Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/251 21 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი – გასასვლელი დახმარების და მიუღებელი შემოსავლის მიღება.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. უ-ურმა შს ორგანოებში იმსახურა 31 წელზე მეტი, 1997 წლის ივნისს დაითხოვეს სამუშაოდან ¹ 29 ბრძანებით, ასაკის გამო, პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით. “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის თანახმად, მას, რადგან 30 წელზე მეტი აქვს ნამსახურები, ერთდროული დახმარება ეკუთვნის 12 თვის ხელფასის ოდენობით. “საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹ 139 ბრძანებულებით და საქართველოს შს მინისტრის 1997 წლის 21 მარტის ¹ 147 ბრძანებით გამოცხადებული დებულების 55-ე მუხლის თანახმად, პოლიციელის ხელფასი შეადგენს: თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას. მისი ძირითადი ხელფასი შეადგენდა 24 ლარს, წოდებისათვის 5-20 ლარს, წელთა ნამსახურებისათვის 11-70 ლარს და ულუფის ღირებულება 59 ლარი, სულ 100 ლარი. ძირითადი ხელფასიდან 268 ლარი, კანონმდებლობით დადგენილი წესით კი ეკუთვნოდა 1200 ლარი, ე.ი. დააკლეს 931,60 ლარი. ვ. უ-ურმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს და დაცვის პოლიციის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა როგორც გასასვლელი დახმარების 931,60 ლარის ანაზღაურება, ისე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 540 ლარის ოდენობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოითხოვა ასევე მგზავრობის ხარჯების 300 ლარი, მტკიცებულებების უზრუნველყოფისათვის 50 ლარის ანაზღაურება; ადვოკატის ხარჯები 260 ლარი ე.ი. სასამართლო ხარჯები სულ 710 ლარი.

სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის თანახმად, ლარის კურსის ცვალებადობის და ინფლაციის გამო განიცადა ზარალი 633 ლარი;

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი, მოპასუხეს – საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაეკისრა მოსარჩელე ვ. უ-ურის სასარგებლოდ 790 ლარის და 40 თეთრის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლო გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის თანახმად, პენსიის გადაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის არსებული ყოველთვიური თანამდებობრივი სამხედრო ან სპეციალური წოდება, წელთა ნამსახურების პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის ღირებულების ფულადი სარგო ინდექსაციის გათვალისწინებით. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოსარჩელის საშუალო ხელფასი იყო 100,02 ლარი, მას მიღებული აქვს დახმარება 293 ლარი.

“პოლიციის კანონის” 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ბრძანებულების, საქართველოს შს მინისტრის 1997 წლის 21 მარტის ¹ 147 ბრძანების 55-ე და 57-ე მუხლების საფუძველზე ვ. უ-ურს უნდა მიეღო პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით დახმარება 10 თვის ხელფასი, ე.ი. სადავო თანხაა 100,2X10=1002 ლარი, რომელსაც გამოაკლდება მიღებული 268,60 ლარი და მიუღებელი დარჩა 733,40 ლარი. შრომის წიგნაკის დაგვიანებით გაცემა მოხდა არა ადმინისტრაციის ბრალით, არამედ იმის გამო, რომ მოსარჩელემ საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ცნობა წარადგინა 1999 წლის 4 თებერვალს და იმავე დღესვე გაიცა შრომის წიგნაკი. სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა მოსარჩელის მოთხოვნა მოსალოდნელი მოგების მიღების თაობაზე, რადგან საქმის მასალებით შეუძლებელია კონკრეტულად განისაზღვროს, თუ რა ოდენობის მოგებას მიიღებდა მოსარჩელე. ასევე უსაფუძვლოდ ჩათვალა სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯების და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების გადახდა კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I პუნქტის საფუძველზე უნდა დაეკისროს მოპასუხეს და ეს თანხა შეადგენს 60 ლარს. ადვოკატის განაცდურის ანაზღაურება კი არ უნდა დაეკისროს მოპასუხეს უსაფუძვლობის გამო. სულ მოპასუხეს დააკისრა 790 ლარი და 40 თეთრი.

ვ. უ-ურმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 25 მაისს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარის) გამოუცხადებლობის გამო; დააკმაყოფილა ვ. უ-ურის სააპელაციო საჩივარი.

საქართველოს შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტმა გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის საჩივარი: თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გააუქმა.

ვ. უ-ურის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება შეიცვალა მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში დაცვის პოლიციას უნდა გადახდეს 73,33 ლარი. დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹ 139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 75-ე მუხლით პენსიაზე გასულ მუშაკს ეძლევა ერთდროული დახმარება 10 თვის ხელფასის ოდენობით, ხოლო 55-ე მუხლის შესაბამისად კი ვ. უ-ურის ხელფასი თვეში შეადგენდა 100,2 ლარს. მოპასუხე ორგანიზაციას გადასახდელი აქვს 733.40 ლარი. ვინაიდან მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) მოქმედების პერიოდში, ამიტომ იმავე კოდექსის 325-ე მუხლის თანახმად მოპასუხე ორგანიზაციას უნდა გადახდეს 3% წლიური იმ თანხიდან, რისი გადახდის ვადაც მოვალემ გადააცილა. პალატამ ჩათვალა, რომ გადასახდელი 733,40 ლარისა და ადვოკატის მომსახურების 60 ლარის გათვალისწინებით, მხარეს ასევე უნდა დაეკისროს 3% წლიურის სახით, სულ 73,33 ლარის გადახდა. პალატამ ასევე მიუთითა, რომ “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის საფუძველზე არ უნდა დაკმაყოფილდეს აპელანტის მოთხოვნა, რადგან იგი არ ვრცელდება შინაგან საქმეთა ორგანოებიდან ასაკის გამო დათხოვნილ პირებზე. ვ. უ-ურმა, მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოხსნა. პალატამ სათანადო მტკიცებულებებით დაუსაბუთებლად მიიჩნია ვ. უ-ურის მოთხოვნა შრომის წიგნაკის დაგვიანებისათვის 190 ლარის, სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯების, კერძოდ, ხარჯის - 30 ლარის გადახდევინების ნაწილში. ადმინისტრაციის ბრალით არ მოხდა შრომის წიგნაკის დაგვიანებით გაცემა.

ვ. უ-ურმა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: მოპასუხე ვალდებული იყო, პენსიაზე გასვლის დღესვე მიეცა გამოსასვლელი დახმარება შრომის კანონთა კოდექსის 96-ე და 41-ე მუხლების თანახმად. შრომის წიგნაკიც დათხოვნის დღესვე უნდა ჩაბარებოდა.

სააპელაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლები გაუგზავნა საქმეში მოპასუხეებად ჩართულ შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და თბილისის შს მთავარ სამმართველოს, მათ სადავოდ არ გაუხდიათ და არ გაუსაჩივრებიათ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მაგრამ შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტმა 2000 წლის 15 ივნისს გაასაჩივრა სააპელაციო პალატის 2000 წლის 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება; მომჩივანი არასათანადო მხარეა, სასამართლოს ის მოპასუხედ არ ჩაურთავს; მისი საჩივარი არასწორად იქნა მიჩნეული 2000 წლის 31 ივლისს დასაშვებად. ყოვლად უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ შსს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტს შეტყობინება არ ჩაბარებია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რადგან პროცესზე მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ” კანონის მე-17 მუხლით დადგენილი შეღავათები არ გავრცელდება კასატორის მიმართ. სასამართლომ არ გაითვალისწინა “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის მითითება იმის შესახებ, რომ კანონს უპირატესობა აქვს კანონქვემდებარე აქტთან შედარებით; უკანონო მოქმედებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვა სრული ოდენობით კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეორე ნაწილის და სამოქალაქო კოდექსის 400, 403, 404, 411 და 414-ე მუხლების საფუძველზე. მოპასუხემ კასატორის შრომის წიგნაკი შეავსო და შეადგინა 1999 წლის 4 თებერვალს, სამუშაოდან მისი დათხოვნის დროისათვის შრომის წიგნაკი არ ჰქონდათ შევსებული. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოხსნა მოსარჩელემ.

სამოტივაციო ნაწილი:

დადგენილია, რომ ვ. უ-ური მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვის პოლიციის პოლკში, იგი იყო კაპიტანი და მისი ხელფასი თვეში შეადგენდა 100,02 ლარს. იგი ქ. თბილისის შს უფროსის 1997 წლის 5 ივნისის ¹ 29 პ/შ ბრძანებით დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან გადადგომით, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹ 139 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 68-ე მუხლის “ა” პუნქტით (ასაკის გამო). საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ ვ. უ-ურის მიმართ უნდა გავრცელდეს “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლი, რადგან ეს ნორმა ეხება შეიარაღებული ძალების ვეტერანთა სოციალურ დაცვას, ხოლო იმავე კანონის მე-10 მუხლში კი იმპერატიულად არის მითითებული, რომ შეიარაღებული ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის, საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგანი ჯარების, სახელმწიფო უშიშროების ჯარების, სასაზღვრო ჯარების, სამხედრო პროკურატურის და სამხედრო სასამართლოების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ორდენებითა და მედლებით ან საუწყებო წარჩინების ნიშნებით და აქვთ წელთა ნამსახურობისათვის პენსიის უფლება, მათ შორის სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი), აგრეთვე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაინვალიდდნენ სამხედრო სამსახურის გავლის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად. ამდენად, აღნიშნული კანონი არ ვრცელდება შინაგან საქმეთა ორგანოებიდან ასაკის გამო დათხოვნილ პირებზე. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ საქართველოს შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტი არასათანადო მხარეა; როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო პალატამ ვ. უ-ურის სააპელაციო საჩივრის განხილვისას შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის შს მთავარი სამმართველოს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველოს წარმომადგენელთან ერთად პროცესზე მონაწილეობის მისაღებად შეტყობინება გაუგზავნა შს სამინისტროს მატერიალურ ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენელს. ეს უკანასკნელი წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს და სათნადო მოპასუხეა.

ვ. უ-ურის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია ასევე იმ ნაწილშიც, რომელიც ითხოვს უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სამოქალაქო კოდექსის 400, 403, 404, 411 და 414-ე მუხლებით. რადგან სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მხარეებს შორის სადავო ურთიერთობა წარმოიშვა 1997 წლის 5 ივნისს, ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და მის მიმართ სწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 325-ე მუხლი.

სააპელაციო პალატამ სათანადო მტკიცებულებებით დაუსაბუთებლად მიიჩნია ვ. უ-ურის მოთხოვნა შრომის წიგნაკის დაგვიანებისათვის 190 ლარის, სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯების, კერძოდ – ხარჯის - 30 ლარის გადახდევინების ნაწილში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ვ. უ-ურს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციის ბრალით შრომის წიგნაკის დაყოვნებისათვის მუშაკს იმ შემთხვევაში აუნაზღაურდება საშუალო ხელფასი იძულებით გაცდენილი დროისათვის, როცა იგი სამუშაოდან დათხოვნილი იქნა არა პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით, არამედ სხვა საფუძვლით და მას მოესპო შემოსავლის წყარო. მოცემულ შემთხვევაში ვ. უ-ური დათხოვნილ იქნა შ.ს. ორგანოებიდან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო და დათხოვნისთანავე დაენიშნა პენსია.

აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. უ-ურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.