Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/249-01 7 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი: მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1997 წლის 15 სექტემბერს თი. და თა. ტ-შვილებმა შპს “თ-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს და მოითხოვეს “თ-ის” ბრალით გამოწვეული ზიანის _ 31561 ლარის, ანაზღაურება.

მოსარჩელეთა განმარტებით, წლების განმავლობაში დაზიანებული იყო მათი სახლის მახლობლად გამავალი კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის მილები, საიდანაც დიდი რაოდენობით იღვრებოდა წყალი, რამაც გამოიწვია ნიადაგის დაზიანება, სახლის საძირკვლის არათანაბარი ჯდომა და ნგრევა. მოსარჩელეთა მოსაზრებებით, სახლის აღდგენისათვის აუცილებელია 31561 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ სახლის დაზიანებაში მისი ბრალეულობა არ დასტურდებოდა.

ქ. თბილისის ჩუღურთის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს “თ-ს” გადასახდელად დაეკისრა 24430 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1999 წლის 25 თებერვლის დადგენილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს,

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით “თ-ს” და “წ-ს” თანაბარწილად დაეკისრათ ავარიული სახლის აღდგენითი სამუშაოების ჩატარება.

ამ გადაწყვეტილებით ზარალის ასანაზღაურებელი თანხის რაოდენობა უნდა განსაზღვრულიყო სახლის აღდგენისა და გამაგრების შესახებ მუშა-პროექტის შედგენის შემდეგ.

თა. ტ-შვილისა და შპს “თ-ის” სააპელაციო საჩივრების საფუძველზე საქმე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, რომელმაც გააუქმა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს კანალიზაციის მილის დაზიანების გამო გრუნტის ჩარეცხვისა და სახლის დაზიანების ფაქტი, რაც სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად გამორიცხავდა მოპასუხის პასუხისმგებლობას.

თა. ტ-შვილმა 2000 წლის 22 დეკემბერს საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის საფუძველზე საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნული მუხლის მოთხოვნის დარღვევა იმაში გამოიხატა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მართალია, დადასტურებულად მიიჩნია კანალიზაციისა და ცენტრალური წყალგაყვანილობის მილების, ასევე, სახლის დაზიანების ფაქტი, მაგრამ დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ თითქოს მან სასამართლოს ვერ წარუდგინა სათანადო მტკიცებულება დაზიანებული კანალიზაციის ცენტრალური მილებიდან ჩამდინარე წყლების შედეგად სახლის დაზიანების შესახებ;

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე აბზაცი მოვალეს პასუხისმგებლობას გამორიცხავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. მოცემულ შემთხვევაში “თ-ი” მოვალე იყო შეეკეთებინა დაზიანებული მილები, მაგრამ ხანგრძლივი დროის მანძილზე თავს არიდებდა ამ მოვალეობის შესრულებას და უხარისხოდ ასრულებდა სამუშაოებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაცენო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს დადგენილად აქვს მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, რომ კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის ცენტრალური მილები დიდი ხნის მანძილზე იყო დაზიანებული. ასევე დადასტურებულადაა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სახლის დაზიანება გამოიწვია მისი საძირკვლის არათანაბარმა ჯდომამ, რაც გამოწვეული იყო გრუნტში ჩამდინარე წყლებით.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცება კანალიზაციის ცენტრალური მილის დაზიანების შედეგად ეზოს დატბორვის, გრუნტის გამორეცხვისა და სახლის ნგრევის ფაქტზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებანი ურთიერთწინააღმდეგობრივია. ამ წინააღმდეგობრიობის ახსნა, ფეკალური წყლების ინფილტრაციის, რელიეფის თავისებურების, წნევის უქონლობისა და დაბალი ინტენსივობის მოტივით არ შეიძლება. მით უმეტეს ექსპერტის დასკვნა სააპელაციო სასამართლომ, სახლის შესაძლო დაზიანების მიზეზების ნაწილში, არ გაიზიარა და მოტივირებულად უარყო.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

მოცემული დავა წარმოადგენს ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე არსებულ ურთიერთობას.

სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება, არსებული ურთიერთობის ახალი კოდექსით მოწესრიგების შესახებ, არ ყოფილა. ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო მოცემული დავა გადაეწყვიტა ძველი სამოქალაქო კოდექსით.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების: კანალიზაციისა და წყალსადენის ცენტრალური მილების დაზიანების შედეგად წყლების ჩადენისა და სახლის ნგრევის მიზეზს (ჩამდინარე წყლების ზემოქმედებით გრუნტის დაზიანება; სახლის საძირკვლის არათანაბრი ჯდომის შედეგად სახლის ნგრევა) შორის მიზეზობრივი კავშირის უტყუარად გარკვევის მიზნით, უნდა დაინიშნოს კვალიფიციური კომისიური (კომპლექსური) ექსპერტიზა სსსკ-ის 162-ე მუხლის საფუძველზე და საპროცესო ნორმების დაცვით გადაწყდეს მოცემული დავის საქმე.

სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს მხედველობაში უნდა მიიღოს და სათანადო შეფასება მისცეს თი. და თა. ტ-შვილების სახლის ნგრევის შესახებ სამოქალაქო დავის საქმეზე ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს მიერ 1997 წლის 8 აპრილს მიღებულ გადაწყვეტლებას, რომელიც კანონიერ ძალაშია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.