,65X17 მმ. კალიბრიანი ვაზნის შემადგენელი ნაწილი, რომელიც გასროლილია 7,65 მმ. კალიბრიანი №.... პისტოლეტის ლულაში.
1.4. 2023 წლის 25 ივლისს, შუადღის საათებში, ქ. თ–ში მდებარე იურიდიული კომპანია „ჯ......“ ოფისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. გ–ა მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, კერძოდ, ბალისტიკური ექსეპრტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი 7,65X17 მმ. კალიბრიანი პისტოლეტი, რომლის ჩარჩოზეც იკითხება ციფრები – „....“, ხოლო ჩამკეტის გარსაცმზე – წარწერა: „PIETRO BERETTA CAL 765 GARDONA V T“, დამზადებულია კუსტარული წესით, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 11 ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 1900 წლის ნიმუშის „Browning“-ის, 7,65X17 მმ. კალიბრიანი ვაზნა, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მასრა არის ქარხნული წესით დამზადებული, 1900 წლის ნიმუშის „Browning“-ის, 7,65X17 მმ. კალიბრიანი ვაზნის შემადგენელი ნაწილი, რომელიც გასროლილია წარმოდგენილი 7,65 მმ. კალიბრიან №.... პისტოლეტში, ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ტყვია არის ქარხნული წესით დამზადებული, 1900 წლის ნიმუშის „Browning“-ის, 7,65X17 მმ. კალიბრიანი ვაზნის შემადგენელი ნაწილი, რომელიც გასროლილია წარმოდგენილ, 7,65 მმ კალიბრიანი №.... პისტოლეტის ლულაში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 აპრილის განაჩენით:
2.2. დ. გ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. გ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. გ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – კ. მ–ემ. დაცვის მხარემ მოითხოვა დ. გ–ას გამართლება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ადვოკატმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება. ამასთან, აღნიშნა, რომ ეთანხმება დ. გ–ას მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განაჩენით, მსჯავრდებულ დ. გ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის - კ. მ–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 აპრილის განაჩენში.
3.2. დ. გ–ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
დ. გ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
დ. გ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
დ. გ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. გ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილემ – ნიკოლოზ დგებუაძემ და მსჯავრდებულ დ. გ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – კ. მ–ემ. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ. გ–ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, ხოლო დაცვის მხარემ მოითხოვა დ. გ–ას მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირება.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. პროკურორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები (დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, დანაშაულის შესახებ შეტყობინება, ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები), რომლებიც ადასტურებს დ. გ–ას მიერ ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენას. ბრალდების მხარის მტკიცებით, დ. გ–ამ სამჯერ გაისროლა ტ. გ–ის მიმართულებით და სროლის შეწყვეტა მოუწია გ. ა–ის მიერ მისი შებოჭვის გამო, თუმცა იგი კვლავ აგრესიული იყო და წინააღმდეგობას უწევდა გ. ა–ეს, რომელიც მას აკავებდა. სწორედ ამ დროს შეძლო დაზარალებულმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, თითქოს, მსჯავრდებულს არ ჰქონდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვა, უსაფუძვლოა.
4.2. ადვოკატის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი, რადგან შეფარდებული სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა არის ზედმეტად მკაცრი. სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და გულწრფელი სინანული, მისი პიროვნული მახასიათებლები – მათ შორის, ნასამართლობის არქონა, ნაკლები საზოგადოებრივი საშიშროება, დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ნივთმტკიცების წარდგენა, დანაშაულის გახსნისათვის ხელშეწყობა, ჩადენილი ქმედების შედეგად გამოუსწორებელი ზიანის არარსებობა, ქმედების არასისტემატურობა და არაორგანიზებული ხასიათი და სტაბილური კრიმინოგენული განზრახვის არარსებობა. ადვოკატი ასევე ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის ოჯახურ, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივრები, შეამოწმა მათი საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილის – ნიკოლოზ დგებუაძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განაჩენში, ხოლო მსჯავრდებულ დ. გ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. მ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს დ. გ–ას მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება. მართალია, პროკურორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, თუმცა, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი არ ეხება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მსჯავრდებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მსჯავრდების ამ ნაწილში სრულად შეესაბამება ბრალად წარდგენილ კვალიფიკაციას. შესაბამისად, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია იმის განსაზღვრა, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა თუ არა სააპელაციო სასამართლომ დ. გ–ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრადშერაცხილ ქმედებას, კერძოდ: დ. გ–ას ამოძრავებდა ტ. გ–ის მოკვლის თუ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვა, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის ფარგლებში – მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
5.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს და საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ტ. გ–ის ჩვენებით, მოწმეების – გ. ა–ისა და გ. კ–ის ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საექსპერტო სამმართველოს 2023 წლის 26 ივლისის N6---- ბალისტიკური ექსპერტიზისა და სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 8 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნებით, ექსპერტთა ჩვენებებით, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერით დასტურდება, რომ მხარეებს შორის მანამდე არსებული უთანხმოების გამო, 2023 წლის 25 ივლისს, შუადღის საათებში, ქ. თ.....ბის გზატკეცილი N--ში მდებარე იურიდიული კომპანია „ჯ......“ ოფისში, დ. გ–ა, მ. გ–ია და გ. კ–ი შეხვდნენ ტ. გ–ესა და გ. ა–ეს, რა დროსაც დ. გ–ამ, სამშენებლო ბიზნეს საქმიანობიდან წარმოშობილი უთანხმოების გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებით, სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა ტ. გ–ეს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ტ. გ–ეს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობები მარჯვნივ მენჯ-ბარძაყის სახსრის არეში და მარცხნივ თეძოს ფრთის ზემოთ. მას, დაუდგინდა მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა სწორი ნაწლავის გავლით და მისი სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად.
5.4. მტკიცებულებებით დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე, ამდენად ამ მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს დ. გ–ას სუბიექტური დამოკიდებულების – მისი განზრახვის დადგენა.
5.5. უზენაესი სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის №142აპ-13 განაჩენი).
5.6. ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნების კომპონენტები. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენი; 2024 წლის 4 ივლისის №152აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 4 ივლისის №152აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 21 ოქტომბრის №1118აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 29 ნოემბრის №820აპ-24 განაჩენი).
5.7. უზენაესი სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას, შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის №680აპ-17 განაჩენი).
5.8. ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისათვის, თანაბრად მნიშვნელოვანია ქმედების, როგორც ობიექტური, ისე – სუბიექტური შემადგენლობის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით დადგენა, რაც გულისხმობს იმას, რომ გარდა დაზარალებულისათვის კონკრეტულ ლოკაციაზე დაზიანების მიყენებისა, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის შექმნისა, უნდა იკვეთებოდეს უშუალოდ პირის მოკვლის განზრახვის ფაქტიც (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ოქტომბრის №1118აპ-24 განაჩენი).
5.9. სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ დ. გ–ას ტ. გ–ეზე თავდასხმისას, არ ჰქონია მისი მოკვლის განზრახვა და იგი მოქმედებდა ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვით, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებს, რომლებიც აღადგენს შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის დაზიანებების მიყენების მომენტსა და დაზიანებების მიყენების შემდგომ მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ მოქმედებებს, რასაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ნიშნის – განზრახვის დასადგენად.
5.10. დაზარალებულ ტ. გ–ის ჩვენებით, 2023 წლის 25 ივლისს, შეთანხმებისამებრ, გ. ა–ესთან ერთად მივიდა იურიდიული კომპანია „ჯ......“ ოფისში, სადაც დახვდა მ. გ–ია, შვილ – დ. გ–ასა და ადვოკატ გ. კ–თან ერთად. საუბრისას, გარკვეულ მომენტში, მათ შორის დაიძაბა საუბარი. მ. გ–ია წამოდგა ფეხზე და შეიგინა, რაზეც გ. ა–ემ მოუწოდა კორექტულად ესაუბრა. ამ დროს დ. გ–ამ უკანა მხრიდან მუხლებზე გადმოიტანა პატარა ზომის ცისფერი ჩანთა. ტ. გ–ეც წამოდგა ფეხზე და შეგინებითვე უპასუხა მ. გ–იას. სწორედ ამ დროს დ. გ–ამ ჩანთიდან ამოიღო იარაღი, გადატენა და დამიზნებით ესროლა მას. გასროლილი ტყვია მოხვდა წელში, ტყვიამ გაიარა ნაწლავი და კუდუსუნში გაჩერდა. ამ დროს იგრძნო თავბრუსხვევა და წვა. ხელი მიიჭირა ჭრილობაზე, წაბორძიკდა, მ. გ–იას სკამს შეეჯახა და დავარდა მ. გ–იასა და დ. გ–ას სკამებს შორის. სროლის მომენტში, დაახლოებით, 2-3 მეტრი იქნებოდა მასსა და დ. გ–ას შორის. დ. გ–ამ მეორედ უკვე წაქცეულს ესროლა, რომელიც მოხვდა მენჯში. რაღაც მომენტში დაინახა, რომ გ. ა–ეს შებოჭილი ჰყავდა დ. გ–ა. ვინ რას აკეთებდა, კონრკეტულად, არ ახსოვს. მან როგორღაც მოახერხა კოჭლობით და ბორძიკით, კედელ-კედელ ეზოში ჩასვლა, ჩამოჯდა და წაიქცა. ეზოში წაქცეულ დაზარალებულს მ. და დ. გ–ებმა ჩაუარეს, მასთან არცერთი მისულა.
5.11. მოწმე გ. ა–ემ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც შეხვედრისას საუბარი დაძაბულად წარიმართა, დ. გ–ამ გადაკიდებული ჩანთა წინ გადმოიტანა, ჩაყო შიგნით ხელი და ამოიღო წინასწარ გამზადებული იარაღი. იარაღის დანახვაზე ისიც და ტ. გ–ეც წამოდგნენ. ტ. გ–ე მაგიდის ერთი მხრიდან წავიდა, თავად კი – მეორე მხრიდან გაემართა, დ. გ–ას შესაჩერებლად. გ. კ–ი იარაღის დანახვაზე აივანზე გავიდა. სანამ მასთან მივიდა, დ. გ–ამ ორჯერ გაისროლა. სულ სამი გასროლა განახორციელა. ტ. გ–ე ძირს დავარდა. ახსოვს, რომ დ. გ–ამ ტ. გ–ეს წაქცეულზეც ესროლა. მან მოახერხა და დ. გ–ა შებოჭა კედელთან და იარაღიანი ხელი დაუჭირა. ბოჭვისას დ. გ–ა მასაც დაემუქრა სროლით, თუმცა მისთვის არ უსვრია. სწორედ ამ დროს ტ. გ–ე ხოხვით გავიდა ოთახიდან. დ. და მ. გ–იებმა ისე ჩაუარეს ეზოში მყოფ ტ. გ–ეს,ზედაც არ შეუხედავთ.
5.12. მოწმე გ. კ–მაც დაადასტურა ვითარების დაძაბვის შემდეგ დ. გ–ას მიერ ჩანთიდან იარაღის ამოღების ფაქტი, რა დროსაც, ტ. გ–ე წამოდგა. დ. გ–ასა და ტ. გ–ეს შორის მანძილი, დაახლოებით, ერთი მეტრი ან მეტრნახევარი იყო. ამ დროს ყველანი ფეხზე იდგნენ, მოძრაობა დაიწყეს, რა დროსაც, იყო გასროლის ხმა. მოულოდნელობის გამო, ინსტიქტურად, აივანზე გავიდა. სულ ორი გასროლის ხმა გაიგო. 20-30 წამის შემდეგ დაბრუნდა ოთახში, რომელშიც იმყოფებოდნენ გ. ა–ე, მ. და დ. გ–ები. დაინახა, რომ დ. გ–ას ხელში ეჭირა იარაღი და ჩაიდო ქამარში. ტ. გ–ე ოთახში აღარ იყო. აივნიდან დაინახა, რომ ტ. გ–ე ბორდიურზე იწვა. მაშინვე ჩავიდა, უკან გაჰყვნენ მ. და დ. გ–ები, რომლებიც წავიდნენ მარჯვნივ, თვითონ კი მარცხნივ მივიდა დაჭრილთან.
5.13. საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის ჩანაწერით დადასტურებულია, რომ 14:33 საათზე სადარბაზოს კარიდან გამოდის ტ. გ–ე, რომელიც ოდნავ კოჭლობს მარჯვენა ფეხით, შემდეგ 14:37 საათზე სადარბაზოდან გამოდის გ. კ–ი, ხოლო შემდეგ გამოდიან დ. და მ. გ–იები, რომლებიც მიემართებიან ავტომანქანისკენ.
5.14. სასამართლო სხდომაზე მოწმე მ. გ–იამ განმარტა, რომ დ. გ–ა არის მისი შვილი. ტ. გ–ესა და გ. ა–ესთან საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა, ისინი მის მიწაზე აშენებდნენ კორპუსს. მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით, 2023 წლის 25 ივლისს, იურისტ გ. კ–ის ოფისში გაიმართა შეხვედრა. მაგიდის ერთ მხარეს ისხდნენ თავად და მისი ვაჟი დ. გ–ა, გვერდით იურისტი გ. კ–ი, ხოლო მეორე მხარეს დაზარალებული და გ. ა–ე. გ. ა–ე ხმამაღლა ესაუბრებოდა გ. კ–ს და უთხრა, რომ ხელშეკრულება მიეტანა. გ. კ–მა ამობეჭდა ხელშეკრულება და დადო მაგიდაზე. გ. კ–ი უკვე დაბრუნებული იყო მაგიდასთან, როდესაც ტ. გ–ემ შეიგინა. ამ დროს რაღაც ამოიღო და ორი-სამჯერ მოუქნია მას, უნდოდა მოეხვედრებინა, მაგრამ ვერ მიწვდა. თვითონ ცდილობდა სკამიდან ადგომას, მაგიდას მიაწვა, ტ. გ–ეც იქიდან აწვებოდა, დაზარალებული მაგიდის კუთხისკენ წავიდა, თავად გადაიწია და სწორედ ამ გადაწევის გამო წაიქცა. ქვემოდან დაინახა დანის ფრიალი და გაიგო გასროლის ხმა, დ.ს ვერ ხედავდა. იფიქრა, რომ გ. ა–ემ ისროლა. წაქცეულმა დაინახა, რომ გ. კ–ი გადიოდა აივანზე, გ. ა–ე კი დ.სკენ მიდიოდა და ეუბნებოდა: ,,დ. არ გინდა, დ. არ გინდა“. ეს ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. მეორე და მესამე გასროლა მიჯრით მოხდა. დ. მის დაცვას ცდილობდა. მას შემდეგ, რაც ტ. გ–ემ და გ. ა–ემ ოფისი დატოვეს, ისინი ხუთი წუთი დარჩნენ ოთახში და ნახეს პლინტუსის ზევით სადღაც 15-20 სმ სიმაღლეზე იყო ტყვია მოხვედრილი. ტ. გ–ემ ისე დატოვა ოფისის ტერიტორია, ვერ მიხვდნენ დაჭრილი რომ იყო. აღნიშნული რომ სცოდნოდათ, არ დატოვებდნენ უყურადღებოდ.
5.15. დ. გ–ამ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ფლობს იარაღს, რომელიც მის გარდაცვლილ ბიძას ეკუთვნოდა და ინახავდა როგორც რელიქვიას. იარაღს ყოველთვის ინახავდა ჩანთაში, დაშლილ მდგომარეობაში, ტყვიებთან ერთად. 2023 წლის 25 ივლისს, მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ გ. კ–ის ოფისში. კონფლიქტის დღეს იარაღი თან ჰქონდა. აღნიშნული ჩანთის შენახვა სახლში არ უნდოდა და მეგობართან უნდა შეენახა. მეგობარს ელოდებოდა, რომელიც ვერ მივიდა, ეს შეხვედრაც ოთხჯერ გადაიდო და ამიტომ ვერ წაიღო ეს ჩანთა. მამას უთხრა, რომ ეს იარაღი დაშლილ მდგომარეობაში იყო და არ უნდოდა სახლში დატოვება, ასევე საბუთები ედო, რომელიც შესაძლოა ახალი სამსახურის დასაწყებად დასჭირვებოდა. ოფისში იარაღიანი ჩანთა იატაკზე იდო, არც ხელში ეჭირა, არც გადაკიდებული ჰქონია და არც ვინმეს მოკვლისთვის არ ჰქონია. იარაღი იყო დაშლილ მდგომარეობაში, კერძოდ, მჭიდი იყო ამოღებული და იდო ცალკე ცელოფანში, თავად იარაღი, კი – ცალკე ცელოფანში. ტყვიები ყუთში იდო და ამ ფორმით იყო ჩადებული ჩანთაში. იარაღის აწყობა რომ სდომებოდა ეს ნაწილები უნდა ამოეღო ცალ-ცალკე მოთავსებული პარკებიდან და ისე უნდა აეწყო იარაღი. მასსა და ტ. გ–ეს შორის მანძილი დაახლოებით ერთი მეტრი იყო. მაგიდის სხვადასხვა მხარეს ისხდნენ. გვერდით მამა ეჯდა. ხელშეკრულების პუნქტების გაცნობის დროს გ. ა–ემ და გ. კ–მა ყვირილი დაიწყეს. გ. კ–მა დოკუმენტაცია ამობეჭდა. ტ. გ–ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ. გ–იას. თვითონ ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებას, რა დროსაც დაინახა, რომ ტ. გ–ემ ჯიბიდან ამოიღო დანა, გაშალა, გადმოიწია და მარჯვენა ხელით მის წინ მოიქნია მამამისის მიმართულებით. მაგიდაზე შემოდგა ფეხი და ახლოს უნდოდა მამამისთან მისვლა, თან იქნევდა დანას. დანის მოქნევის დროს მ. გ–ია გადავარდა. ამ დროს დაიწყო იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა, რომელსაც დაახლოებით ორი წუთი დასჭირდა. ვინაიდან შეხვედრაზე მყოფმა პირებმა დაინახეს, თუ როგორ ამოიღო იარაღი და გადატენა, იფიქრა, რომ გაჩერდებოდნენ. ამ დროს შეამჩნია, გ. ა–ე, რომელიც მისკენ მიემართებოდა, გ. კ–ი, კი აივანზე გაიქცა. გ. ა–ე და ტ. გ–ე მივიდნენ მასთან, დაინახა, რომ დაბრკოლება აღარ იყო და შესაშინებლად კედლის მიმართულებით ისროლა. პირველი გასროლის დროს ტყვია კედელს მოხვდა, მეორე ტ. გ–ეს, რომელიც მოძრაობაში იყო, მესამედ მაშინ გაისროლა, როდესაც ტ. გ–ე მასთან მივიდა ახლოს. არ უფიქრია, რომ დაიჭრა დაზარალებული, ეგონა მხოლოდ ტყვიამ გაკაწრა. როდესაც თავდასხმა შეაჩერა, დაზარალებულმა გაასწრო კარებში და გასვლისას შურისძიებით დაემუქრა. გ. ა–ე მივიდა მასთან, შემოხვია ხელები ბეჭებზე. იარაღიანი ხელი თავისუფალი ჰქონდა და შეეძლო ნებისმიერი პირისთვის ზიანის მიყენება, თუმცა აღნიშნული არ გაუკეთებია. არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, ეგ რომ სდომოდა თავში ესროდა. დ. გ–ამ ასევე განმარტა, რომ მჭიდში ორი ტყვია კიდევ ჰქონდა დარჩენილი. მამა ცუდად გახდა ამ პერიოდში და ტაქსით გაუშვა დასთან მ–ში, იარაღი დატოვა მეგობრის სადარბაზოში, მამაოსთან აღსარება ჩააბარა და გამოცხადდა პოლიციაში.
5.16. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლებიც ანალოგიურად და ერთმნიშვნელოვნად დგინდება, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებებით: შემთხვევის ადგილზე დ. გ–ამ გაისროლა სამჯერ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის მომენტში, დ. გ–ასა და ტ. გ–ეს შორის მანძილი საკმაოდ მცირე იყო. ტ. გ–ის განმარტებით, 2-3 მეტრი, ხოლო გ. კ–ის განმარტებით, ერთი მეტრი ან მეტრნახევარი.
5.17. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს დ. გ–ას განზრახვას მოეკლა ტ. გ–ე, ვინაიდან მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება, მსჯავრდებულის ქცევა, ჭრილობების რაოდენობა, მათ შორის ლოკაცია, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საგანი უტყუარად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დ. გ–ა ითვალისწინებდა და სურდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ დადგა, კერძოდ:
ჩხუბის დაწყების ვითარება – მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილზე მხარეები შეიკრიბნენ მ. გ–იას, ტ. გ–ესა და გ. ა–ეს შორის არსებული კონფლიქტის სამართლებრივად მოსაგვარებლად. კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, რაც მ. გ–იამ შეიგინა და ამის საპირწონედ გინებითვე უპასუხა ტ. გ–ემ.
კონფლიქტის განვითარება – ყველა მოწმემ, გარდა მ. გ–იასი განმარტა, რომ დაინახეს როგორ ამოიღო დ. გ–ამ ჩანთიდან იარაღი. გ. კ–ი გავიდა აივანზე, ტ. გ–ე და გ. ა–ე კი, სხვადასხვა მხრიდან წავიდნენ მსჯავრდებულისკენ, რასაც მოჰყვა დ. გ–ას მხრიდან ტ. გ–ის მიმართულებით გასროლა. ტ. გ–ე წაიქცა, რის შემდეგაც წაქცეულ ტ. გ–ეს კიდევ ერთხელ ესროლა დ. გ–ამ. გ. ა–ემ გასროლების შემდეგ, მიაყენა კედელთან და შებოჭა იგი, რა დროსაც, მასაც დაემუქრა სროლით, თუმცა გასროლა აღარ განუხორციელებია.
კონფლიქტის დასასრული – დაზარალებულმა ტ. გ–ემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილი დატოვა, მაშინ როდესაც გ. ა–ეს დ. გ–ა ჰყავდა შებოჭილი. გ. ა–ის განმარტებით, შებოჭვის დროს მას დ. გ–ას იარაღზე ხელი ეჭირა. დაზარალებულის მიერ შემთხვევის ადგილის დატოვების შემდეგ, მან დ. გ–ას ხელი გაუშვა, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში მსჯავრდებულმა და მ. გ–იამ შემთხვევის ადგილი ისე დატოვეს, რომ დაზარალებულისთვის აღარ შეუხედავთ.
5.18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ დ. გ–ას ტ. გ–ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და გ. ა–ის მიერ გაწეული წინააღმდეგობა ვერ აღიქმება იმგვარ დაუძლეველ ძალად, რომ განზრახვა სისრულეში არ მოეყვანა. განზრახვის გამოსაკვეთად საგულისხმოა, რომ შემთხვევას წინ უძღვოდა დ. გ–ასა და ტ. გ–ეს შორის რამდენიმე დღით ადრე მომხდარი უთანხმოება, ამასთან, მსჯავრდებული პრობლემის სამართლებრივად მოსაგვარებლად შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა ცეცხლსასროლი იარაღით, რომლის გამოყენება უმალვე შეძლო და გ. ა–ისგან თავის დაღწევას შეეცადა სროლის მუქარით.
5.19. საკასაციო სასამართლო, ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის იმ ნაწილს, სადაც აღნიშნულია, რომ ვინაიდან ტ. გ–ეს ჭრილობები აღენიშნებოდა წელისა და ბარძაყის მიდამოში, ასევე, მან თავად დატოვა ოფისის ტერიტორია, მსჯავრდებული ვერ ჩათვლიდა, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებები ისედაც გამოიწვევდა სიკვდილს. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის განმარტებით, პირველი გასროლილი ტყვია წელში მოხვდა, იმიტომ რომ შეტრიალდა. მოწმეებმა, ასევე დაადასტურეს, რომ ტ. გ–ე იატაკზე დაეცა მას შემდეგ რაც ტყვია მოხვდა, ხოლო დ. გ–ამ მეორედ უკვე წაქცეულ დაზარალებულს ესროლა, ამჯერად – მენჯის არეში.
5.20. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ დ. გ–ას შეეძლო განზრახვა დაესრულებინა ეზოში, როდესაც გვერდით ჩაუარა დაზარალებულს, თუმცა ამასთანავე აღნიშნავს, რომ განყენებულად, მხოლოდ აღნიშნული ქმედება ვერ შეფასდება დ. გ–ას მხრიდან ტ. გ–ის მოკვლის განზრახვის არ არსებობად, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის შემდგომ ქცევას, ხოლო უშუალოდ თავდასხმის დროს, დ. გ–ას განზრახვის სისრულეში მოყვანას ხელი შეუშალა გ. ა–ის ქმედებებმა, რომლის გადალახვაც დ. გ–ამ ვერ შეძლო.
5.21. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მ. და დ. გ–ების და სხვა მოწმეთა ჩვენებებს შორის არის არაერთი წინააღმდეგობა (მაგ.: ტ. გ–ის მიერ დანის ამოღების თაობაზე და სხვა), თუმცა აღნიშნულზე საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის განხილვისას, დაცვის მხარემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლზე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გადაკვალიფიცირება.
5.22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, ხოლო ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. საკასაციო სასამართლოს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების თანახმად, დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ. გ–ა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელების დროს, ტ. გ–ის სასიკვდილო შედეგის მიმართ მინიმუმ არაპირდაპირი განზრახვით მოქმედებდა.
5.23. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. გ–ა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელების დროს მოქმედებდა ტ. გ–ის მოკვლის განზრახვით, თუმცა აღნიშნულის განხორციელება ვერ შეძლო გ. ა–ის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო, ხოლო დაზარალებულს სიცოცხლე შეუნარჩუნდა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად.
6. სასჯელის დასაბუთება:
6.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში, რა დროსაც სასამართლო შებოჭილია ვალდებულებით მის მიერ დანიშნული სასჯელი იყოს ეფექტური და პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს, ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.3. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
6.4. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა დ. გ–ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დ. გ–ას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენისთვის ძირითად სასჯელებად განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის ნაწილის სანქციით გათვალისწინებული – თავისუფლების აღკვეთა, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
6.6. საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რომლითაც მსჯავრი უნდა დაედოს დ. გ–ას სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
6.7. სასამართლო დ. გ–ას მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივებს (შურისძიება, ურთიერთშელაპარაკება), დ. გ–ას მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას - აღნიშნული დანაშაული (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ძალადობრივი ხასიათის დანაშაულს, ასევე დ. გ–ას ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. იმ გარემოებას, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენციის მიზნებს და მიიჩნევს, რომ ამ მიზნებისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ერთი მხრივ უნდა იყოს ადეკვატური ჩადენილი დანაშაულისა და მსჯავრდებულის პიროვნებისა, ხოლო მეორე მხრივ არ უნდა იყოს წამახალისებელი როგორც ბრალდებულისთვის, ასევე სხვა პირთათვის და უნდა უზრუნველყოს კერძო/ზოგადი პრევენციის მიზნები. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. გ–ას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს დ. გ–ას რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. გ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის კ. მ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილის – ნიკოლოზ დგებუაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. ცვლილება შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განაჩენში;
4. დ. გ–ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დ. გ–ას საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. დ. გ–ას სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2023 წლის 26 ივლისიდან;
7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ დ. გ–ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
8. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:
დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
სუნის კვალის ნიმუში, მიკრონაწილაკები, ანაწმენდები, ამონატეხი ასფალტიდან, ნერწყვის ნიმუში, დენთის კვლების ნიმუშები საკონტროლო ნიმუშებთან ერთად, განადგურდეს;
„Remington 870 MAGNUM“-ის სისტემის სანადირო თოფი და მონადირის კავშირის ბილეთი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
ტ. გ–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
დ. გ–ას ტანსაცმელი და ჩანთა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
მობილური ტელეფონები დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს;
მომწვანო ფერის პოლიეთილენის პარკი, მუყაოს კოლოფში მოთავსებული პისტოლეტი, მჭიდი, რვა ცალი ვაზნა (სამი ვაზნა გაიხარჯა საქსპერტი კვლევის დროს), პისტოლეტის მოსათავსებელი ბუდე - კაბურა, ვაზნების მოსათავსებელი პლასტმასის კონტეინერი, პოლიეთილენის პარკი, ერთი ცალი მასრა, ერთი ცალი ტყვია, ქაღალდის კონვერტები და სამი ცალი გახსნილი პაკეტი, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ავტომანქანა და ამავე ავტომანქანის გასაღები ჩაბარდა მ. გ–იას;
9. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
10. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე