Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ/234-01 21 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, მ. წიქვაძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება და მიბარებული ქონების დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 14 აპრილს გ. კ-ავამ მცირე საწარმო “ქ-ის და მესამე პირი შპს “ვ-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1992 წლის 8 აპრილს გლდანის რაიონის გამგეობამ რეგისტრაციაში გაატარა კოოპერატივი “ი-ს ბაზაზე ჩამოყალიბებული მცირე საწარმო “ფ-ი”, რომლის დირექტორად არჩეულ იქნა თვითონ.

1992 წლის 29 აპრილს მცირე საწარმო “ფ-მა” ხელშეკრულება დადო მცირე საწარმო “ქ-თან”, რომლის შესაბამისად, ამ უკანასკნელის მიერ გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე მცირე საწარმო “ფ-ს” უნდა აეშენებინა სხვადასხვა სახის საამქროები და ამ ნაგებობათა ექსპლუატაციით მიღებული თანხები მხარეებს შორის უნდა განაწილებულიყო. ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდეგ ნაგებობები დარჩებოდა მცირე საწარმო “ქ-ის” საკუთრებაში, ხოლო მცირე საწარმო “ფ-ს” აუნაზღაურდებოდა მშენებლობაზე გაწეული ხარჯები.

ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 10 წელი.

მცირე საწარმო “ფ-ის” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ, ამიტომ 1993 წლის 11 ივნისს მცირე საწარმო “ფ-სა” და მცირე საწარმო “ქ-ს” შორის დაიდო მეორე ხელშეკრულება, რომლითაც “ქ-მა” იკისრა დარჩენილი სამუშაოების თავისი ძალებით დასრულება იმ გარანტიით, რომ მას საბოლოო ანგარიშსწორების დროს აუნაზღაურდებოდა მშენებლობაზე გაწეული ხარჯები.

აღნიშნული ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 6 წლით.

1993 წლის 19 ივნისს მცირე საწარმო “ფ-მა” მცირე საწარმო “ქ-ს” საექსპლუატაციოდ გადასცა მის მიერ აშენებული საამქროები.

1993 წლის 9 სექტემბერს მითითებული საამქროები მცირე საწარმო “ქ-მა” 5 წლის ვადით მიაქირავა შპს “ვ-ს”.

ნაგებობათა ექსპლუატაციის შედეგად მიღებული თანხებიდან მცირე საწარმო “ქ-ს” მცირე საწარმო “ფ-ისათვის” რაიმე თანხები არ გადაუხდია.

გარდა ამისა, “ქ-მა” მიითვისა მის მიერ შესანახად მიბარებული კოოპერატივი “ი-ის” კუთვნილი ჰელიოდანადგარების სისტემის კომპლექტი და მოითხოვა თანხების ანაზღაურება.

ამ საქმეზე მოპასუხე “ქ-ის” დირექტორმა ვ. ს-ძემ სააქციო საზოგადოება “ტ-ის” წინააღმდეგ და მესამე პირის, მცირე საწარმო “ფ-ის” მიმართ შეიტანა შეგებებული სარჩელი, რომელშიც ცნო მცირე საწარმო “ფ-ის” მოთხოვნა, მაგრამ სარჩელით მოთხოვნილი თანხების ანაზღაურება მოითხოვა სააქციო საზოგადოება “ტ-ისაგან”, რომელმაც ჯერ უკანონოდ შეიერთა მცირე საწარმო “ქ-ი”, შემდეგ კი უკანონოდ გაათავისუფლა იგი დაკავებული თანამდებობიდან და გაანიავა მისი ქონება. მართალია, სასამართლომ იგი 1996 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით აღადგინა სააქციო საზოგადოება “ტ-ის” ქვესაწარმო “ქ-ის” დირექტორად, მაგრამ გადაწყვეტილება დღემდე აღსრულებული არაა და ქონება არ დაბრუნებია.

მოპასუხე სს “ტ-მა” შეგებებული სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე აღდგენილ იქნა სამუშაოზე, გაუქმებულია და სარჩელი განუხილველად არის დატოვებული. მოპასუხემ შესაგებელში, ასევე, მიუთითა, რომ მცირე საწარმო “ქ-ის” შეერთება მან მოახდინა იმიტომ, რომ “ქ-ის” სამართლებრივი ფორმა არ შეესაბამებოდა ახალ კანონმდებლობას.

2000 წლის 7 ივნისის განჩინებით რაიონულმა სასამართლომ ვ. ს-ძის სარჩელი არ მიიღო და არასათანადო მოპასუხე “ქ-ი” შეცვალა სათანადო მოპასუხე სს “ტ-ით”. ამასთან, საქმეში მესამე პირად ჩააბა ვ. ს-ძე.

სასამართლო პროცესზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მოპასუხე სს “ტ-ისაგან” მოითხოვა 77511 აშშ დოლარის ანაზღაურება.

2000 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სს “ტ-ს”, გ. კ-ავას სასარგებლოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაეკისრა 67 900 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა და ჰელიო სისტემის 6 ცალი დანადგარის დაბრუნება ან მისი ღირებულების _ 9600 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა.

გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სს “ტ-ი” წარმოადგენდა “ქ-ის” სამართალმემკვიდრეს და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ იყო.

სს “ტ-ის” სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, რომელმაც გააუქმა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და თავისი 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სარჩელი ხელშეკრულების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, ხოლო ჰელიო დანადგარების ან მისი ღირებულების დაბრუნების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გ. კ-ავა მცირე საწარმო “ფ-ის” უფლებამონაცვლედ და აქედან გამომდინარე, სათანადო მოსარჩელედ ვერ ჩაითვლებოდა, რადგან მცირე საწარმო “ფ-ს” გავლილი არ ჰქონდა ხელახალი რეგისტრაცია. ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის შესაბამისად, არასათანადო მოსარჩელის შეცვლა სათანადო მოსარჩელით სააპელაციო სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია.

2001 წლის 9 იანვარს გ. კ-ავამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

მისი მოსაზრებით, იგი მოცემულ საქმეზე წარმოადგენს სათანადო მხარეს, ვინაიდან მეწარმეთა შესახებ კანონის 14.3 მუხლის შესაბამისად გაუქმებული და ლიკვიდირებული ფირმების ქონება, კრედიტორების პრეტენზიების დაკმაყოფილების შემდეგ, ნაწილდება დამფუძნებლებს შორის. ამდენად, მცირე საწარმო “ქ-ის” დავალიანებაზე მოთხოვნის უფლება, ამ უკანასკნელის სამართალმემკვიდრე სს “ტ-ისაგან” გადაეცა მას.

კასატორმა მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის გადასახდელად 77500 აშშ დოლარის დაკისრება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი, მიაჩნია, რომ ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

“მეწარმეთა შესახებ” კანონის 14.3 მუხლის შესაბამისად ლიკვიდირებული საზოგადოების ქონება ვალების დაფარვის შემდეგ ნაწილდება პარტნიორებს შორის. საზოგადოების ქონება არის საზოგადოების საკუთრებაში არსებული ყველა ობიექტის ერთობლიობა.

სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის შესაბამისად, ქონება არამატერიალური სიკეთეცაა, რომლის შეძენა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუკი ეს აკრძალული არაა კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.

ამავე კოდექსის 152-ე მუხლის შესაბამისად, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირს ან გამიზნულია იმისთვის, რომ ამ უფლების მქონეს შეექმნას მატერიალური სარგებელი ანდა მიენიჭოს უფლება, მოსთხოვოს სხვა პირს რაიმე.

“მეწარმეთა შესახებ” კანონის 14.3 მუხლის შესაბამისად, საზოგადოების ლიკვიდაციის დროს მისი დამფუძნებლები აღჭურვილნი არიან უფლებით, მოსთხოვონ მოვალეებს ქონება, რომელიც მათ ერგებათ შესრულების შედეგად.

ამ უფლებით სარგებლობს ყველა დამფუძნებელი და მათ უფლება აქვთ აღნიშნული უფლების დელეგირება მოახდინონ რწმუნებულის მეშვეობით. სამოქალაქო კოდექსის 107-ე მუხლის შესაბამისად, ამ ნების გამოვლენისათვის საჭირო არაა რაიმე სპეციალური ფორმა.

მოცემულ შემთხვევაში გ. კ-ავა, როგორც მცირე საწარმო “ფ-ის” დირექტორი და დამფუძნებელი, ამ საწარმოს ლიკვიდაციის შემდეგ უფლებამოსილი იყო ეწარმოებინა სამოქალაქო დავები საწარმოს მოვალეებთან მიუღებელი ქონების დაბრუნების და დამფუძნებელთა შორის განაწილების მიზნით. აღნიშნული უფლებისათვის მას რაიმე სპეციალური რწმუნების მინიჭება არ ესაჭიროებოდა. ამდენად, იგი მოცემულ საქმეზე სათანადო მოსარჩელეა.

სააპელაციო სასამართლომ გ. კ-ავა მიიჩნია რა არასათანადო მოსარჩელედ არასწორად განმარტა კანონი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად საკასაციო საჩივრის საფუძველია, რადგან ასეთ შემთხვევაში სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება. ამ დარღვევამ კი განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. კ-ვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

თითოეულს – გ. კ-ავას და სს “ტ-ს” _ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 2500-2500 ლარი, საიდანაც 70% ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი _ სახელმწიფო ბიუჯეტში.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.