გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ-233 28 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, მ. ახალაძე
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა
აღწერილობითი ნაწილი:
დ. ც-ძე მუშაობდა ქ. თბილისის .... საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. იგი 1999 წლის 30 დეკემბერს სკოლის დირექტორის ბრძანებით დათხოვნილ იქნა სამუშაოდან შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის “გ” პუნქტის - “მუშაკის მიერ შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის), შრომის შინაგანაწესის სისტემატური შეუსრულებლობის, მის მიერ სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენისა” და “ლ” პუნქტის – “მუშაკის მიერ ამორალური გადაცდომის ჩადენის გამო, რომელიც აღმზრდელობით ფუნქციებს ასრულებს, რაც შეუთავსებელია მუშაობის გაგრძელებასთან” _ შეუსრულებლობის გამო. დ. ც-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე, .... საშუალო სკოლის დირექტორის გ. ძ-ძის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის გადახდევინება და მორალური ზიანის 1500 ლარის ანაზღაურება.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა დ. ც-ძის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის, განაცდურის გადახდევინების და მორალური ზარალის 1500 ლარის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლობის გამო. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: საქმის მასალებით და მოწმეთა დაკითხვით დასტურდება, რომ დ. ც-ძის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოსწავლეთა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ცემას. მოსწავლე ლ. ბ-ძისათვის მიყენებული მსუბუქი ხარისხის დაზიანებისათვის მის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეწყვეტილ იქნა ლ. ბ-ძის მშობელთან შერიგების საფუძველზე.
რაიონული სასამართლო გადაწყვეტილება დ. ც-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა დ. ც–ძის სააპელაციო საჩივარი, უცვლელი დატოვა მოცემულ საქმეზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება.
დ. ც–ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: იგი გაფრთხილებული არ იყო ქ. თბილისის ... საშუალო სკოლის თანამშრომელთა საერთო კრების ჩატარების თაობაზე; სკოლის დირექციამ, მას საყვედური შრომის კანონმდებლობის უხეში დარღვევით გამოუცხადა, რაც არ შეიძლება საფუძვლად დადებოდა მის სამუშაოდან დათხოვნას; სასამართლომ არასწორად შეაფასა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე რ. ვ-შვილის 2000 წლის 13 მარტის დადგენილება, რომლითაც მის მიმართ შეწყვეტილ იქნა სისხლის სამართლის საქმე, რადგან ამ დადგენილებაში არასწორად არის მითითებული, თითქოს იგი შეურიგდა დაზარალებულს.
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ დ. ც-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილია, რომ დ. ც-ძე მუშაობდა თბილისის ... საშუალო სკოლაში მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ამ სკოლის დირექტორის 1999 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით იგი გათავისუფლდა სამუშაოდან. მისი სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველია შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის “ლ” პუნქტის – “მუშაკის მიერ ამორალური გადაცდომის ჩადენის გამო, რომელიც აღმზრდელობით ფუნქციებს ასრულებს, რაც შეუთავსებელია მუშაობის გაგრძელებასთან”- შეუსრულებლობა. აღნიშნული კი გამოიხატა იმაში, რომ დ. ც-ძის მოსწავლის ლ. ბ-ძის მშობელმა საჩივარი შეიტანა მოსარჩელის მიერ თავისი შვილისათვის სხეულის დაზიანების თაობაზე. საქმეზე ჩატარებულ იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის 1999 წლის 2 დეკემბრის დასკვნის თანახმად, ლ. ბ-ძეს სხეულზე გარეგნულად არსებული დაზიანებანი, განაკაწრებისა და სისხლნაჟღენთის სახით, მიყენებული აქვს რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (სისხლის სამართლის საქმე ¹..... ).
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დ. ც-ძის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, მაგრამ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 13 მარტის დადგენილებით საქმე ბრალდებისა გამო დ. ც-ძის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, შეწყდა წარმოებით ბრალდებულთან შერიგების გამო.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დ. ც-ძის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ეს დადგენილება არასწორია, იგი არ შერიგებია დაზარალებულს, რადგან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, და თვით დ. ც-ძეც აღნიშნავს, მას ეს დადგენილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების დაცვით არ გაუსაჩივრებია.
ამდენად, სააპელაციო პალატამ სწორად ჩათვალა, რომ მოსარჩელე სამუშაოდან დათხოვნილ იქნა კანონიერად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. ც-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 26 ოქტომბრის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.