Facebook Twitter

¹3კ-245 16 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი შეიტანა შპს კომერციული ბანკი “ს-ის” ლიკვიდატორმა ზ. ი-შვილმა მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა შპს “ი-ომ” 1997-98 წლებში მრავალჯერ ისარგებლა “ს-ის” კრედიტით, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 539 986 ლარი, თვეში 2%-იანი სარგებლით. ბანკის ლიკვიდატორის დანიშვნის დღიდან კრედიტზე პროცენტების დარიცხვა შეჩერებულია. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 602 882 ლარის დაკისრება. მისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა 1997-98 წლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებები.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თავად “ს-ი” იყო შპს “ი-ოს” დამფუძნებელი. მას ეკუთვნოდა საწესდებო კაპიტალის 25%, მაგრამ პარტნიორებთან არსებული შეთანხმების საფუძველზე კლუბის მთლიან ფინანსურ უზრუნველყოფას თავადვე კისრულობდა. როდესაც მოხდა ფეხბურთელ ა-იას “ი-ოდან” “დ-ში” გადასვლა, ფეხბურთელში გადახდილი იქნა 350 000 აშშ დოლარი. ამ გარიგებაში მონაწილეობდა “ს-ი” პრეზიდენტი და კლუბის მაშინდელი მეპატრონე ბ. ჯ-ია. აღნიშნული თანხიდან კლუბს გადმოეცა მხოლროდ 50000 აშშ დოლარი. მოპასუხემ მიუთითა, რომ აღნიშნული თანხით თავისუფლად შეიძლებოდა კლუბზე გაცემული სესხის დაფარვა.

ამასთან, მოპასუხემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საკრედიტო ხელშეკრულებებით საურავის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა საერთოდ არ არის განსაზღვრული.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს “ი-ოს” “ს-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 602 882 ლარის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით საფეხბურთო კლუბ “ი-ოს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 320 293 ლარის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 19 ივლისის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება შპს “ი-ოსათვის” 320293 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად. შპს “ი-ოს” მიერ შეტანილი შეგებებული სარჩელის და შუამდგომლობათა გადაწყვეტის და შპს “ს-ის” სარჩელით მოთხოვნილი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე საპროცენტო დავალიანებათა ანაზღაურების ნაწილში ხელახლა განხილვის მიზნით საქმე დაუბრუნდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “ი-ოს”, “ს-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 188407 ლარის გადახდა. მასვე დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯები 7536 ლარი. შპს “ი-ოს” 300000 აშშ დოლარის გადახდევინების თაობაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შპს “ი-ოს” წარმომადგენლის ადვოკატ დ. კალანდაძის მიერ შეტანილ იქნა საკასაციო საჩივარი. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად უარყო მოპასუხე შპს “ი-ოს” შეგებებული სარჩელი “ს-ისათვის” 300000 დოლარის დაკისრების შესახებ. მან ამგვარ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო “ს-ის” წარმომადგენლის განმარტება, რომ მათ ანგარიშზე გადაირიცხა მხოლოდ 50000 აშშ დოლარი, მაშინ როცა საქმეში არსებობს თბილისის “დ-ს” ხელმძღვანელის წერილი, სადაც მითითებულია, რომ თანხა გადაერიცხა “ს-ს” მისი პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით.

სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ “ს-ის” პრეზიდენტის ბ. ჯ-იას მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე სხვისი ქონების მითვისების შესახებ. პროკურატურის მიერ “ს-ში” დაწყებული იყო დოკუმენტური რევიზია. ასეთ პირობებში სასამართლოს არ ჰქონდა უფლება გადაეწყვიტა შეგებებული სარჩელის ბედი და უნდა დალოდებოდა სისხლის სამართლის საქმების გამოძიების დამთავრებას.

188407 ლარისა და 74 თეთრის გადახდევინების ნაწილში სასამართლო კოლეგია დაეყრდნო “ს-ის” წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ გაანგარიშებას და დადგენილად ჩათვალა, რომ საურავის თანხა სწორედ 188407 ლარს შეადგენდა, “ს-ისათვის” საბანკო ოპერაციების უფლების ჩამორთმევამდე 1999 წლის 05.02-მდე. საქმის მასალებში არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ “ს-ს” საბანკო ოპერაციები შეუწყდა ეროვნული ბანკის 1998 წლის 19 ნოემბრის ¹71 განკარგულებით და თუკი საურავის გადახდა საერთოდ ევალებოდა “ი-ოს” დარიცხვა უნდა შეწყვეტილიყო არა უგვიანეს 1998 წლის 19 ნოემბრისა.

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე 1997 წლის 30 აგვისტოს, 30 სექტემბრის და 1999 წლის 23.02 ხელშეკრულებები, როგორც ფორმის დაუცველად დადებული ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი დადების მომენტიდანვე და არ შეიძლება იურიდიული შედეგის მქონედ ჩაითვალოს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2000 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ შპს “ი-ომ” სადავო ხელშეკრულებებით განსაზღვრული თანხები მიიღო “ს-იდან”. კოლეგიის მიერ ასევე დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებებით განისაზღვრა პროცენტი და პირგასამტეხლო. კოლეგიის მიერ აღნიშნული ხელშეკრულებები ნამდვილ გარიგებებად არის ცნობილი და ასევე დადგენილია, რომ შპს “ი-ო” აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე ვალდებულია გადაიხადოს კრედიტით მიღებული თანხა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 19 ივლისის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება შპს “ი-ოსათვის” შპს “ს-ის” სასარგებლოდ 320293 ლარის, ბაჟის 5000 ლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯების 18811 ლარის გადასახდელად დაკისრების შესახებ დარჩა უცვლელად. ამავე განჩინებით დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული 1997 წლის 30 აგვისტოს, 30 სექტემბრის, 9 ოქტომბრის, 1998 წლის 23 თებერვლის და 27 მარტის ხელშეკრულებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად დამტკიცებას არ საჭიროებენ ისეთი ფაქტები, რომლებიც დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

ვინაიდან ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები მტკიცებას არ საჭიროებენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს სადავო ხელშეკრულებების ნამდვილობის საკითხი უსაფუძვლოა.

კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნამდვილად ცნობილი ხელშეკრულებებით განსაზღვრულია, რომ კრედიტზე საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენდა თვეში 2 პროცენტს. ხელშეკრულებებით განსაზღვრულია, რომ სესხის დაფარვის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელი გადაუხდის ბანკს საურავს 3.1 პუნქტში მოცემული საპროცენტო განაკვეთის ორმაგი ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით 868-ე მუხლის I ნაწილის თანახმად. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე საბანკო კრედიტი ყოველთვის სასყიდლიანია და მოვალემ უნდა გადაიხადოს პროცენტი კრედიტისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

მოვალისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება მას შემდეგ, რაც მან ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობას ადგილი აქვს კრედიტის ვადის გასვლის შემდეგ, სანქციის ამოქმედება, პროცენტის გაორმაგება, პირგასამტეხლოს ათვლა უნდა მოხდეს საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.

საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2000 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გაორმაგებულია, როგორც საკრედიტო ვადის გასვლამდე დარიცხული პროცენტი, ასევე ვალდებულების შესრულების ვადის გასვლის შემდეგ დარიცხული პროცენტი, რაც უსაფუძვლოდ უნდა იქნეს მიჩნეული. გაორმაგებას ექვემდებარება მხოლოდ კრედიტის ვადის გასვლის შემდეგ დარიცხული პროცენტი. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ შპს ,,ი-ოზე” საურავის და პროცენტის დარიცხვა უნდა შეწყვეტილიყო 1998 წლის 19 ნოემბრიდან, როდესაც ბანკს ჩამოერთვა საბანკო ოპერაციების ლიცენზია, რადგან ნორმა რომელიც ამგვარ შედეგის საფუძველი უნდა იყოს, ვერ იქნა მითითებული თვით კასატორის მიერ.

აღნიშნულის გამო, პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება. სადავო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული კრედიტის 2 პროცენტი ვადაგადაცილების შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლო შეადგენს 166.147 ლარს და 98 თეთრს.

შესაბამისად უნდა შემცირდეს ადვოკატის მომსახურებაზე დაკისრებული თანხაც.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

შპს ქუთაისის “ი-ოს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოცემულ საქმეზე ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

შპს ქუთაისის “ი-ოს” შპს “ს-ის” სასარგებლოდ დაეკისროს 166.147 ლარის და 98 თეთრის გადახდა.

შპს ქუთაისის “ი-ოს” შპს “ს-ის” სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯების გადახდა 6645 ლარის ოდენობით.

დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

შპს ქუთაისის “ი-ოს” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის, ხოლო შპს “ს-ს” 890 ლარის ოდენობით.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.