¹ 3კ/228-01 14 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი: ბინიდან სარგებლობის უფლებით იზოლირებული ფართის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ჯ-ოვა და ა. გ-ოვი 1997 წელს ფაქტიურად დაქორწინდნენ, რეგისტრირებულ ქორწინებაში არ გატარებულან. მათ შეეძინათ ერთი შვილი. მ. ჯ-ოვა ქმარმა საცხოვრებლად მიიყვანა კასპის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც არ წარმოადგენს ა. გ-ოვის საკუთრებას, იგი ამ ბინაში ჩაწერილიც არ არის. ა. გ-ოვი ჩაწერილია ბებიის ბინაში. მ. ჯ-ოვამ კასპის რაიონის სოფ. ... მდებარე ბინაში იცხოვრა ერთი წელი და 7 თვე, შემდეგ წამოვიდა ამ ბინიდან და დროებით ცხოვრობს თავისი მშობლების ბინაში, კასპის რაიონის სოფ. ... მისი მშობლების სახლი ხანძრის შედეგად დაიწვა 1999 წლის 17 ნოემბერს და 9 ადამიანი ცხოვრობს დროებით აშენებულ ფიცრულ ქოხში. მ. ჯ-ოვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ ა. გ-ოვის და ზ. კ-ზის (ა. გ-ოვის დეიდა) მიმართ და მოითხოვა კასპის რაიონის სოფ. ... ერთი საცხოვრებელი ოთახისა და ერთი დამხმარე ფართის სარგებლობის უფლებით გამოყოფა.
კასპის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 15 მაისს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო. დაკმაყოფილდა მ. ჯ-ოვას სარჩელი მოპასუხეების ა. გ-ოვის და ზ. კ-ზის მიმართ და იგი თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად შესახლებულ იქნა მოპასუხეთა საცხოვრებელ სახლში, საერთო ფართში, სარგებლობის უფლებით, მდებარე კასპის რაიონის სოფ. ...
ა. გ-ოვმა და ზ. კ-ზიმ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.
კაპის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 3 ივლისის განჩინებით დააკმაყოფილა ა. გ-ოვის და ზ. კ-ზის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. რაიონული სასამართლოს განჩინება ეფუძნება იმას, რომ მოპასუხეებისათვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დრო, მაგრამ მათ უარი განაცხადეს სასამართლო უწყების მიღებაზე.
მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 15 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზ. კ-ზის და ა. გ-ოვის სააპელაციო საჩივარი. კასპის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2000 წლის 3 ივლისის განჩინება დატოვა უცვლელად. სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: კასპის რაიონულ სასამართლოში მოცემული საქმის განხილვა დანიშნული იყო 2000 წლის 8 მაისს, მაგრამ მოპასუხეებმა უარი განაცხადეს სასამართლო უწყებაზე ხელის მოწერაზე, რაც დადასტურებულ იქნა კასპის რაიგანყოფილების ... ქვეგანყოფილების თანამშრომლების მიერ შედგენილი აქტით. მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო საქმის განხილვა გადაიდო 2000 წლის 15 მაისისათვის. მოპასუხეებმა ისევ უარი განაცხადეს სასამართლო უწყების მიღებაზე, რის თაობაზეც საქმეში წარმოდგენილია სათანადო აქტი. უსაფუძვლოა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ ზ. კ-ზი პროცესზე ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო, რადგან მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ მოცემულ საქმეზე სწორად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის ზეპირ განმარტებებს, საქმის გარემოებები არ გამოურკვევია, რის გამოც იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, რადგან მოპასუხეებს კასპის რაიონის სოფ. ... არ გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულ მოტივთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საპროცესო კანონმდებლობა გამოუცხადებელ მხარეს (მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს) უპირატესობას აძლევს მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხეების) გამოუცხადებლობის შემთხვევაში და აკმაყოფილებს სარჩელის მოთხოვნას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს სამოტივაციო ნაწილის გარეშე, ფაქტობრივი და იურიდიული დასაბუთების გარეშე.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. კ-ზიმ და ა. გ-ოვმა, მათ მოითხოვეს სააპელაციო პალატის 2000 წლის 15 ნოემბერის განჩინების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვისათვის დაბრუნება კასპის რაიონული სასამართლოსათვის შემდეგი მოტივებით: არასწორად იქნა გამოყენებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი, ასევე 70-78-ე მუხლები, რადგან პოლიციის მუშაკების მიერ შედგენილი აქტები არასწორია. ზ. კ-ზი 2000 წლის 10 მაისიდან 22 მაისამდე იმყოფებოდა ქ. თბილისში და მკურნალობდა ანტოლოგიის რესპუბლიკურ ცენტრში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები საერთოდ არ ითვალისწინებენ პოლიციის მუშაკის მიერ მხარის გაფრთხილებას.
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ზ. კ-ზის და ა. გ-ოვის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
მ. ჯ-ოვა და ა. გ-ოვი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებიან. კონფლიქტური ურთიერთობის მიზეზით დაშორების შემდეგ მ. ჯ-ოვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. გ-ოვის და მისი დედის _ ზ. კ-ზის მიმართ და მოითხოვა კასპის რაიონის სოფ. ... მდებარე იმ საცხოვრებელი სახლიდან იზოლირებული ფართის გამოყოფა, სადაც ა. გ-ოვმა მიიყვანა საცხოვრებლად. მან სარჩელში მიუთითა, რომ სადავო ბინა აღრიცხული არავის სახელზეა და არც არავინაა ჩაწერილი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა 230-ე მუხლის შესაბამისად. ამ მუხლის მეორე ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელემ მოითხოვა კასპის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე მფლობელობის და სარგებლობის აღიარება, რომელიც მოპასუხეთა საკუთრებას არ წარმოადგენს და არ არის გარკვეული ამ სადგომის მესაკუთრის ვინაობა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ მ. ჯ-ოვა თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად შესახლებულ იქნეს მოპასუხეთა საცხოვრებელ სახლში, საერთო ფართში სარგებლობის უფლებით, მდებარე კასპის რაიონის სოფ. ... საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეებს საკუთრებაში არა აქვთ საცხოვრებელი სახლი კასპის რაიონის სოფ. ... ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა მ. ჯ-ოვას მოთხოვნას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. კ-ზის და ა. გ-ოვის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 15 ნოემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება