¹ 3კ/237-01 25 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე, თ. კობახიძე
სარჩელის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 2 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა მ. ჩ-ძემ მოპასუხე საქართველოს სოციალური ადცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს ქუთაისის საქალაქო განყოფილების მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1984 წლის 1 ოქტომბრიდან მოსარჩელეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დანიშნული ჰქონდა შრომის მე-2 ჯგუფის ინვალიდობის პენსია, რომლის ოდენობაც სარჩელის აღძვრის დროისათვის შეადგენდა 14 ლარს, ხოლო როგორც მარტოხელა დედას ეკუთვნოდა ყოველთვიური დახმარება 29 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, მას არ მიუღია კუთვნილი თანხა, რაც მთლიანობაში უდრიდა 509 ლარსა და 60 თეთრს.
მ. ჩ-ძემ სარჩელში ითხოვა აღნიშნული თანხისა და მორალური ზიანის სახით 3000 ლარის, სულ – 3509 ლარისა და 60 თეთრის დაკისრება მოპასუხისათვის.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ჩ-ძის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას აღნიშნულ საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ ქ. ქუთაისის სოციალური განყოფილების ერთიანი სახელმწიფო ფონდი და ქ. ქუთაისის სოციალური დახმარების განყოფილება. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ქუთაისის საქლაქო სასამართლოს 2000 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ჩ-ძის სარჩელი. ქ. ქუთაისის სოციალური განყოფილების ერთიან სახელმწიფო ფონდს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 128 ლარის გადახდა. მ. ჩ-ძის სასარჩელო მოთხოვნას, მოპასუხე ქ. ქუთაისის სოციალური დახმარების განყოფილებისათვის 407 ლარის დაკისრების ნაწილში, ეთქვა უარი. აგრეთვე, არ დაკმაყოფილდა მ. ჩ-ძის მოთხოვნა მორალური ზიანის დაკისრებაზე უარის ნაწილში.
საკასაციო საჩივარში მ. ჩ-ძემ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სოციალური დახმარების – 407 ლარისა და მორალური ზიანის – 3000 ლარის მოპასუხეთათვის დაკისრებაზე უარის ნაწილში.
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მოუსმინა კასატორის განმარტებას და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც, მართალია, შეტანილი და აღრიცხულია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, მაგრამ ძალაში არ შესულა, რადგან არ ყოფილა გამოქვეყნებული საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში, კერძოდ “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
პალატა თვლის, რომ “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4, მე-5 პუნქტებისა და 41-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი ბრძანება “უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების დანიშვნა-გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” არ შეიძლება ჩაითვალოს ძალაში შესულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 აგვისტოს ბრძანებულება ¹ 380 “უმწეოთა სოციალური (ოჯაური) დახმარების შესახებ”.
აღნიშნული ბრძანებულების მე-5 მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, “საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 2000 წლის 1 ივლისიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, უნდა უზრუნველეყო უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების დანიშვნა-გაცემის ორგანიზაცია; აღნიშნული კანონის მე-14 მუხლით დადგენილი რიგითობის გათვალისწინებით აღნიშნულ სამინისტროებს უნდა განეხილად და გადაეწყვიტათ ამ ბრძანებულებით განსაზღვრულ კონტიგენტზე 2000 წლის დასაწყისიდან სოციალური (ოჯახური) დახმარების გაცემის წესი.
ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების გაცემა უნდა დაწყებულიყო 2000 წილს 1 ივლისიდან, ხოლო 2000 წლის პირველ 6 თვეში უმწეოთათვის გასაცემი დახმარებები თითქოს გათვალისწინებული არ ყოფილა.
პალატა თვლის, რომ პრეზიდენტის ზემოთ აღნიშნულ ბრძანებულების მე-5 მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, დახმარებების გაცემა უნდა დაწყებულიყო 2000 წლის 1 იანვრიდან.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატა არასწორად დაეყრდნო სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დირექტორის მიერ ქ. ქუთაისის ტერიტორიული ორგანოსადმი 2000 წლის 2 ოქტომბერს გაგზავნილ ტელეფონოგრამას, რომელშიც მითითებულია, რომ 2000 წლის 18 სექტემბერს ფონდიდან გადარიცხული საოჯახო დახმარებების თანხით უნდა დაფინანსებულიყო სექტემბრის თვის დახმარება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ტელეფონოგრამაში არ არის მითითებული, თუ რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე უნდა მომხდარიყო აღნიშნული დაფინანსება. გარდა ამისა, პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლსო მითითებას გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, რომ თითქოს ტელეფონოგრამის თანახმად, დახმარება უმწეო ოჯახებზე უნდა გაცემულიყო არა ივლისის თვიდან, არამედ 1 სექტემბრიდან.
საკასაციო პალატას მიაქნიაბ რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სამართლის ნორმები, გადაწყვეტილება იურიდიულად სრულყოფილად არ დაასაბუთა, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილების, 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას.
რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა, არ არის დამყარებული კანონზე და სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი მის დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მ. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 9 ნომბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს ქ. ქუთაისის მერიის სოციალური დახმარების განყოფილებისათვის 407 ლარის დაკისრებაზე უარის ნაწილში და ამ ნაწილში ელახალი განხილვისათვის საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.