საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№496აპ-25 თბილისი
ხ-ი უ., 496აპ-25 23 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 თებერვლის განაჩენით უ. ხ-ი - - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით, 6 თვით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავების უფლება.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ უ. ხ-მა ჩაიდინა მითვისება, ე. ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2018 წლის 20 მარტს თ-ში, გ. ს-ის გამზირზე, შპს „მ-სა“ და გ. ა-ეს შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, შპს „მ-მ“ მ. ა-თვის გადასაცემად 7 000 ლარად შეიძინა სატრანსპორტო საშუალება – „BMW 528“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით – -, რომელიც იმავე დღეს გადასცა ლიზინგის მიმღებს სარგებლობისა და გამოსყიდვის უფლებით, ხოლო ლიზინგის თანხად განისაზღვრა 4 992 ლარი. გ. ა-ეს უნდა გადაეხადა ლიზინგის თანხა –თვეში 265,84 ლარის ოდენობით.
· 2018 წლის ზაფხულში თ-ში, გ-ს მე-- მ/რაიონში, უ. ხ-მა, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, გ. ა-გან შეიძინა ავტომანქანა შპს „მ-ს“ წინაშე არსებული სესხის დაფარვის პირობით. 2019 წლის გაზაფხულზე, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, თ-ში, გ-ის მე-- მ/რაიონის N--ე კორპუსის მიმდებარედ, უ. ხ-მა თავის მართლზომიერ ფლობელობაში მყოფი ავტომანქანა დაშალა ნაწილებად და გაასხვისა. ვინაიდან 2021 წლის 17 ივნისს შპს „მ-ს“ პრობლემური აქტივები გადაეცა შპს “ფ. ჯ-ას“, უ. ხ-ის დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულ კომპანიას მიადგა 7 000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ნათია ჩუბინიძე ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და უ. ხ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის –თავისუფლების აღკვეთის – განსაზღვრას, რომელსაც მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. განსახილველ შემთხვევაში კასატორი ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სასჯელს. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ უ. ხ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლებზე, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელ (არ გააჩნია) და შემამსუბუქებელ (დანაშაულის გაცნობიერება, აღიარება და მონანიება, ნასამართლობის არქონა, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და ამით სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, ოჯახური და ფინანსური მდგომარეობა (კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, არის თვითდასაქმებული), მისი კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულებრივი ფაქტიდან გასულ პერიოდში მისი ყოფაქცევა) გარემოებებზე დაყრდნობით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული გამოხატავს მზაობას, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით დაწესებული სასჯელის ერთ-ერთი სახე – ჯარიმა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე.
8. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ უ. ხ-ისათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
9. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე