გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ/232 21 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი
მოსამართლეები: მ. ახალაძე, ბ. კობერიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. მ-შვილი, რომელიც მუშაობდა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური ტერმინალის “......” უფროს ენერგეტიკოსად, ტერმინალის დირექტორის 2000 წლის 31 მაისის ¹ 20 ბრძანებით გათავისუფლდა თანამდებობიდან შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, შრომის კანონთა კოდექსის 30-ე და მე-18 მუხლების საფუძველზე; შპს საბაჟო ტერმინალის “.....” ადმინისტრაციისა და მ-შვილს შორის წლების მანძილზე არსებობდა განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება. 1999 წლის 1 ივნისიდან საწარმოს ადმინისტრაციამ მუშა-მოსამსახურეებთან და მათ შორის ა. მ-შვილთან გააფორმა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება 1999 წლის 1 სექტემბრამდე. ტერმინალის დირექტორის 1999 წლის 31 აგვისტოს ¹27 ბრძანებით ა. მ-შვილი გათავისუფლდა თანამდებობიდან შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო; 1999 წლის დეკემბრამდე მ-შვილთან ადმინისტრაციას კონტრაქტი აღარ გაუფორმებია; 1999 წლის დეკემბრიდან მარტამდე და 2000 წლის მარტიდან მაისამდე კი ჩვეულებრივად გაუფორმა მას ხელშეკრულება სამი თვის ვადით;
გათავისუფლებიდან, ე.ი. 2000 წლის 31 მაისიდან, ერთთვიან ვადაში ა. მ-შვილმა სარჩელით მიმართა ისანი-სამგორის რაიონის სასამართლოს და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
ისან-სამგორის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ასევე, არ დაკმაყოფილდა ლ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. მ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
კასატორი ა. მ-შვილი მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, იმ მოტივით, რომ 1999 წლის 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე პერიოდში ფიზიკურად მუშაობდა საწარმოში, თუმცა კონტრაქტი გაფორმებული არ ჰქონია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ა. მ-შვილის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, უნდა გაუქმდეს.
პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება, ა. მ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, დაუსაბუთებელია იურიდიულად, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია;
სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ა. მ-შვილის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვებაზე 1999 წლის 1 სექტემბრიდან, მაშინ როცა ეს უკანასკნელი არ ხდიდა სადავოდ 1999 წლის ზაფხულში ადმინისტრაციის მიერ მის განთავისუფლებას. პალატის დასკვნა ა. მ-შვილის სარჩელზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, უარის თქმის შესახებ არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან ვინაიდან, ა. მ-შვილი სამუშაოდან დათხოვნილი იქნა 2000 წლის 31 მაისის ბრძანებით. ხოლო ამ უკანასკნელმა სასამართლოს მიმართა 2000 წლის 29 ივნისს, ე.ი. განთავისუფლებიდან ერთ თვეში. სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა 1999 წლის 31 მაისს ა. მ-შვილის განთავისუფლების ფაქტზე და არ მისცა მას იურიდიული შეფასება. ამდენად, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. მ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება ა. მ-შვილის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად გაეგზავნოს იმავე პალატას, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.