Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/226-01 23 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე, მ. ახალაძე

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

1996 წლის 9 ივლისს ქ. ბათუმის სასამართლოში სარჩელი აღძრა მ. გ-ძემ მოპასუხეების: ა. გ-ძისა და ნ. ს-შვილის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელემ 1995 წლის 28 სექტემბერს სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ა. გ-ძისაგან იყიდა ქ. ბათუმში, ... მდებარე სამოთახიანი ბინა, რომელიც წარმოადგენდა მოპასუხე ა. გ-ძის საკუთრებას.

მოსარჩელის განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ა. გ-ძემ სთხოვა სამი თვით აღნიშნულ ბინაში დარჩენა, სამაგიეროდ, მოსარჩელეს იმ ხნის განმავლობაში დაუქირავებდა სხვა ბინას, რაზეც მ. გ-ძე დათანხმდა.

დათქმული ვადის გასვლის შემდეგ, მოპასუხემ ბინა არ გაათავისუფლა იმ მოტივით, რომ ვერ მოახერხა მისი ოჯახისათვის შესაფერისი ბინის შეძენა.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მისი მრავალსულიანი ოჯახი ცხოვრობდა ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში და მათ სხვა საცხოვრებელი სადგომი არ გააჩნდათ, რის გამოც სარჩელში ითხოვა მოპასუხეების: ა. გ-ძისა და ნ. ს-შვილის გამოსახლება სადავო ბინიდან მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებთან ერთად.

ქ. ბათუმის სასამართლოში შეგებებული სარჩელი შეიტანა ა. გ-ძემ, რომელშიც მიუთითა, რომ მხარეებს შორის სანტარო კანტორაში, მართალია, დამოწმდა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ რეალურად დაიდო გირაოს ხელშეკრულება, მისი მხრიდან მ. გ-ძისაგან გარკვეული თანხის მიღების გამო.

ქ. ბათუმის სასამართლოში შეგებებული სარჩელი აღძრა ა. ს-შვილმა, რომელმაც ითხოვა ნ. ს-შვილსა და ა. გ-ძეს შორის დადებული ბინის ჩუქებისა და ა. გ-ძესა და მ. გ-ძეს შორის გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მან, მართალია, თავის დის _ ნ. ს-შვილის სახელზე მისცა თანხმობა სადავო ბინის პრივატიზაციაზე, მაგრამ ნ. ს-შვილის შვილობილ ა. გ-ძეზე ბინის ჩუქებისა და შემდგომ მისი გასხვისების შესახებ, მისთვის, როგორც აღნიშნული ბინის თანამესაკუთრისათვის, არაფერი იყო ცნობილი. ა. ს-შვილმა შეგებებულ სარჩელში ითხოვა ზემოთ აღნიშნული პრივატიზებული ბინიდან წილის მიღება, აგრეთვე, ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.

საქმე რამდენჯერმე იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში.

ბოლოს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეები: ნ. ს-შვილი, ა. ს-შვილი და ა. გ-ძე მცირეწლოვან შვილთან ერთად გამოსახლდნენ ქ. ბათუმში, ... ბინიდან და ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მ. გ-ძეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 29 ივლისის განჩინებით უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება.

ა. ს-შვილმა და ა. გ-ძემ 1999 წლის 16 აგვისტოს უზენაეს სასამართლოში შეიტანეს განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, შეამოწმა წარმოდგენილი განცხადების დასაშვებობა და მიიჩნია, რომ განმცხადებლების მიერ დარღვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით განსაზღვრული, სასამართლოში განცხადებით მიმართვის ერთთვიანი ვადა.

საკასაციო სასამართლოს 2000 წლის 31 მაისის განჩინებით ა. ს-შვილისა და ა. გ-ძის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 29 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2000 წლის 16 ოქტომბერს ა. გ-ძემ და ა. ს-შვილმა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს კვლავ მიმართეს განცხადებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ.

განმცხადებლები მიუთითებენ, რომ 2000 წლის 30 სექტემბერს მათთვის ცნობილი გახდა შემდეგი გარემოება: მოწმე ბ. ა-ძემ ვ. ც-ძისა და ზ. გ-ძისაგან შეიტყო, რომ ა. გ-ძემ მ. გ-ძის ოჯახისაგან ბ. ა-ძის ნათესავებისათვის: მ. მ-შვილისა და ს. კ-ძისათვის ისესხა 25 000 აშშ დოლარი, რომელიც მ. გ-ძის ოჯახს უნდა დაბრუნებოდა სამი თვის ვადაში პროცენტის დამატებით, რაც შეადგენდა 40 000 აშშ დოლარს.

ა. გ-ძემ და ა. ს-შვილმა წარმოდგენილ განცხადებას თან დაურთეს სანოტარო წესით დამოწმებული ბ. ა-ძის ახსნა-განმარტება.

განმცხადებლები თვლიდნენ, რომ მათთვის ადრე რომ ყოფილიყო ცნობილი აღნიშნული მტკიცებულება და იგი დროულად წარედგინათ საქმის განმხილველი სასამართლოსათვის, გამოტანილი იქნებოდა მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება.

განმცხადებლებმა განცხადებაში ითხოვეს, აღნიშნული ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 29 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 29 ნოემბრის განჩინებით განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ა. გ-ძემ და ა. ს-შვილმა საკასაციო საჩივარში ითხოვეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმება და იმავე სასამართლოსათვის საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის.

კასატორების განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ არასწორად მიუთითა სამოტივაციო ნაწილში, რომ განმცხადებლების მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო ახლად აღმოჩენილად, რადგანაც თითქოს აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი იყო როგორც საქმის განმხილველი სასამართლოსათვის, ისე მხარეებისათვის.

კასატორების მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ. ა-ძის ხელწერილი, მისი ახსნა-განმარტება სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა, რაც იმითაც მტკიცდება, რომ იგი დათარიღებულია 2000 წლის 30 სექტემბრით. ამიტომ სასამართლო კოლეგიის მოტივაცია, რომ აღნიშნული გარემოება ცნობილი იყო სასამართლოსათვის, არასწორია.

სამოტივაციო ნაწილი:

განმცხადებლების მიერ საქმეში წარმოდგენილი ბ. ა-ძის ახსნა-განმატებიდან ჩანს, რომ ზემოთ აღნიშნული გარემოების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 1996 წლის გაზაფხულზე.

ქ. ბათუმის სასამართლოს 1996 წლის 18 ოქტომბრის სხდომის ოქმიდან კი ირკვევა, რომ საქმის განხილვის დროს აღნიშნული გარემოების შესახებ ცნობილი იყო როგორც მხარეებისათვის, ისე საქმის განმხილველი სასამართლოსათვის.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განმცხადებლების მიერ წარდგენილ ზემოთ აღნიშნულ მტკიცებულებას, როდესაც იგი არ ჩათვალა ახლად აღმოჩენილად.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. გ-ძისა და ა. ს-შვილის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება რომც ყოფილიყო ახლად აღმოჩენილი, იგი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი მაინც ვერ გახდებოდა, რადგანაც მისი თავის დროზე წარდგენა სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, არ გამოიწვევდა განმცხადებლებისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, რადგანაც იმ დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 391-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება უნდა დადებულიყო წერილობითი ფორმით. იმავე კოდექსის 395-ე მუხლის შესაბამისად, რადგანაც სესხის ხელშეკრულება წერილობით უნდა ყოფილიყო მხარეთა შორის გაფორმებული, ამიტომ მისი სადავოდ გახდომა მოწმეთა ჩვენებებზე დამყარებით არ შეიძლებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან არ არსებობდა მხარეთა შორის წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულება, მოწმის ჩვენება ვერ დაედებოდა საფუძვლად ა. გ-ძისა და ა. ს-შვილისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

ამდენად, პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების არავითარი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. გ-ძისა და ა. ს-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 29 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.