Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№498აპ-25 თბილისი

ვ-ი ვ., 498აპ-25 28 ოქტომბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 მარტის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილისა და მსჯავრდებულ ვ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. ვ-ს ბრალად დაედო: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 3 ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2024 წლის 7 მაისს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ქ. რ-ში, --ში მდებარე ადვოკატ დ. ბ-ის საცხოვრებელ ბინაში მივიდა მისი მეზობელი, ვ. ვ-ი, რომელიც ადვოკატ დ. ბ-ისგან მოითხოვდა, საგამოძიებო ორგანოს დაებრუნებინა ვ. ვ-ის ნათესავისთვის – ზ. ვ-ისთვის – სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ამოღებული ავტომანქანა ან დ. ბ-ეს ვ. ვ-ისთვის დაებრუნებინა საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისთვის გადახდილი ჰონორარი – 1 500 ლარი, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ, თუ თანხას არ დააბრუნებდა, სიცოცხლეს მოუსპობდა. აღნიშნული მუქარა დ. ბ-ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2024 წლის 17 მაისს, დაახლოებით, 17:00 საათზე, ქ. -ში, - კორპუსის ეზოში ვ. ვ-ი ადვოკატ დ. ბ-ისგან მოითხოვდა, საგამოძიებო ორგანოს დაებრუნებინა ვ. ვ-ის ნათესავისთვის – ზ. ვ-ისთვის – სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ამოღებული ავტომანქანა ან დ. ბ-ეს ვ. ვ-ისთვის დაებრუნებინა საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისთვის გადახდილი ჰონორარი – 1 500 ლარი, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით, კერძოდ, უთხრა, რომ, თუ თანხას არ დააბრუნებდა, შუბლს გაუხვრეტდა და „ტოიოტა რავ 4-ის“ მოდელის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით – -) დაუწვავდა. აღნიშნული მუქარა დ. ბ-ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2024 წლის 18 მაისს, დაახლოებით, 23:45 საათზე, ქ. რ-ში, --ში მდებარე ადვოკატ დ. ბ-ის საცხოვრებელ ბინაში მივიდა მისი მეზობელი, ვ. ვ-ი, რომელიც ადვოკატ დ. ბ-ისგან მოითხოვდა, საგამოძიებო ორგანოს დაებრუნებინა ვ. ვ-ის ნათესავისთვის – ზ. ვ-ისთვის – სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ამოღებული ავტომანქანა ან დ. ბ-ეს ვ. ვ-ისთვის დაებრუნებინა საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისთვის გადახდილი ჰონორარი – 1 500 ლარი, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ, თუ თანხას არ დააბრუნებდა, შუბლს გაუხვრეტდა. აღნიშნული მუქარა დ. ბ-ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2024 წლის 19 მაისს, დაახლოებით, 12:30 საათზე, ქ. რ-ში, - კორპუსის ეზოში, ვ. ვ-ი ადვოკატ დ. ბ-ის შვილისგან – მ. ა-სგან – მოითხოვდა, საგამოძიებო ორგანოს დაებრუნებინა ვ. ვ-ის ნათესავისთვის – ზ. ვ-ისთვის – სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ამოღებული ავტომანქანა ან დ. ბ-ეს ვ. ვ-ისთვის დაებრუნებინა საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისთვის გადახდილი ჰონორარი – 1 500 ლარი; ასევე, ჰკითხა, აპირებდნენ თუ არა თანხის გადაცემას, უარის მიღების შემდეგ კი ვ. ვ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. ა-ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნული მუქარა მ. ა-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ვ. ვ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 17 მაისისა და იმავე წლის 19 მაისის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში; ვ. ვ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 7 მაისისა და იმავე წლის 18 მაისის ეპიზოდები) და მიესაჯა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 10-10 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნაწილობრივ შეიკრიბა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2024 წლის 7 მაისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან – 10 თვით თავისუფლების აღკვეთიდან – 8 თვე და სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2024 წლის 18 მაისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან – 10 თვით თავისუფლების აღკვეთიდან – 8 თვე და, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ვ-ს განესაზღვრა 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ვ. ვ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 მაისის N1/2722-23 განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით (რომელზეც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, ამნისტია არ ვრცელდება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული 2 წლით პირობითი მსჯავრი და ახლადდანიშნულ სასჯელს – 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთას – ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – და ვ. ვ-ს, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2024 წლის 19 მაისიდან.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თორნიკე ტატუნაშვილი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, ვ. ვ-ის დამნაშავედ ცნობას ასევე საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (4 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესზე დაყრდნობით, ხოლო მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ა-ა – ვ. ვ-ისათვის უფრო მსუბუქი სახის სასჯელის განსაზღვრას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ განაჩენი უკანონოა ვ. ვ-ის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2 ეპიზოდში) გამართლების ნაწილში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა ბრალდების ამ ეპიზოდებში ვ. ვ-ის ბრალეულობა.

8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, უსაფუძვლოა პროკურორის მოთხოვნა ვ. ვ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 17 მაისისა და 19 მაისის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და იგი სწორად ცნო უდანაშაულოდ მითითებულ ეპიზოდებში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ვ. ვ-ის მიერ ერთ ეპიზოდში – დ. ბ-ის, მეორე ეპიზოდში კი – მ. ა-ისადმი მუქარის ფაქტებს.

9. პალატა აღნიშნავს, რომ 2024 წლის 17 მაისისა (დაზარალებული დ. ბ-ე) და 2024 წლის 19 მაისის (დაზარალებული მ. ა-ი) ეპიზოდებთან მიმართებით წარმოდგენილი მხოლოდ დაზარალებულების – დ. ბ-ისა და მ. ა-ის – ჩვენებები ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობად, რათა დადგინდეს ვ. ვ-ის ბრალეულობა 2024 წლის 17 მაისს – დ. ბ-ის, ხოლო 2024 წლის 19 მაისს – მ. ა-ის მიმართ ჩადენილ მუქარაში. ამასთან, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე დამატებითი მტკიცებულება. საყურადღებოა, რომ გამოძიების ეტაპზე შექმნილი და უდაოდ ცნობილი სხვა მოწმეების გამოკითხვის ოქმებით არ დასტურდება ვ. ვ-ის მიერ დ. ბ-ესა და მ. ა-ზე დამუქრების ფაქტები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა და ამ დასკვნას საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, რომ არ არსებობს აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა 2024 წლის 17 მაისისა და 19 მაისის ეპიზოდებში ვ. ვ-ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

10. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ – გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვ. ვ-ი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

12. სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით – ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელ სამუშაოს, ვადით – ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობას, ვადით – ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან –უამისოდ.

13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქმედებების ჩადენის დროს ვ. ვ-ი არაერთხელ იყო ნასამართლევი განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

14. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი (იგი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის და სახეზეა დანაშაულის რეციდივის ნიშნები; ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენისას იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ) გარემოებები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, რაზე დაყრდნობითაც, მსჯავრდებულ ვ. ვ-ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის თითოეულ ეპიზოდში განუსაზღვრეს მუხლით დაწესებული მაქსიმალური სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. შესაბამისად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობს ვ. ვ-ისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების (სამართლებრივად შეუძლებელია) ან შემსუბუქების ან სასჯელის სხვა სახის გამოყენების საფუძველი.

15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავი პასუხები გაეცა მხარეთა საკასაციო საჩივრებში (იგივე საფუძვლები იყო მითითებული სააპელაციო საჩივრებშიც) მითითებულ მოტივებზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება – არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეებზე: გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებისა და დაცვის მხარეების საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორთა მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ რომელიმე წინაპირობას.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილისა და მსჯავრდებულ ვ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა-ას საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე