საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №508აპ-25 7 ოქტომბერი, 2025 წელი
ლ. გ., №508აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ლ-ის ადვოკატის – გ. ყ-ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ლ-ეს ბრალად ედებოდა:
1.1.1. ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 210-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.1.2. ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
1.1.3. თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
1.1.4. ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
1.1.5. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
1.2. გ. ლ-ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. შპს “ნ----ს“ (ს/ნ ---), შპს “ნ-----ის“ (ს/ნ ---), შპს “მ-ას“ (ს/ნ ---) და შპს “თ------------ის“ (ს/ნ ---) ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა – გ. ლ-ემ – 2019 წლის ივლისში განიზრახა, მის მმართველობაში არსებული, ზემოხსენებული მეწარმე სუბიექტების სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, შეექმნა დღგ-ს ფიქტიური აქტივი, რომელსაც გამოიყენებდა სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების გასაქვითად და მოტყუებით მიიღებდა მატერიალურ სარგებელს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მის მიერ 2019 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში დამზადდა შპს “ნ----ს“, შპს “ნ-----ის“ და შპს “მ-ას“ მიერ შპს “თ---ზე“ 1 555 094 ლარის მომსახურების მიწოდების 25 ერთეული ყალბი საგადასახადო ----------------; ასევე – შპს “ნ-----ის“ მიერ შპს “მ-აზე“ 78 000 ლარის მომსახურების მიწოდების 1 ერთეული ყალბი საგადასახადო ა/ფაქტურა: ---, რის საფუძველზეც, შპს “თ---მა“ მიიღო, ჯამში 237 218 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა, ხოლო შპს “მ-ამ“ – ჯამში 11 898 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა.
1.2.2. შპს “ნ----ს“ (ს/ნ ---), შპს “ნ-----ის“ (ს/ნ ---), შპს “მ-ას“ (ს/ნ ---) და შპს “თ------------ის“ (ს/ნ ---) ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა – გ. ლ-ემ – 2019 წლის ივლისში განიზრახა მის მმართველობაში არსებული, ზემოხსენებული მეწარმე სუბიექტების სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, შეექმნა დღგ-ს ფიქტიური აქტივი, რომელსაც გამოიყენებდა სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების გასაქვითად და მოტყუებით მიიღებდა მატერიალურ სარგებელს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მის მიერ 2019 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში დამზადდა შპს “ნ----ს“, შპს “ნ-----ის“ და შპს “მ-ას“ მიერ შპს “თ---ზე“ 1 555 094 ლარის მომსახურების მიწოდების 25 ერთეული ყალბი საგადასახადო ა/ფაქტურა: --- 814--------; ასევე – შპს “ნ-----ის“ მიერ შპს “მ-აზე“ 78 000 ლარის მომსახურების მიწოდების 1 ერთეული ყალბი საგადასახადო ა/ფაქტურა: ---, რის საფუძველზეც, შპს “თ---მა“ მიიღო, ჯამში, 237 218 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა, ხოლო შპს “მ-ამ“ – ჯამში 11 898 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა, საიდანაც 239 893 გამოყენებულ იქნა ბიუჯეტში გადასახდელი თანხების გასაქვითად და მიუღებელი გადასახადის სახით, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
1.2.3. შპს “ნ----ს“ (ს/ნ ---), შპს “ნ-----ის“ (ს/ნ ---), შპს “მ-ას“ (ს/ნ ---) და შპს “თ------------ის“ (ს/ნ ---) ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა – გ. ლ-ემ – 2019 წლის ივლისში განიზრახა მის მმართველობაში არსებული ზემოხსენებული მეწარმე სუბიექტების სახელით ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, შეექმნა დღგ-ს ფიქტიური აქტივი, რომელსაც გამოიყენებდა სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების გასაქვითად და მოტყუებით მიიღებდა მატერიალურ სარგებელს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მის მიერ 2019 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში დამზადდა შპს “ნ----ს“, შპს “ნ-----ის“ და შპს “მ-ას“ მიერ შპს “თ---ზე“ 1 555 094 ლარის მომსახურების მიწოდების 25 ერთეული ყალბი საგადასახადო ა/ფაქტურა: --- 814--------; ასევე – შპს “ნ-----ის“ მიერ შპს “მ-აზე“ 78 000 ლარის მომსახურების მიწოდების 1 ერთეული ყალბი საგადასახადო ა/ფაქტურა: ---, რის საფუძველზეც, შპს “თ------------მა“ მიიღო, ჯამში, 237 218 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა, ხოლო შპს “მ-ამ“ – 11 898 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა. გ. ლ-ემ შპს “თ------------ის“ სახელით განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა უსაფუძვლოდ წარმოქმნილი ზედმეტობიდან თანხის მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა, რის საფუძველზეც, ჩაერიცხა და სრულად გაიტანა, ჯამში, 9 223 ლარი, რამაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
1.2.4. შპს “ნ----ს“ (ს/ნ ---), შპს “ნ-----ის“ (ს/ნ ---) და შპს “მ-ას“ (ს/ნ ---) ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა – გ. ლ-ემ და შპს “ე--ის“ (ს/ნ --) ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა – ლ. ჯ-ემ, 2021 წლის იანვარში განიზრახეს, მათ მმართველობაში არსებული ზემოხსენებული მეწარმე სუბიექტების სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, შეექმნათ დღგ-ს ფიქტიური აქტივი, რომელსაც გამოიყენებდნენ სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების გასაქვითად. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მათ მიერ, 2021 წლის 18 იანვრიდან 2021 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში დამზადდა, შპს “ნ----ს“, შპს “ნ-----ის“ და შპს “მ-ას“ მიერ მპს “ე--იზე“ 698 000 ლარის მომსახურების მიწოდების 5 ერთეული ყალბი საგადასახადო ა/ფაქტურა: ---.
1.2.5. შპს “ნ----ს“ (ს/ნ ---), შპს “ნ-----ის“ (ს/ნ ---) და შპს “მ-ას“ (ს/ნ ---) ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა – გ. ლ-ემ და შპს “ე--ის“ (ს/ნ --) ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა – ლ. ჯ-ემ, 2021 წლის იანვარში განიზრახეს მათ მმართველობაში არსებული ზემოხსენებული მეწარმე სუბიექტების სახელით ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, შეექმნათ დღგ-ს ფიქტიური აქტივი, რომელსაც გამოიყენებდნენ სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების გასაქვითად. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მათ მიერ, 2021 წლის 18 იანვრიდან 2021 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში დამზადდა, შპს “ნ----ს“, შპს “ნ-----ის“ და შპს “მ-ას“ მიერ შპს “ე--იზე“ 698 000 ლარის მომსახურების მიწოდების 5 ერთეული ყალბი საგადასახადო ა/ფაქტურა: ---. აღნიშნულის საფუძველზე, შპს “ე--იმ“ მიიღო 106 474 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა, რომელიც სრულად იქნა გამოყენებული ბიუჯეტში გადასახდელი თანხების გასაქვითად, რითაც მიუღებელი გადასახადის სახით, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 თებერვლის განაჩენით:
2.1.1. გ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
2.1.2. გ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
2.1.3. გ. ლ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
2.1.4. გ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
2.1.5. გ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
2.1.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ლ-ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
2.1.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი –თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელი, ჯარიმა – 4000 ლარის ოდენობით; საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ლ-ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
2.1.8. მსჯავრდებულ გ. ლ-ის სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით, მისი დაპატიმრების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.
2.1.9. მსჯავრდებული გ. ლ-ე დააკავეს 2024 წლის 12 მარტს.
2.2. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ლ-ის ადვოკატმა – გ. ყ-მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. ლ-ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მსჯავრდებულ გ. ლ-ის ადვოკატმა – კ. ყ-მა – დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა მხოლოდ გ. ლ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 აპრილის განაჩენით, დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 თებერვლის განაჩენი:
3.1.1. გ. ლ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 210- ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა:
3.1.2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 2 თვით;
3.1.3. საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 2 თვით;
3.1.4. საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 2 თვით;
3.1.5. საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გ. ლ-ე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის – 3 წლით თავისუფლების აღკვეთის – მოხდისაგან;
3.1.6. საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 2 თვით;
3.1.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ლ-ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 2 თვით;
3.1.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – 4 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ლ-ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 2 თვით, რომლის მოხდის ვადა აეთვალა 2024 წლის 12 მარტიდან.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. ლ-ის ადვოკატი – გ. ყ-ი – საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. ლ-ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მტკიცებულებები (მოწმეების: მ. ჩ-ის, ნ. ლ-ის, გ. ჯ-ას, დ. ქ-ის, გ. ს-ის, ა. კ-ის, ე. პ-სა და გ. ლ-ის გამოკითხვის ოქმები, კომერციული ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, დათვალიერების ოქმებზე თანდართული მასალები, თემატური რევიზიის აქტი) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი სასამართლოში არ გამოკვლეულა. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული უდავო მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს გ. ლ-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენას. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომებზე, გ. ლ-ე ბრალადწარდგენილ ყველა ეპიზოდში თავს სრულად ცნობდა დამნაშავედ.
4.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ გ. ლ-ისთვის სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება და ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ თითოეული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი, მიუხედავად მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარებისა, გ. ლ-ის მიერ ჩადენილი თითოეული ქმედების პროპორციულია.
4.4. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41). „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მტკიცებულებებისა და დაცვის მხარის პოზიციის შეფასების ნაწილში, სწორი და კანონიერია, ხოლო ამ დანაშაულთათვის დანიშნული სასჯელი – საქართველოს სსკ-ის 53-ე და 58-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნებისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესაბამისია.
4.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.7. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ლ-ის ადვოკატის – გ. ყ-ის – საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე