Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №497აპ-25 23 ოქტომბერი, 2025 წელი

ი-ი ვ., №497აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 მარტის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ვ. ი-ს ბრალად ედებოდა:

1.1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის;

1.1.2. ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.

1.2. ვ. ი-ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

1.2.1. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ვ. ი-მა, 2021 წლის 30 დეკემბერს, დღისით, გ-ში, -ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ ბინასა და სადარბაზოში, არასრულწლოვანი შვილის – ა. ი-ის – თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ც. ვ-ს. კერძოდ, ხელებით წვდა თმებში და მოჰქაჩა ძიერად, ასევე – თავი და ხელი დაარტყა სახეში და ხელები მოუჭირა ყელში. შედეგად, ც. ვ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2.2. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ვ. ი-ი, 2021 წლის 30 დეკემბერს, დღისით, გ-ში, -ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ ბინასა და სადარბაზოში, ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ც. ვ-ს. კერძოდ, უთხრა, რომ მოაჭრიდა ყურს და დაამახინჯებდა. შედეგად, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენით, ვ. ი-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ. ი-ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას.

2.2. გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ოთარ ხორგუაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ვ. ი-ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

2.3. პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, ვ. ი-ის ადვოკატებმა – შ. მ-ემ და ნ. ბ-მა – წარადგინეს შესაგებელი, რომლითაც მოითხოვეს გორის რაიონული სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 მარტის განაჩენით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – ოთარ ხორგუაშვილის – სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი – ოთარ ხორგუაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს ვ. ი-ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, ბრალადწარდგენილ ორივე ეპიზოდთან მიმართებით, ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.

3.3. პროკურორის საკასაციო საჩივრის საპასუხოდ, ვ. ი-ის ადვოკატებმა – შ. მ-ემ და ნ. ბ-მა – წარადგინეს შესაგებელი, რომლითაც ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. ი-ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.3. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა – მეუღლემ, ც. ვ-მა – ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ვ. ი-ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, რამდენადაც საპროცესო უფლებით სარგებლობა იძულებით, მუქარით, ძალადობით ან სხვაგვარი უკანონო ქმედებით არ განპირობებულა, შეუძლებელია აღნიშნული პირის მიერ გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება და, მით უფრო – მასზე განაჩენის დაფუძნება.

4.4. საქმეში არსებული პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ც. ვ-ს 2021 წლის 30 ოქტომბერს მართლაც აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, თუმცა, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა უტყუარ დასკვნას იმ გარემოებებისა და პირის შესახებ, ვის მიერ და რა ვითარებაში მიიღო აღნიშნული დაზიანებები. დამნაშავის იდენტიფიკაციის მიზნით წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები – დაზარალებულის დისა და დედის ჩვენებები – ირიბია, რამდენადაც ისინი არ არიან შემთხვევის უშუალო თვითმხილველები. შესაბამისად, მათი გამოყენებაც, ვინაიდან პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს შეიცავს, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).

4.5. საგულისხმოა ვ. ი-ის დედის განმარტებაც, რომელიც შემთხვევის დღეს, სახლში იმყოფებოდა. მისი თქმით, ვ. ი-ისა და ც. ვ-ის ჩხუბის ხმა არ გაუგია. მხოლოდ კარის ხმა მოესმა, რის შემდეგაც ვ-მა უთხრა: „სახლში წავიდაო“.

4.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას. ამასთან, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც „მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77). „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-41-43).

4.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 მარტის განაჩენი ვ. ი-ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.9. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე