გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ/246-01 13 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი: საქართველოს რკინიგზის 1998-1999 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკის შეღავათიანი პირობების გაუვრცელებლობით გადაზიდვის დროს ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნება და ხელშეკრულების ნაწილის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “ს.” სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს “ს. რ.” მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრების შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეებს შორის 1997 წლის 24 დეკემბერსა და 1999 წლის 12 იანვარს გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება სარკინიგზო ტვირთის გადაზიდვის შესახებ. 1998 წლის 11 თებერვალს საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტმა გამოსცა ¹23/6 ბრძანება, რომლის თანახმადაც ტვირთების მოზიდვის, დროული გატარების და მომსახურების დონის ამაღლების, ქვეყნებს შორის ფინანსური ურთიერთობის დარეგულირების მიზნით, “ს.” გამოცხადდა საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის გენერალურ ექსპედიტორად.
ხელშეკრულების პირობათა თანახმად, რკინიგზა უზრუნველყოფდა ექსპედიტორის (“ს.”) განცხადებების საფუძველზე საექსპორტო-საიმპორტო, სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვებს რომელთა ანაზღაურება უნდა მომხდარიყო საქართველოს რკინიგზაზე 1998-1999 წლებში საფრახტო-სატარიფო პოლიტიკით დადგენილი წესით.
მოსარჩელის განმარტებით, 1998 წლის საფრახტო-სატარიფო პოლიტიკის მიხედვით, საქართველოს რკინიგზაზე ერთი ტვირთმფლობელის (ექსპედიტორის) მიერ საფრახტო წელს 500 ათას ტონაზე მეტი ტვირთის გადაზიდვისას ყოველ გადამეტებულ ტონაზე დაწესებულ იქნა ფასდაკლება მოქმედ ტარიფთან შედარებით 10 პროცენტის, ხოლო 1999 წელს სადგურ გარდაბნიდან სადგურ ბათუმამდე ნავთობპროდუქტების 500 ათას ტონაზე მეტის გადაზიდვისას ყოველ გადამეტებულ ტონაზე 7 აშშ დოლარის ოდენობით, ნაცვლად 8.37 აშშ დოლარისა.
“ს.” მიუთითა, რომ მან საქართველოს რკინიგზის მეშვეობით, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 1998 წელს ორგანიზება გაუწია 1 426 409.9 ტონა ტვირთის, ხოლო 1999 წელს 2553120 ტონა ნავთობპროდუქტების გადაზიდვას. მისი განმარტებით, 1998-1999 წლებში საფრახტო პოლიტიკით დადგენილი შეღავათის გაუვრცელებლობის გამო გადამზიდველისათვის ზედმეტად არის გადახდილი შესაბამისად 600 000 და 2 812 774,4 აშშ დოლარი და მოითხოვა მისი დაბრუნება.
შპს “ს. რ.” სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ საფრახტო პოლიტიკით დადგენილი შეღავათი, მისი მოსაზრებით, ვრცელდება მხოლოდ ტვირთმფლობელზე, რომელიც არის ტვირთის გამგზავნი და მიმღები, რაც მითითებულია სარკინიგზო ზედდებულებსა და უწყისებში. “ს.” კი აღნიშნულ დოკუმენტებში ტვირთმფლობელად ნაჩვენები არ არის.
საქართველოს რკინიგზამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც იძლევა ექსპედიციის ხელშეკრულების ცნებას და რომლის მიხედვითაც “ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რკინიგზის მოსაზრებით, ექსპედიტორი იხდის არა თავის ფულს, არამედ შემკვეთისას და გადაზიდვაზე დაწესებული ტარიფის გადიდება ან შემცირება გავლენას იქონიებს მხოლოდ ტვირთმფლობელზე, ხოლო “ს.” ტვირთმფლობელი არ არის, ვინაიდან ის თავისი სახელით არ აგზავნის ტვირთს.
ამასთან, სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში “ს. რ.” დადგენილად მიიჩნია, რომ “ს.” ახორციელებდა საექსპედიტორო საქმიანობას, ტვირთმფლობელის ტრანზიტული ტვირთის საქართველოს ტერიტორიაზე გადაზიდვის ორგანიზაციას, ე.ი. ასრულებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლით გათვალისწინებულ მოვალეობას”.
შპს “ს. რ.” შეგებებული სარჩელი წარუდგინა შპს “ს.” და მოითხოვა 1998 წლიდან 1999 წლის 1 ივლისამდე პერიოდში სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევით ვაგონების მოცდენების გამო და მიყენებული ზარალის სახით სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის საფუძველზე 6,924,370 ლარის გადახდევინება. შემდგომში რკინიგზამ გაადიდა მოთხოვნა 8.781.221 ლარამდე.
მოთხოვნა გაადიდა “ს.”. მისი განმარტებით, 2000 წლის 14 იანვრის ¹ მ-18 გენერალური ხელშეკრულების 2.2.11 მუხლი კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან ის ადგენს პასუხისმგებლობას ბრალის გარეშე და აღნიშნული მუხლით ექსპედიტორს ეკისრება ტვირთის მოცდენისათვის და მომსახურებისათვის დარიცხული თანხა, მიუხედავად იმისა, მას ხელი მოწერილი აქვს, თუ არა ტვირთის მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროზე, მიწოდება-გამოტანის უწყისებზე და სხვა;
სამოქალაქო კოდექსის 740-ე, 319-ე, 54-ე მუხლების საფუძველზე “ს.” მოითხოვა 2000 წლის 14 იანვრის ხელშეკრულების 2.2.11 მუხლის ბათილად ცნობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “ს.” სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს “ს. რ.” შპს “ს.” სასარგებლოდ დაეკისრა 3 412 774,4 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში. ბათილად იქნა ცნობილი შპს “ს. რ.” და “ს.” შორის 2000 წლის 14 იანვარს დადებული ¹მ-18 გენერალური ხელშეკრულების 2.2. 11 პუნქტი. “ს. რ.” უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
კოლეგიის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა შპს “ს. რ.” და საკასაციო საჩივარში მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
სასამართლო კოლეგიამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლი, ვინაიდან “ს.” თავისი სახელით არცერთი ტვირთი არ გადაუზიდია. საფრახტო პოლიტიკით კი შეღავათი ვრცელდებოდა მხოლოდ ტვირთმფლობელებზე, ანუ იმ პირებზე, რომლებიც თავისი სახელით ახორციელებდნენ ტვირთის გადაზიდვას;
მხარეთა შორის დადებულ გენერალურ ხელშეკრულებათა პირობის თანახმად, სარკინიგზო გადაზიდვისას ურთიერთობის მოსაწესრიგებლად უნდა გამოყენებულიყო რკინიგზის წესდება, რომლის 172-ე მუხლის მიხედვით დადგენილია, რომ პრეტენზიის ან სარჩელის წარდგენის უფლება აქვს ტვირთის გამგზავნს ან მიმღებს, ან სხვა პირს, მათი დავალებით;
ტვირთგამგზავნებს, (ტვირთმფლობელებს) კი პრეტენზია _ სარჩელის რკინიგზისათვის წარდგენის უფლება “ს.” არ მიუციათ;
“ს.” არ იხელმძღვანელა რკინიგზის წესდების 169-ე, 177-ე მუხლებით, რომელიც ითვალისწინებს პრეტენზიის სავალდებულო წარდგენას 6 თვიან ვადაში და 2 თვიან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას;
რკინიგზის წესდების 177-ე მუხლით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა “ს.” გაშვებული აქვს;
კოლეგიამ უსაფუძვლოდ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მეორე ნაწილის დისპოზიციაზე, ვინაიდან ხელშეკრულების 2.2.11 მუხლთან მიმართებაში, “ს. რ.” კონტრაჰენტისათვის არ შეუთავაზებია არათანაბარი, საზიანო პირობები და ის მხარის თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგი იყო.
სასამართლო კოლეგიამ, სამოქალაქო კოდექსის 740-ე მუხლზე მითითებით, უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოპასუხეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან ზიანის ანაზღაურებისა და ვაგონების მოცდენისათვის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით “ს.” ეკისრებოდა.
შპს “ს.” არ დაეთანხმა საკასაციო საჩივრის არგუმენტებს იმ მოტივით, რომ 1997-1999 წლებში გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები და 1998-1999 წლების საფრახტო-სატარიფო პოლიტიკა მას აძლევდა 500 000 ტონაზე მეტი ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში ყოველ გადაცილებულ ტონაზე შეღავათის მიღების უფლებას. ხოლო შეგებებული სარჩელის ნაწილში განმარტა, რომ მას ვაგონების მოცდენაზე პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს, ვინაიდან ასეთი ვალდებულება არ გამომდინარეობს 1997-1999 წლების ხელშეკრულებებიდან და რკინიგზაზე მოქმედი ნორმატიული აქტებიდან. ხოლო 2000 წლის 14 იანვრის ხელშეკრულების 2.2.11 პუნქტი, რომელიც ასევე საფუძვლად დაუდო რკინიგზამ შეგებებულ სარჩელს, მან მიიჩნია კანონსაწინააღმდეგოდ და მოითხოვა მისი ბათილობა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ მხარეთა შორის 1997 წლის 24 დეკემბერსა და 1999 წლის 12 იანვარს დაიდო გენერალური ხელშეკრულებები სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვის შესახებ. საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის 1998 წლის 16 თებერვლის ¹ 23 “ბ” ბრძანებით “ს.” გამოცხადდა საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის გენერალურ ექსპედიტორად. ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობების წრე. “ს. რ.”, როგორც გადამზიდველმა ხელშეკრულებაში ასახულ სხვა მოვალეობებთან ერთად იკისრა გადაზიდვათა განხორციელება სადავო პერიოდში არსებული საფრახტო-სატარიფო პოლიტიკით განსაზღვრული წესით (ხელშეკრულების 4.2,10.1,10.2,2.1.3,3.2,5.1 პუნქტები). 1998 წლის საფრახტო-სატარიფო პოლიტიკის მიხედვით, საქართველოს რკინიგზაზე ერთი ტვირთმფლობელის (ექსპედიტორის) მიერ 500 000 ტონაზე მეტი ტვირთის გადაზიდვისას, ყოველ გადამეტებულ ტონაზე დაწესდა ფასდაკლება ტარიფთან შედარებით 10% ოდენობით. 1999 საფრახტო წელს კი გარდაბნიდან სადგურ ბათუმამდე ნავთობპროდუქტების 500 000 ტონაზე მეტის გადაზიდვისათვის დადგინდა შეღავათი ყოველ გადამეტებულ ტონაზე, ნაცვლად 8,37-ისა 7 აშშ დოლარის ოდენობით.
მხარეთა შორის დავა წარმოიშვა, თუ ვისზე უნდა იქნეს გავრცელებული ასეთი შეღავათი, ე.წ. “ტვირთმფლობელზე”, რომელშიც “ს. რ.” გულისხმობს გამგზავნს, თუ ექსპედიტორზე, რომელიც ახორციელებს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მოქმედებებს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულ დავაზე პასუხს იძლევა საფრახტო-სატარიფო პოლიტიკა, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ:
საფრახტო-სატარიფო პოლიტიკაში ასახული შეღავათის მიზანი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არის საქართველოს რკინიგზით რაც შეიძლება მეტი ტვირთის გადაზიდვა. ასეთი წამახალისებელი ღონისძიება შესაბამისად ზრდის საქართველოს რკინიგზის, როგორც მეწარმე სუბიექტის ძირითადი მიზნის, მოგების (კანონი მეწარმეთა შესახებ, მუხლი 1) მიღების შანსს. ისეთ პირად, რომელიც ორგანიზებას გაუკეთებდა და მიიზადავდა სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის მსურველებს, შპს “ს. რ.” თვითონვე ცნო და ხელშეკრულება დაუდო შპს “ს.”, როგორც ექსპედიტორს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დავა იმაზე, თუ რა სტატუსის მატარებელია “ს.”, საფუძველს მოკლებულია. ის წარმოადგენს სატრანსპორტო ექსპედიციის სუბიექტს. სატრანსპორტო ექსპედიციის სუბიექტის ცნება კი ასახულია სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლში, კერძოდ, ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს არა ტვირთის გადაზიდვა, როგორც “ს. რ.” მიაჩნია, არამედ ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი.
თუ რა იგულისხმება ასეთ მოქმედებებში, პასუხს იძლევა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები (ექსპედიტორის მიერ აღებული ვალდებულებები): ასეთია, რკინიგზისათვის (გადამზიდველისათვის) ტვირთის მოცულობის შესაბამისად განაცხადის მიწოდება, ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის დროული წარდგენა, გადასაზიდად მომზადება (შეფუთვა, დახარისხება და სხვა), მომსახურების საფასურის გადახდა, გადაზიდვების ბაზრის შესწავლა, ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის მომზადება და სხვა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რკინიგზამ “ს.” მიერ ორგანიზებულ და განხორციელებული გადაზიდვებიდან გამომდინარე ანგარიშსწორებისათვის სახელმძღვანელოდ სცნო შესაბამის პერიოდში მოქმედი საფრახტო-სატარიფო პოლიტიკა, (ხელშეკრულების პირობა) რაც ასევე მოიცავს დადგენილ შეღავათს; ანუ, მოცემულ შემთხვევაში ექსპედიტორ “ს.” მიმართ შეღავათის გავრცელების ვალდებულება რკინიგზამ უპირობოდ აიღო.
სხვა დათქმას (პირობას), როგორიცაა ზედდებულში გამგზავნად (ტვირთმფლობელად) მითითების შემთხვევაში შეღავათის გავრცელება და სხვა, არ შეიცავს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ასეთს არ შეიცავს არც შესაბამისი პერიოდების საფრახტო-სატარიფო პოლიტიკა.
პირიქით, 1999 წლის 11 იანვრის ხელშეკრულების 2.2.8 პუნქტი შეიცავს ექსპედიტორის ვალდებულებას, რომ მან სადგურის მომუშავეებს ვაგონები ჩააბაროს ტვირთგამგზავნის და არა “ს.” საღი პლომბებით, ანუ “ს. რ.” იმთავითვე ცნობილი იყო, რომ სატრანსპორტო ზედდებულში ექსპედიტორი ტვირთგამგზავნად (ტვირთმფლობელად) მითითებული არ იქნებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, რკინიგზამ ხელშეკრულებით ვალდებულება აიღო, რომ ექსპედიტორთან ანგარიშსწორებისას იხელმძღვანელებდა საფრახტო-სატარიფო პოლიტიკით დადგენილი წესით. რაც თავისთავად მოიცავს, ასევე, 500 000 ტონაზე მეტი ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში ექსპედიტორზე შეღავათის გავრცელების ვალდებულებას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “ს.” წერილის პასუხად, საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტმა ექსპედიტორს 1999 წლის 6 აგვისტოს წერილით შეღავათის გავრცელებაზე უარი განუცხადა არა იმ მოტივით, რომ მასზე საერთოდ არ ვრცელდებოდა შეღავათი, ვინაიდან არ იყო ტვირთმფლობელი, არამედ იმიტომ, რომ მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაზიდული 500 000 ტონაზე მეტი ტვირთი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორად განსაზღვრა ის სუბიექტი, რომელზეც უნდა გავრცელებულიყო საფრახტო-სატარიფო პოლიტიკით განსაზღვრული შეღავათი. მისი მოცულობა კი მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
საკასაციო პალატას სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებლად მიაჩნია მოსაზრებები იმის შესახებ, რომ “ს.” არ დაიცვა რკინიგზის წესდების 172-ე, 169-177-ე მუხლებით დადგენილი წესები, რომელიც ითვალისწინებს სხვა პირებისათვის პრეტენზია თუ სარჩელების წარდგენის უფლების დათმობას რკინიგზის მიმართ სარჩელის აღძვრამდე, პრეტენზიის წარდგენის სავალდებულოობას, პრეტენზიისა და სარჩელის წარდგენის ვადებს და სხვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ რკინიგზის წესდება განსაზღვრავს გადაზიდვის მონაწილეთა, როგორიცაა გამგზავნი, მიმღები, გადამზიდველი, მგზავრები – პასუხისმგებლობას და ადგენს საპრეტენზიო-სასარჩელო წარმოების წესებს.
მოცემულ შემთხვევაში ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით, რაც მოიცავს ტვირთის დანაკლისს, დაკარგვას, ვადის დარღვევით ტვირთის ჩატანას, ტვირთის გაცემის ვადის დარღვევას და სხვა, დავა არ წარმოშობილა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში არის მითითება ცალკეულ შემთხვევებში რკინიგზის წესდების გამოყენებაზე, საფრახტო-სატარიფო პოლიტიკით დადგენილი შეღავათების გავრცელებაზე წარმოშობილი დავა ვერ მოწესრიგდება რკინიგზის წესდებით. საექსპედიტორო უფლებამოსილებათა განხორციელებისას წარმოშობილი დავა ჩვეულებრივ წესრიგდება სამოქალაქო მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობით. შესაბამისად, მოსაზრება რკინიგზის მიმართ პრეტენზიის წარდგენის სავალდებულოობის, ვადის დაუცველობისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების თაობაზე, უსაფუძვლოა.
მოცემულ შემთხვევაში, ექსპედიციის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ სახელშეკრულებო დავაზე გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის I ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც შედაგენს 3 წელს და ეს ვადა გასული არ არის.
რაც შეეხება 2000 წლის 14 იანვრის ¹ მ-18 ხელშეკრულების 2.2.11 პუნქტის ბათილად ცნობას, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 740-ე მუხლის თანახმად, ექსპედიტორი ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობებისათვის ჩვეულებრივ მაშინ აგებს პასუხს, თუ მას ან მის დამხმარეს მიუძღვის ბრალი. ანუ, კანონის აღნიშნული ნორმა არ ადგენს ექსპედიტორის პასუხისმგებლობას ბრალის გარეშე.
ხელშეკრულების 2.2.11 პუნქტში კი განსაზღვრულ იქნა ექსპედიტორის ვალდებულება, რომ მან “აანაზღაუროს მის მიერ გადაზიდული (ექსპედირებული) ტვირთის მოცდენისათვის და მომსახურებისათვის დარიცხული თანხა, მიუხედავად იმისა, მას ხელი აქვს მოწერილი თუ არა ტვირთის მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროზე, მიწოდება-გამოტანის უწყისებზე და სხვა დოკუმენტებზე...”
საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლო კოლეგიის დასკვნას იმის შესახებ, რომ შპს “ს. რ.” უკავია ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა, ვინაიდან რესპუბლიკაში, თუ მის გარეთ სარკინიგზო გადაზიდვებს მხოლოდ ის აწარმოებს.
აღნიშნულის გამო, სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით მას კონტრაჰენტისთვის უსაფუძვლოდ არ უნდა შეეთავაზებინა ხელშეკრულების არათანაბარი პირობები. მოცემულ შემთხვევაში კი ასეთი პირობები შეთავაზებულია უსაფუძვლოდ, ვინაიდან მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროსა თუ სხვა სავალდებულო აქტების შედგენის და ფაქტების დაფიქსირების გარეშე პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს სარკინიგზო გადაზიდვების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები. ასეთს არ ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსი.
აღნიშნული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ადგენს ისეთი გარიგების ბათილად ცნობას, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ხელშეკრულების 2.2.11 პუნქტის ბათილად ცნობისას, სასამართლო კოლეგიის მიერ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია საკასაციო საჩივრის მოთხოვნა “ს.” ვაგონების მოცდენების გამო 8 781 221 ლარის დაკისრების შესახებ (შეგებებული სარჩელი).
შპს “ს. რ.” თავის მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს 1997 –1999-2000 წლების ხელშეკრულებების 3.1.5, 2.2.10 და 2.2.11 პუნქტებს, რომელთა მიხედვითაც “ს.” ვალდებულებაში შედიოდა რონოდების მოცდენის გამორიცხვის მიზნით სასაზღვრო სადგურებში სატრანზიტო ნებართვებისა და სხვა დოკუმენტების დროული მიღება, რონოდების მოცდენისათვის დარიცხული თანხის ანაზღაურება.
მართალია, “სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ თანამეგობრობის მონაწილე სახელმწიფოთა საბჭოს” დებულების მე-2 მუხლი სახელმძღვანელოდ ცნობს რკინიგზის წესდებას, და მისი 156-ე მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა რონოდების მოცდენაზე, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში “ს. რ.” მოთხოვნა “ს.” ჯარიმის დაკისრების შესახებ დაუსაბუთებელია. 1997-1999 წწ. ხელშეკრულებების პირობები არ იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ ასეთი სახის პასუხისმგებლობა უშუალოდ “ს.” დაეკისროს.
მტკიცებულება იმისა, რომ ექსპედიტორის მიერ 1997 წლის ხელშეკრულების პირობის დარღვევის გამო სასაზღვრო სადგურებში ვერ იქნა სათანადო დოკუმენტაცია წარდგენილი, “ს. რ.” მიერ დასაბუთებული ვერ იქნა. 1999 წლის ხელშეკრულებით კი, მართალია, ექსპედიტორს აღებული აქვს ვალდებულება რონოდების მოცდენისათვის დარიცხული თანხის ანაზღაურების შესახებ, მაგრამ, ასევე დადგენილია და არც რკინიგზა უარყოფს, რომ უშუალოდ “ს.” ასეთი თანხები დარიცხული არ ყოფილა. თანხები დარიცხულ იქნა უშუალოდ ტვირთის გამგზავნ ფირმებზე და რომელთა მიმართაც რკინიგზის განმარტებით, იქნა შედგენილი საერთო ფორმის აქტები; აქტები გაეგზავნა არა ექსპედიტორს, არამედ მოცდენებზე პასუხისმგებელ პირებს – ტვირთმფლობელებს.
ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რკინიგზის წესდების 156-ე მუხლის მიხედვით, რონოდების ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება არა ექსპედიტორს, არამედ აღნიშნულ მუხლში მითითებულ სუბიექტებს _ ტვირთგამგზავნსა და ტვირთის მიმღებს.
რკინიგზა თავის განმარტებაში ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ექსპედიტორი ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებს თვითონ არ აწარმოებდა. ის იხდიდა მხოლოდ გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურეობის ღირებულებას. აღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ “ს.” არ შეიძლება ბრალი მიუძღვოდეს რონოდების მოცდენაში.
რაც შეეხება რონოდების მოცდენა-შენახვისათვის 2000 წლის ხელშეკრულების 2.2.11 პუნქტის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრებას, ის, როგორც კანონსაწინააღმდეგო, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და შესაბამისად მის საფუძველზე პასუხისმგებლობა ვერ დადგება.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებს მიეცათ წინადადება და დრო მორიგებისათვის. შპს “ს.” აღნიშნულ პერიოდში შეამცირა დავის საგნის ფასი. მან მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარე არის და რჩება მის უმთავრეს ბიზნეს-პარტნიორად და ითვალისწინებს მის ფინანსურ მდგომარეობას. 1999 წლის საფრახტო-სატარიფო პოლიტიკით დადგენილი შეღავათი მის მიერ ფაქტიურად გავრცელებულ იქნა მხოლოდ ერთ ფირმაზე და ისიც 1999 წლის მაისიდან ნოემბრამდე, ანუ იმ დრომდე, ვიდრე რკინიგზა უარს არ განაცხადებდა შეღავათის თანხის დაბრუნებაზე. ფირმაზე გავრცელებული შეღავათის მოცულობამ და რეალური ზარალის თანხამ, მისი განმარტებით, შეადგინა 453 998 აშშ დოლარი და შესაბამისად მოთხოვნა შეამცირა მითითებულ თანხამდე.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად (დისპოზიციურობის პრინციპი) მხარეს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვას სარჩელზე, შეამციროს მოთხოვნა და სხვა., ხოლო სამოქალაქო სამართალწარმოებისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი შეამოწმოს მათი საფუძვლები და მართლზომიერება.
აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს რკინიგზას გადასახდელად უნდა დაეკისროს 453 998 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარებში.
სახელმწიფო ბაჟის თანხა 5 000 ლარი აპელანტს გადახდილი აქვს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება შპს “ს. რ.” 3412774,4 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადასახდელად დაკისრების ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
შპს “ს.” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შპს “ს. რ.” შპს “ს.” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 453998 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარებში.
დანარჩენ ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ ამ საქმეზე 2000 წლის 29 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.