Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/229-01 18 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე, მ. ახალაძე

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 21 აპრილს თ. ღ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ გ. და თ. ჯ-ძეების მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე 1985 წლიდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მოპასუხე გ. ჯ-ძესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ერთი შვილი.

1989 წელს ცოლ-ქმარს შორის ქორწინება შეწყდა.

საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1987 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ღ-ძე, შვილთან ერთად, შესახლდა ქ. თბილისში, ... მდებარე ბინაში, რომელიც ირიცხებოდა მოპასუხის მამის _ მ. ჯ-ძის სახელზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 3 ივლისის დადგენილებით თ. ჯ-ძესა და მის მცირეწლოვან შვილს სადავო ბინიდან სარგებლობის უფლებით გამოეყოთ 12,65 კვ.მ. ფართობის ¹ 1 ოთახი.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე გ. ჯ-ძეს მისი ყოფილი მეუღლე და ვაჟიშვილი ამოუწერია სადავო ბინიდან 1998 წლის 2 ივნისს, ხოლო მეორე დღეს აღნიშნულ ბინას პრივატიზაცია გაუკეთა მოსარჩელის მულმა თ. ჯ-ძემ. ამდენად, სადავო ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხა თ. ჯ-ძის სახელზე.

თ. ღ-ძემ სარჩელში მოითხოვა, თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად, სადავო ბინის 2\5 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹ 107 დადგენილების თანახმად.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა მოსარჩელე თ. ღ-ძის საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის 1/5 ნაწილზე და მისი ვაჟიშვილის გ. ჯ-ძის საკუთრების უფლება _ ამავე ბინის 1/5 ნაწილზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 22 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.

საკასაციო საჩივარში თ. ჯ-ძე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც არ დაკმაყოფილდება თ. ღ-ძის სარჩელი.

კასატორმა საკასაციო საჩივარს საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, სააპელაციო პალატამ დაარღვია სამართლის ნორმა _ არ გამოიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს ¹ 520 დადგენილება.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სამოტივაციო ნაწილი:

დადგენილია, რომ სადავო ბინა 1998 წლის 2 ივნისის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით ირიცხება მოპასუხე თ. ჯ-ძის სახელზე. სასამართლომ თ. ღ-ძის სარჩელი დააკმაყოფილა და ბინის 2/5 ნაწილი მიაკუთვნა მოსარჩელესა და მის არასრულწლოვან ვაჟიშვილს ისე, რომ სამართლებრივი შეფასება არ მიუცია ბინის პრივატიზაციის შესახებ ხელშეკრულებისათვის და არ გაურკვევია ამ ხელშეკრულების შესაძლო მონაწილეთა (მხარეთა) უფლებაუნარიანობა.

პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე დატოვა უცვლელად ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელია, შეეძლო თუ არა პირველ ინსტანციის სასამართლოს სადავო ბინის 2\5 ნაწილზე ეცნო მოსარჩელე თ. ღ-ძისა და მისი არასრულწლოვანი შვილის საკუთრების უფლება, აღნიშნული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების გარეშე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, აღნიშნული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 22 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.