¹ბს-320-304-(კ-06) 18 ივლისი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ჯ. რ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს გენერალური
პროკურატურა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.
დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ჯ. რ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 2-3).
საქმის გარემოებები:
ჯ. რ-ე 1991 წლიდან მუშაობდა პროკურატურის ორგანოებში, 1998 წლიდან პროკურატურის თბილისის განყოფილებაში პროკურორად. მოხალისედ მონაწილეობდა საქართველოს მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში, არის ომის ვეტერანი. პროკურატურის სისტემაში ჩატარებული რეფორმის შედეგად 2004 წლის 7 ივნისს „ომისა და სამხედრო ძალების შესახებ“ კანონის თანახმად გენერალური პროკურორის ¹846-პ ბრძანებით დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის ორგანოებში სისხლის სამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების ..... პროკურატურის ორგანოებში განმეორებით ჩატარებული რეფორმის დროს 2004 წლის 2 აგვისტოს ¹153 ბრძანებით ორი თვის ვადით გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და 2004 წლის 4 ნოემბერს გენერალური პროკურორის ¹448 ბრძანებით გათავისუფლდა თანამდებობიდან რეაორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის ორგანოებში სისხლის სამართლებრივი დევნის კანონერებაზე ზედამხედველობის განყოფილების .... თანამდებობიდან იგი უკანონოდ იქნა გადაყვანილი კადრების განკარგულებაში და შემდგომ გათავისუფლებული თანამდებობიდან. რეაორგანიზაციისა და შტატების შემცირებისას მას უნდა ესარგებლა სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლებით. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ პუნქტის თანახმად, სამუშაო სტაჟის ხანგრძლივობის მიუხედავად სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაკთა რაოდენობის და შტატების შემცირებისას, როგორც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, იგი სარგებლობდა სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლებით, რაც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გათვალისწინებულ არ იქნა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ არ იქნა დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, მე-7 და მე-8 მუხლები, რადგან ბრძანება მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გამოცემულ იქნა შესაბამისი დასაბუთების გარეშე და დისკრეციული უფლებამოსილების არასწორად გამოყენების საფუძველზე. კერძოდ, არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ჯ. რ-ე იყო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მისთვის არ შეუთავაზებიათ სხვა სამსახური. ასევე, არ ყოფილა განმარტებული თუ რა მიზეზით გაათავისუფლეს იგი თანამდებობიდან. მოსარჩელის განცხადებით მასთან ერთად კადრების განკარგულებაში გადაყვანილ პირთაგან რამდენიმე კვლავ დაინიშნა პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მაშინ, როდესაც მოსარჩელე, როგორც ომის ვეტერანი, მათთან შედარებით სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლებით სარგებლობდა. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მას ადმინისტრაციის ბრალეული ქმედების გამო არ მიუღია შრომის წიგნაკი.
მოპასუხე – საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ი. კ-ემ სარჩელზე წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სარჩელი და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდგომ გარემოებათა გამო:
საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჯ. რ-ის სამსახურიდან დათხოვნისას ადგილი არ ჰქონია კანონმდებლობის დარღვევას, რადგან იგი დათხოვნილ იქნა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად და საკითხის გადაწყვეტისას გენერალური პროკურატურა არ იყო ვალდებული ეხელმძღვანელა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“ საქართველოს კანონით, ვინაიდან, ორგანული კანონი უპირატესი იურიდიული ძალის მქონეა ჩვეულებრივ კანონთან მიმართებაში. ასევე, ჯ. რ-ის სამსახურიდან დათხოვნისას გენერალური პროკურატურის მიერ დაცული იყო კანონით დადგენილი მოთხოვნები, იგი დადგენილ ვადაში იქნა გაფრთხილებული შესაძლო გათავისუფლების შესახებ, რის შემდგომ გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდგომ დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ. რ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 4 ნოემბრის ¹448 ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც დათხოვნილ იქნა მოსარჩელე და საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა ჯ. რ-ის სამსახურიდან დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების ხელახლა გამოკვლევა და ამ გარემოებათა შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოსარჩელეს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ჯ. რ-ე 1991 წლიდან მუშაობდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანია და სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით. 2004 წლის 7 ივნისს საქართველოს გენერალური პროკურორის ¹846-პ ბრძანებით დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ორგანოებში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორად. 2004 წლის 2 აგვისტოს ¹153-პ ბრძანებით პროკურატურის ორგანოების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გადაყვანილ იქნა კადრების განყოფილებაში და დაეკისრა მოვალეობის შესრულება იმავე თანამდებობაზე. 2004 წლის 4 ნოემბრის ¹448 ბრძანების საფუძველზე „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდა თანამდებობიდან. ჯ. რ-თან ერთად კადრების განკარგულებაში გადაყვანილ პირთა ნაწილი არ სარგებლობდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სამსახურში უპირატესი დატოვების უფლებით, თუმცა ისინი საქართველოს პროკურატურის სისტემაში დაინიშნენ სხვადასხვა თანამდებობაზე მაშინ, როდესაც მოსარჩელე დათხოვნილ იქნა თანამდებობიდან.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა არ იყო ვალდებული „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნით ეხელმძღვანელა, ვინაიდან მასთან შედარებით უპირატესი იურიდიული ძალა ორგანულ კანონს გააჩნდა, და განმარტა, რომ ეს საკითხი მხოლოდ სამართლის ნორმათა კოლიზიის შემთხვევაში შეიძლება დამდგარიყო, მოცემულ შემთხვევაში კი ნორმათა ან კანონთა კოლიზიას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენდა სპეციალურ კანონს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ადგენდა ვეტერანის სტატუსის მქონე პირთა სახელმწიფო დაწესებულებაში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურიდან დათხოვნის განსახილველ წესს და იგი სავალდებულო იყო მოპასუხისათვის.
სასამართლომ განმარტა, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურას მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას სათანადოდ არ უმსჯელია, არსებობდა თუ არა ჯ. რ-ის სამსახურიდან დათხოვნის კანონიერი საფუძვლები, არ იიქნა გამოყენებული ჯ. რ-ის მიმართ კანონით მინიჭებული სამსახურში უპირატესი დატოვების უფლება. მოპასუხემ ასევე დაარღვია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, ჯ. რ-ეს არ შესთავაზა რა საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სხვა თანამდებობის დაკავება.
სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული ბრძანება წარმოადგენს რა ინდივიდუალურ ადმინსტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ამ აქტის გამოცემიას. 96-ე მუხლის თანახმად კი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. იმ მოტივით, რომ სადაო ბრძანება გამოიცა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ომის და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, რომელთა დაცვის შემთხვევაში შეიძლებოდა, მოპასუხის მიერ განსხვავებული გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული, სასამართლომ დაასკვნა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილად უნდა ცნობილიყო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლომ განმარტა – ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად სცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი, ხოლო სადაო საკითხის გადაუწყვეტლად სადაო ბრძანების ჯ. რ-ის პროკურატურიდან დათხვნის ნაწილში ბათილად ცნობისა და პროკურატურისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების გამო ვერ იქნებოდა დაკმაყოფილებული მოსარჩელის სხვა სასარჩელო მოთხოვნები – ბოლო სამუშაო ადგილზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
მოსარჩელე 2004 წლის 1 ივლისს გაფრთხილებულ იქნა შტატების შემცირების გამო თანამდებობიდან შესაძლო განთავისუფლების თაობაზე. 2004 წლის 2 აგვისტოს ¹153-პ ბრძანების საფუძველზე ორ თვიანი ვადით იგი გადაყვანილ იქნა კადრების განყოფილებაში და დროებით დაეკისრა ქ. თბილისის პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ორგანოებში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორის მოვალეობის შესრულება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჯ. რ-ე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან.
სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი, ვინაიდან სადაო ბრძანება გამოიცა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ჯ. რ-ის დათხოვნისას გამოკვლეული და შეფასებული იქნა საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კადრების განკარგულებაში ყოფნის სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თუ არ არსებობს პროკურატურიდან დათხოვნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, კადრების განკარგულებაში მყოფ პროკურატურის მუშაკს უნდა შესთავაზონ მისი კვალიფიკაციის შესაბამისი თანამდებობა მხოლოდ და მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში. ჯ. რ-ის მიმართ კი სახეზე იყო ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, შტატების შემცირება, ხოლო ამავე ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი ცალსახად ადგენს, რომ კადრების განკარგულებაში მყოფი მუშაკი შტატების შემცირების მოტივით შეიძლება დაითხოვონ პროკურატურიდან.
სააპელაციო საჩივარზე ჯ. რ-ემ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება /იხ. ს.ფ. /.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; კერძოდ, უარი ეთქვა ჯ. რ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
2004 წელს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მიღებულ იქნა ბრძანება საქართველოს გენერალური და ქ. თბილისის პროკურატურის ორგანოების რეორგანიზაციის შესახებ შტატების შემცირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით 2004 წლის 1 ივლისს პროკურატურის თანამშრომლები და მათ შორის ჯ. რ-ე გაფრთხილებულ იქნა პროკურატურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული შტატების შემცირების გამო თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების ან პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ. 2004 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალური პროკურორის ¹153-პ ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა თბიილსის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ორგანოებში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების ..... თანამდებობიდან, გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და დროებით დაეკისრა იმავე თანამდებობის მოვალეობის შესრულება. 2004 წლის 4 ნოემბრის გენერალური პროკურორის ¹448 ბრძანების საფუძველზე კი გათავისუფლდა თანამდებობიდან „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და საქმის გარემოებებს მისცა არასწორი შეფასება. საქართველოს გენერალური პროკურატურა „პროკურატურის შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის თანახმად შტატების შემცირების გამო უფლებამოსილი იყო სამსახურიდან დაეთხოვა ჯ. რ-ე. შესბამისად, არ დარღვეულა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97.2 მუხლის მოთხოვნა, რადგან ამავე კანონის 11.2 მუხლის თანახმად პროკურატურაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ვრცელდება იმ შემთხვევაში თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. შესაბამისად, ვერ იქნებოდა გამოყენებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97.2 მუხლი, რადგან ზემოაღნიშნულ ურთიერთობას აწესრიგებს სპეციალური კანონი „პროკურატურის შესახებ“.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონის თანახმად, ჯ. რ-ეს ჰქონდა სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება, მაგრამ ამ მოთხოვნის გათვალისწინება საქართველოს გენერალურ პროუკრატურას შეეძლო მხოლოდ თანაბარი პირობების არსებობის შემთხვევაში და არა უპირობოდ. შესაბამისად, საქმის მასალებით არ დადასტურებულა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მოთხოვნების დარღვევა და მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლების გამოუყენებლობის შესახებ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. რ-ემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
კასაციის მოტივი:
2004წ ლის 13 აპრილს ¹27 ბრძანების საფუძველზე „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა პროკურატურის ორგანოების რეორგანიზაცია შტატების შემცირებით. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გამოიცა გაფრთხილება თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ, რომელზეც კასატორმა ხელი 16 აპრილს მოაწერა. თუმცა, რეფორმის პერიოდშივე „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონის გათვალისწინებით გენერალური პროკურორის ¹846-პ ბრძანებით დანიშნულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ორგანოებში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორად. ამის შემდგომ, ერთ თვეში გენერალურ და ქ. თბილისის პროკურატურის ორგანოებში კვლავ ჩატარდა რეფორმები და გენერალური პროკურორის ¹153-პ ბრძანებით „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჯ. რ-ე გადაყვანილ იქნა კადრების განყოფილებაში და დაეკისრა მოვალეობის შესრულება. 2004 წლის 4 ნოემბერს ¹448 ბრძანებით იგი გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან 34.1 მუხლის „ვ“ პუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაშინ, როდესაც კადრების განკარგულებაში გადაყვანილი იყო მხოლოდ 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად და 34.1 მუხლის „ვ“ პუნქტი მას არ უნდა შეხებოდა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არ გაითვალისწინა კანონის მოთხოვნები და არ დაასაბუთა მისი გათავისუფლების მოტივი. ამასთან, გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე გენერალურ პროკურატურას უნდა გამოეცა ბრძანება რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შესახებ, რაც არ მომხდარა ჯ. რ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ორგანოებში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორად დანიშვნის შემდგომ.
კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ¹448 ბრძანების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა ასევე ის გარემოება, რომ ბრძანებაში მისი გათავისუფლების საფუძვლად არ იყო მითითებული „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი, აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენდა ბრძანების გაუქმების საფუძველს. სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული კანონი, რაც არასწორი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე დაარღვია კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, რადგან მისთვის 97.2 მუხლის თანახმად არ შეუთავაზებიათ სხვა თანამდებობაზე დანიშვნა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, როდესაც არ გამოიკვლია თუ ვის ჰქონდა სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება და დაინიშნენ თუ არა პროკურატურის ორგანოებში გარედან მოსული პირები. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად სამუშაო სტაჟის ხანგრძლივობის მიუხედავად კასატორს გააჩნდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული.
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ შეპასუხებაში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 26 ივნისის განჩინებით ჯ. რ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34.3 „გ“ პუნქტის შესაბამისად/პროცესუალური კასაცია/ (იხ. ს.ფ.217-220).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯ. რ-ის საკასაციო საჩივრაი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2006 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მიეცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად, სწორად არ იქნა საქმის მასალები გამოკვლეული და დადგენილი ფაქტები. სადაო სამართალურთიერთობას სწორად არ შეეფარდა კანონის ნორმები.
სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კონკრეტულ შემთხვევაში პრეტენზია დასაბუთებულია, ვინაიდან ჯ. რ-ე პროკურატურიდან დათხვნილ იქნა საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 4 ნოემბრის ¹448 ბრძანებით, „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს – „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს პროკურატურის მუშაკის დათხოვნის შესაძლებლობას შტატების შემცირების შემთხვევაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ პროკურატურის მუშაკის კადრების განკარგულებაში ყოფნისა და დაკისრებული მოვალეობის შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულების ვადის გასვლის შემდეგ, თუ არ არსებობს პროკურატურიდან დათხოვნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, კადრების განკარგულებაში მყოფ პროკურატურის მუშაკს უნდა შესთავაზონ მისი კვლაიფიკაციის შესაფერისი თანამდებობა (ასეთის არსებობის შემთვხევაში) და უნდა დაინიშნოს პროკურატურის სისტემაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის განმარტება და გამოყენება დაუშვებელია იმგვარად, რომ პროკურატურის მუშაკი შტატების შემცირების შემთხვევაში, მათ შორის, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ, უპირობოდ უნდა დაექვემდებაროს სამუშაოდან გათავისუფლებას. აღნიშნული ნორმის ამგვარი გამოყენება და განმარტება პროკურატურის მუშაკის შრომითი უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის წარმოშობილ სამართლებრივ, მათ შორის, საჯარო-შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში, უფლებათა რეალიზაციის პროცესში, სახელმწიფოსა და მოქალაქეს ერთმანეთის მიმართ აქვთ როგორც უფლებები, ასევე მოვალეობები. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული მართლწესრიგის ერთ-ერთ ძირითად ნიშან-თვისებას სწორედ პიროვნების სახელმწიფოს წინაშე და თავის მხრივ, სახელმწიფოს პიროვნების წინაშე პასრუხისმგებლობა წარმოადგენს, რაც მოიცავს საჯარო-შრომითსამართლებრივ სფეროსაც.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „პროკურატურის შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი გამორიცხავს კადრების განკარგულების ვადის გასვლის შემდეგ ადმინისტრაციის მიერ მუშაკის სამუშაოდან უპირობოდ გათავისუფლებას. ამასთან, ამგვარი გათავისუფლების შესაძლებლობა გამოირიცხება შტატების შემცირების შემთხვევაშიც. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 96.2 მუხლი, რომელიც პროკურატურის მუშაკზე ვრცელდება ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ადგენს, რომ დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ამასთან, საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97.2 მუხლი გამორიცხავს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე (2005 წლის 23 დეკემბრის კანონით ცვლილებების შეტანამდე მოქმედი რედაქცია).
საკასაციო სასამართლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მითითებული ნორმა ამკრძალავი ხასიათისაა და დაუშვებლად მიიჩნევს მოხელის გათავისუფლებას, თუ იგი თანახმაა სხვა თანამდებობაზე დანიშვნისა, ამგვარი თანხმობა კი თავისთავად განაპირობებს ადმინისტრაციის მხრიდან შეთავაზების აუცილებლობას, აღნიშნული პირობა საჯარო მოხელეთათვის კანონით დადგენილი გარანტიების ერთ-ერთი სახეა, რაც ადმინისტრაციის მხრიდან ექვემდებარება დაცვას.
შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, რომელიც პროკურატურის მუშაკზე ასევე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის გათვალისწინებით, შტატების შემცირების შემთხვევაში დაწესებულებამ უნდა განსაზღვროს დარჩენილი საშტატო თანამდებობებზე დასატოვებელ პირთა წრე, ანუ უნდა გამოარკვიოს უპირატესი დარჩენის საკითხი აღნიშნულ 36-ე მუხლში განსაზღვრული პირობების შესაბამისად. თუკი არ არსებობს იმავე საშტატო ერთეულზე მოხელის დასაქმების შესაძლებლობა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის, შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნიდან გამომდინარე (ისევე, როგორც მანამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე), შტატების შემცირების შემთხვევაში მოხელის დათხოვნა მაინც დაუშვებელია, თუკი არ გამოირიცხა იმავე დაწესებულებაში მისი შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა და მოხელე თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. ადმინისტრაცია ვალდებულია შესთავაზოს მოხელეს შესაბამისი თანამდებობა, რომლის შესაძლებლობაც დაწესებულებაშია, უპირატესი დარჩენის საკითხის გათვალისწინებით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პირობების დაცვის შემდეგ გამოვლინდება, რომ დაწესებულებაში არ არსებობს შესაბამისი ვაკანსია ან მოხელეს არა აქვს შეთავაზებული თანამდებობის დაკავების სურვილი, შესაძლებელია მისი გათავისუფლება. დაწესებულების რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების შემთხვევაში ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი უნდა მომზადდეს და გამოიცეს ადმინისტრაციის მიერ ზემოაღნიშნული აუცილებელი პროცედურის დაცვის გზით, რომლის უგულვებელყოფა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის არსებით დარღვევას წარმოადგენს და ამდენად, გამოცემული აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც პროკურატურის სისტემაში განხორციელებული რეორგანიზაცია და შტატების შემცირება მიიჩნია პროკურატურის მუშაკის სამუშაოდან ავტომატური გათავისუფლების საფუძვლად, არასწორად განმარტა „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლი, არ გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და შრომის კანონთა კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე პროკურატურის მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლება დაუშვებელია, თუკი ადმინისტრაციას აქვს ვაკანტურ თანამდებობაზე აღნიშნული მუშაკის დანიშვნის შესაძლებლობა. ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, შტატების შემცირების შემთხვევაში, შემცირებულ საშტატო ერთეულებზე დასატოვებელ პირთა წრე უნდა განისაზღვროს დაწესებულებაში მომუშავე მოხელეთა ფარგლებში. გასათვალისწინებელია ასევე, რომ „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი კადრების განკარგულებაში მყოფი მუშაკისათვის „მისი კვალიფიკაციის შესაფერისი“ თანამდებობის შეთავაზებას მოითხოვს პროკურატურის სისტემის ფარგლებში და არა მარტო იმ სტრუქტურული ერთეულის საშტატო ერთეულების გათვალისწინებით, სადაც მანამდე მუშაობდა პროკურატურის თანამშრომელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უნდა გამოიკვლიოს მითითებული გარემოებები ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.4 მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. რ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;