Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/227-01 30 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, თ. კობახძე

დავის საგანი: საწარმოო ტრამვით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ლ-ძე მუშაობდა ქუთაისის ავეჯის საწარმოო გაერთიანებაში ე.წ. “აკანტოვკის” დაზგაზე. 1972 წლის 27 დეკემბერს მიიღო საწარმოო ტრამვა. შრომითი საექსპლუატაციო კომისიის დასკვნის თანახმად დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 60%-ით, საერთო შრომის უნარი _ 30%-ით და გახდა მე-3 ჯგუფის ინვალიდი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაენიშნა პენსია. 2000 წლის მაისში გ. ლ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა პენსიის გადაანგარიშება მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობით, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹ 48 ბრძანებულების შესაბამისად. კერძოდ, მოითხოვა მოპასუხე მხარეს დაჰკისრებოდა ზიანის ასანაზღაურებელი თანხა _ 12168 ლარი, ხოლო ყოველთვიურად სარჩოს სახით _ 150 ლარი მდგომარეობის შეცვლამდე. მოპასუხე სს “ივერიამ” სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულების თანახმად, მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობით ანაზღაურება ხდება იმ შემთხვევაში, თუ საწარმოში არ არსებობს იგივე პროფილის მუშაკი. მოცემულ შემთხვევაში კი სს “ი.” “აკანტოვკის” დაზგაზე საშუალო ხელფასი 25 ლარია. ამდენად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ლ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ავეჯის სს “ი.” დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 883 (რვაას ოთხმოცდასამი) ლარის გადახდა, ასევე, ყოველთვიურად სარჩოს _ 150 ლარის _ გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც გ. ლ-ძემ, ისე სს “ი.”. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ლ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა ქუთაისის ავეჯის სააქციო საზოგადოება “ი.” სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ლ-ძეს უარი ეთქვა სარჩელზე შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ასანაზღაურებლად მისთვის დადგენილი სარჩოს, ქუთაისის ავეჯის სააქციო საზოგადოება “ი.” არსებული შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის ათმაგი ოდენობის გადაანგირშების და შესაბამისად, გასული პერიოდის თანხების სხვაობის გაცემაზე, საქართველოს პრეზიდენტის ¹ 48 ბრძანებულების საფუძველზე. სს “ი.” ადმინისტრაციას დაეკისრა გ. ლ-ძისათვის ყოველთვიურად დანიშნული 16 ლარისა და 80 თეთრის, 1999 წლის 1 ივნისიდან 2000 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდის, გაუცემელი თანხის _ 302 ლარისა და 40 თეთრის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის ავეჯის სს “ი.”, რბილი ავეჯის საამქროში “აკანტოვკის” დაზგაზე დასაქმებული ჰყავთ მუშები და აქედან გამომდინარე, არ არსებობს საფუძველი პრეზიდენტის ¹ 48 ბრძანებულების თანახმად, მინიმალურ დონის ათმაგი ოდენობით შრომის ანაზღაურებისა. რადგან ბრძანებულების შესაბამისად მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობით ანაზღაურება ხდება იმ შემთხვევაში, თუ საწარმოში არ არსებობს იგივე სამუშაო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ლ-ძემ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არ გადაამოწმა ცნობა საწარმოში იმავე პროფილის მუშების არსებობის თაობაზე და არ გაითვალისწინა ის, რომ ცნობა გაცემული იყო დაინტერესებული პირის მიერ. სხვა ცნობა საქმეში არ მოიპოვება. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ პრეზიდენტის ბრძანებულების მე-11 მუხლში საუბარია სრულად ნამუშევარ, ფაქტობრივად მიღებულ ხელფასზე. როგორც მოპასუხე აღიარებს, ფაბრიკა სრული დატვირთვით არ მუშაობს, რის გამოც მისთვის სარჩო უნდა დაენიშნათ მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობით.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორი გ. ლ-ძე მუშაობდა ქუთაისის ავეჯის საწარმოო გაერთიანება “ი.” (ამჟამად სააქციო საზოგადოება “ი.”) ¹5 საამქროში, ე.წ. “აკანტოვკის” დაზგაზე ზეინკლად. 1972 წლის 27 დეკემბერს სამუშაოს შესრულების პროცესში მიიღო სხეულის დაზიანება. შრომით საექსპერტო კომისიის 1973 წლის 28 ივნისის დასკვნით განესაზღვრა პროფესიული შრომის უნარის დაკარგვა 60 პროცენტით, დროებით დადგინდა ინვალიდობის მე-3 ჯგუფი, ხოლო 1995 წლის 19 ივლისის სამედიცინო შრომის საექსპერტო კომისიის აქტით განესაზღვრა შრომის უნარის დაკარგვა უვადოდ.

საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ კასატორი გ. ლ-ძე 1993 წლამდე ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობას ღებულობდა. მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის 1993 წლის 22 ივნისის ¹ 21 ბრძანებით გ. ლ-ძეს 1994 წლის 22 აპრილამდე სარჩოს სახით დაენიშნა ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობა _ 170 მანეთი და 8 კაპიკი. 1995 წლის 13 ივლისის გ. ლ-ძემ კვლავ გაიარა ექსპერტიზა დირექტორის 1995 წლის 9 აგვისტოს ბრძანებით 1995 წლის მაისიდან დაენიშნა სარჩო _ 7 200 000 კუპონი.

კასატორ გ. ლ-ძის მოსაზრება, რომ სს “ი.” დღეისათვის არ არის ე.წ. “აკანტოვკის” დაზგის ზეინკლის საშტატო ერთეული და ამიტომ მას ზიანი უნდა აუნაზღაურდეს ორგანიზაციაში არსებული შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის ათმაგი ოდენობიდან, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან. საქმეში არსებულ 2000 წლის 14 სექტემბრის ¹32 ცნობით დგინდება, რომ სააქციო საზოგადოება “ი.” ე.წ. “აკანტოვკის” ლენტის დაზგა, რომელზეც მუშაობდა კასატორი დასახიჩრების მიღებისას, დღესაც ფუნქციონერებს და მასზე მომუშავე “მედაზგე” (ზეინკალი) ყოველთვიურად ღებულობს ხელფასს 25 ლარის ოდენობით. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹ 48 ბრძანებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” მე-11 მუხლის მე-3 აბზაცის თანახმად, დაზარალებულის სარჩო ორგანიზაციაში არსებული შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა ათმაგი ოდენობიდან მაშინ განისაზღვრება, თუ ორგანიზაციაში აღარ არსებობს იგივე თანრიგის პროფესიები და თანამდებობები”. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს “ი.” ის პროფესია და თანრიგი, რა პროფესიისაც იყო კასტაორი გ. ლ-ძე დაზიანების მიღებისას, დღესაც არსებობს.

ასევე, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო საჩივრის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოს თითქოს არ უნდა მიეღო მტკიცებულებად მოპასუხე ორგანიზაციის მიერ 2000 წლის 14 სექტემბრით დათარიღებული ¹32 ცნობა იმის შესახებ, რომ ე.წ. “აკანტოვკის” დაზგაზე მომუშავის ბოლო სამი თვის ხელფასი შეადგენს 25 ლარს, ვინაიდან იგი წარმოდგენილია დაინტერესებული პირის მიერ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მოპასუხე ორგანიზაციამ სარჩელის უარყოფა დააკისრა იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში დღესაც არსებობს იგივე პროფესია, რა პროფესიაზეც მუშაობდა კასატორი დასახიჩრების მიღებისას, რომლის თვიური ხელფასი (გამომუშავება) შეადგენს 25 ლარის. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება კასატორს სასამართლოში არ წარუდგენია და საქმეშიც არ არის.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასტაორ გ. ლ-ძეს დასახიჩრების შედეგად დაკარგული აქვს პროფესიული შრომის უნარი 60 პროცენტით. იგივე პროფესია, რომელი პროფესიითაც მუშაობდა კასატორი გ. ლ-ძე, მოპასუხე ორგანიზაციაში დღესაც არსებობს, რომლის სრულად ნამუშევარი საშუალო თვიური ხელფასი არის 25 ლარი. საქართველოს პრეზიდენტის ¹ 48, ბრძანებულების თანახმად, “ზიანი აუნაზღაურდება ყოველთვიური სარჩოს სახით იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი, ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის”.

პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.