Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/248 4 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

სარჩელის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. კ-ავა-პ-იამ 1999 წლის თებერვალში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ქ. ფოთის მერიის მიმართ და მოითხოვა მერიის უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1929 წელს ქ. ფოთის აღმასკომის დადგენილებით ბაბუამის _ ბ. კ-ავას ჩამოერთვა საკუთარი შენობა, მდებარე ... ქ. ფოთი. ამჟამად შენობა ირიცხება ქ. ფოთის მერიის ბალანსზე და მასში განთავსებულია საბავშვო ბაღი.

მოპასუხე ქ. ფოთის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნ. კ-ავას კანონით გათვალისწინებულ ვადებში არ მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც მისი მოთხოვნა ხანდაზმულია.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს საკუთრების უფლებით დაუბრუნდა ქ. ფოთში, ... მდებარე შენობა.

სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 172-ე და 130-ე მუხლები და მიუთითა, რომ მოსარჩელემ თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევა 1997 წლის 31 სექტემბერს, როცა არქივიდან მოიპოვა ოფიციალური დოკუმენტი ბაბუამისისათვის შენობის ჩამორთმევის შესახებ, მხოლოდ მაშინ შეიტყო დარღვეული უფლების შესახებ. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 1997 წლის 31 სექტემბერს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. კ-ავა-პ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნ. კ-ავა-პ-იამ შენობის ჩამორთმევის შესახებ გადმოცემით იცოდა მამისაგან _ ვ. კ-ავასაგან, რომელიც გარდაიცვალა 1956 წელს. მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა მამის გარდაცვალების დღიდან. მოსარჩელემ კი სასამართლოს მიმართა 1999 წელს. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

კასატორი მიუთითებს, რომ საბჭოთა რეჟიმის დროს შეუძლებელი იყო იძულებითი წესით ჩამორთმეული კერძო საკუთრების დაბრუნება. აღნიშნულის გამო კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლი. აღნიშნული საფუძვლით კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ ნ. კ-ავა-პ-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 1929 წელს ქ. ფოთის, მუნიციპალიზაციის კომისიის მიერ ბ. კ-ავას ჩამოერთვა ქ. ფოთში, ... მდებარე სავაჭრო დუქანი. ჩამორთმევის დროისათვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის მეორე მუხლის თანახმად, დავა სამოქალაქო უფლების შესახებ წყდებოდა სასამართლო წესით. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად კი უფლება სარჩელზე ისპობოდა სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლისას. დარღვეული უფლების აღსადგენად სასამართლოსათვის მიმართვის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გათვალისწინებული იყო აგრეთვე, 1997 წლის 25 ნოემბრამდე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლითაც. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს.

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ჯერ თვითონ ბ. კ-ავას, შემდეგ კი მის შვილს _ ვ. კ-ავას და მის შვილიშვილს _ ნ. კ-ავას ზემოაღნიშნულ ხანდაზმულობის ვადაში სადავო შენობის დაბრუნების შესახებ სარჩელით სასამართლოსათვის არ მიუმართავს და სარჩელი აღძრული იქნა სახლის ჩამორთმევიდან 70 წლის გასვლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ნ. კ-ავა-პ-იას სარჩელი ხანდაზმულია, რაც წარმოდგენს სარჩელზე უარის თქმის საფუძველს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. კ-ავა-პ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.