¹ 3კ/253-01 15 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი, ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს “ს. ა.” მიმართ და მოითხოვა პროფდაავადების შედეგად ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1999 წლის 1 მაისიდან ივლისის ჩათვლით _ 1213 ლარის, ხოლო 1999 წლის აგვისტოდან ყოველთვიურად 404 ლარის ოდენობით. გ. გ-ძე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა, რომ 1960 წლიდან მუშაობდა 230-ე და 112-ე ავიახაზებში მფრინავად. 1993 წლიდან ავიაკომპანია “ო.” ხომალდის მეთაურად. ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო ავიაკომპანია “ო.” განთავისუფლდა 1995 წლის 8 მარტს. 1999 წლის 29 აპრილს საექიმო საექსპერტო კომისიის დასკვნით სმენის დაქვეითების გამო დაუდგინდა მესამე ჯგუფის ინვალიდობა პროფდაავადებით, შრომის უნარის 60% დაკარგვით. დღეისათვის ავიაკომპანია “ო.” ლიკვიდირებულია, მისი ქონება გადაეცა შპს “ს. ა.”, რის გამოც მოსარჩელემ შპს “ს. ა.” მოითხოვა ზიანის ანაზღაურება.
შპს ავიაკომპანია “ს. ა.” სადავოდ არ გახადა მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების აუცილებლობა, მაგრამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს “ს. ა.” შეიქმნა 1997 წელს და მას მოსარჩელის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებაში ბრალი არ მიუძღვის. მოპასუხე თვლიდა, რომ შპს “ს. ა.” არასათანადო მოპასუხეა. სათანადო მოპასუხედ ასახელებდა ავიაკომპანია “ო.”, რომელიც, მართალია, დღეისათვის არ ფუნქციონერებს, მაგრამ ოფიციალურად ლიკვიდირებული არ არის.
მესამე პირის _ საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით ავიაკომპანია “ო.” აღარ არსებობს, მისი ქონება გადაეცა შპს ავიაკომპანია “ს. ა.”, რის გამოც შპს “ს. ა.” მიაჩნია სათანადო მოპასუხედ. საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტი არის საბიუჯეტო ორგანიზაცია, ხოლო ბიუჯეტი არ ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ხარჯების დაფინანსებას.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს ავიაკომპანია “ს. ა.” დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ პროფდაავადების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ერთდროულად 1213 ლარის და 68 თეთრის, ხოლო 1999 წლის 1 აგვისტოდან ყოველთვიურად 404 ლარის და 56 თეთრის გადახდა.
რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 42-ე მუხლით, რომლის თანახმად, სახელმწიფო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის ან პრივატიზაციის შემთხვევაში განცხადება შეიტანება მის უფლებამონაცვლე ან მისი ქონების ბაზაზე დაფუძნებულ ან შექმნილ ორგანიზაციაში, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი და დადგენილად ცნო, რომ ავიაკომპანია “ო.” სამართალმემკვიდრეს წარმოადგენდა შპს ავიაკომპანია “ს. ა.”. მას გადაეცა “ო.” ქონება და შესაბამისად ვალდებულებებიც.
საქმის სააპელაციო წესით განხილვის სტადიაზე სასამართლომ თანამოპასუხეებად ჩააბა შპს “ს.” და შპს “თ. ა.”.
შპს “თ. ა.” სარჩელი არ ცნო და სათანადო მოპასუხედ მიუთითა საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტი.
შპს “ს.” საქმეში მისი მოპასუხედ ჩაბმა სამოქალაქო საპროცესო ნორმების დარღვევად მიიჩნია, რადგან თვითონ გ. გ-ძემ არ მიიჩნია იგი მოპასუხედ და არ მოუთხოვია მისგან ზიანის ანაზღაურება. ამასთან, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹ 48 ბრძანებულების მესამე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს იმ დამქირავებელს, რომელთანაც გ. გ-ძე ზიანის მიყენებისას მუშაობდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
გ. გ-ძე ათეული წლების განმავლობაში მფრინავად მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა ავიახაზებში, რომელიც შედიოდა სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს შემადგენლობაში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 25 დეკემბრის ¹ 1147 დადგენილებით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველო გაუქმდა და მის ბაზაზე საქართველოს რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს შემადგენლობაში ჩამოყალიბდა საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტი. სამოქალაქო ავიაციის სტრუქტურის რეორგანიზაციის შემდეგ, ავიასაწარმოები და წარმოება-დაწესებულებები, როგორიცაა “ო.”, “ა.”, თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტები, “ლ.”, “მ. ც.”, “ს.” და სხვები ჩამოყალიბდნენ ცალკე იურიდიულ პირებად, რომლებსაც მეტნაკლებად გადაეცათ ოპერატიული მართვისათვის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს, ხოლო შემდგომ დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონება.
საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის სისტემაში მომუშავე, საწარმოო ტრამვების შედეგად დაინვალიდებული მუშა-მოსამსახურეების სოციალური დაცვის მიზნით, პენსიებითა და ზიანის ასანაზღაურებელი თანხებით უზრუნველყოფისათვის საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტმა 1995 წლის 20 დეკემბერს გამოსცა ¹ 179 ბრძანება.
აღნიშნული ბრძანებით დასახიჩრების შედეგად დაინვალიდებული უმუშევარი პენსიონერებისა და მარჩენალის დაკარგვის გამო ოჯახის წევრებზე საპენსიო და ზარალის თანხების გაცემის ვალდებულება იკისრა თვითონ საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტმა, ხოლო მომუშავე პერსონალის მიმართ პენსიისა და ზარალის თანხების გაცემა კი დაევალა იმ ავიაკომპანიებსა და წარმოება-დაწესებულებებს, სადაც ისინი მუშაობას აგრძელებენ.
შპს “ს.” 1995 წლის 6 მარტის ¹ 13ა ბრძანების თანახმად გ. გ-ძე მიღებულია შპს “ს.” მეორე კატეგორიის ელექტრომექანიკოსის თანამდებობაზე და ის დღესაც აგრძელებს იქ მუშაობას. საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის ¹ 179 ბრძანების I პუნქტის თანახმად, რადგან გ. გ-ძე მომუშავე პერსონალია, სასამართლომ 2000 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ზიანის ანაზღაურება გ. გ-ძის სასარგებლოდ დააკისრა შპს ავიაკომპანია “ს.”.
კასატორის მოსაზრებით სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის ¹ 179 ბრძანება, რომელიც არ არის რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროში და “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის თანახმად არ გააჩნია იურიდიული ძალა. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹ 48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესების მეხუთე თავის 48-ე და 49-ე მუხლები, ამავე წესების 51-ე მუხლი. არასწორად განმარტა ამავე წესების 42-ე მუხლი. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1008-ე მუხლები.
კასატორი მიუთითებს, ასევე, სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას სამოქალაქო საპროცესო ნორმების დარღვევაზე, რასაც კასატორის მოსაზრებით შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ს.” მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ შპს “ს.” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის ბრძანება და უნდა გამოეყენებინა “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის ¹ 179 ბრძანება, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან აღნიშნული ბრძანება არ არის რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროში და “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის თანახმად, არ გააჩნია იურიდიული ძალა. აღნიშნული ბრძანების გამოყენებას შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. სააპელაციო სასამართლოს პალატის მიერ დადგენილია, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს რეორგანიზაცია მოხდა საწარმოთა გაყოფის ფორმით, რაც განხორციელდა სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს ქონების ბაზაზე ახალი საწარმოების დაფუძნებით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ “მეწარმეთა შესახებ” კანონის საწარმოთა შერწყმის და გაყოფის მომწესრიგებელი ნორმები.
“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 14.5 მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, საზოგადოება, რომელმაც მიიერთა ძველი საზოგადოება ან ახლად შექმნილი საზოგადოება _ წარმოადგენენ ადრინდელი საზოგადოების უფლებამონაცვლეს.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ეკონომიკურ ურთიერთობებში სტაბილურობის უზრუნველყოფისა და კრედიტორთა ინტერესების დაცვის მიზნით კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ არსებული საწარმოების ბაზაზე გაერთიანებული ან ახლად შექმნილი საზოგადოება არის ადრინდელი საზოგადოების უფლებამონაცვლე.
“შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹ 48 ბრძანებულების 42-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სახელმწიფო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის (შერწყმა, შეერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) ან პრივატიზაციის შემთხვევაში, განცხადება შეიტანება მის უფლებამონაცვლე ან მისი ქონების ბაზაზე დაფუძნებულ ან შექმნილ ორგანიზაციაში, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სამოქალაქო ავიაციის ქონების ბაზაზე დაფუძნდა რამდენიმე საწარმო, რომლებსაც არ სურთ იყვნენ უფლებამონაცვლეები აღნიშნული ვალდებულების ნაწილში. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 14.6 მუხლის II ნაწილის თანახმად, გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებულ ვალდებულებებზე.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს, ხოლო შემდგომ საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის ქონების ბაზაზე დაფუძნებული და შექმნილი ყველა საწარმო არის სოლიდარული მოვალე გ. გ-ძის მიმართ.
ახლადშექმნილი საწარმოებიდან მოცემულ საქმეზე მოპასუხედ ჩაბმულია მხოლოდ სამი საწარმო: შპს “ს.”, შპს “ს. ა.” და სს “თ. ა.”, რომლებიც მიჩნეულ უნდა იქნენ სოლიდარულ მოვალეებად.
სოლიდარული ვალდებულების მიზანია კრედიტორის მდგომარეობის გაუმჯობესება. სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი მოვალის არჩევანში თავისუფალია. მას შეუძლია მოთხოვნა წაუყენოს, როგორც ყველა მოვალეს ერთობლივად, ისე ნებისმიერ მათგანს ცალ-ცალკე. სამოქალაქო კოდექსის 469-ე მუხლის თანახმად, სარჩელის შეტანა ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ კრედიტორს არ ართმევს უფლებას შეიტანოს სარჩელი დანარჩენ მოვალეთა მიმართაც.
როცა ერთ-ერთი სოლიდარული მოვალე მთლიანად აკმაყოფილებს კრედიტორს, სოლიდარული ვალდებულება წყდება. ხდება ვალის გამსტუმრებელი სოლიდარული მოვალის ტრანსფორმაცია კრედიტორად დანარჩენ სოლიდარულ მოვალეებთან მიმართებაში. მაგრამ, თუ აღნიშნული სოლიდარული მოვალე კრედიტორის პრეტენზიას არ დააკმაყოფილებს, ამ უკანასკნელის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ართმევს უფლებას, სარჩელი შეიტანოს დანარჩენ მოვალეთა მიმართაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. გ-ძეს შეუძლია ნებისმიერ მოპასუხეს ერთობლივად ან ცალ-ცალკე მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება. თუ აღნიშნული მოპასუხეები არ დააკმაყოფილებენ მის მოთხოვნას, მას შეუძლია სარჩელი შეიტანოს სასამართლოში სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს ბაზაზე შექმნილ დანარჩენ საწარმოთა მიმართაც. თავის მხრივ მოვალეს, რომელიც სოლიდარულ ვალდებულებას შეასრულებს, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენი მოვალეების მიმართ.
საქართველოს პრეზიდენტის ¹ 48 ბრძანებულების მე-11 მუხლის თანახმად, ზიანი ანაზღაურდება იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი.
დადგენილია, რომ გ. გ-ძეს 60%-ით აქვს დაკარგული შრომის უნარის ხარისხი. მისი ბოლო სამი თვის საშუალო ხელფასი შეადგენდა 674 ლარს და 28 თეთრს. აღნიშნული თანხის 60% შეადგენს 404 ლარს და 56 თეთრს. 1999 წლის მაისი-ივლისის თვის დავალიანების გათვალისწინებით მოპასუხეებს ერთდროულად უნდა გადახდეთ 1213 ლარი, ხოლო 1999 წლის 1 აგვისტოდან ყოველთვიურად 404 ლარი და 56 თეთრი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ამ საქმეზე გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
შპს “ს. ა.”, შპს “ს.” და სააქციო საზოგადოება “თ. ა.” გ. გ-ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პროფდაავადებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება ერთდროულად 1213 ლარი და 68 თეთრი, ხოლო 1999 წლის 1 აგვისტოდან ყოველთვიურად 404 ლარი და 56 თეთრი, მდგომარეობის შეცვლამდე.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.