გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/254-01 15 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე
კასატორის მოთხოვნა: სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 5 აპრილს დ. ნ-ევმა სარჩელი აღძრა ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოში მოპასუხე თ. კ-შვილის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ქ. თბილისში, ... ბინაში მცხოვრებმა დ. ნ-ევმა 1996 წლის 1 ნოემბერს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა თ. კ-შვილთან და ეს უკანასკნელი აღირიცხა ბინის მესაკუთრედ.
დ. ნ-ევის განმარტებით, მხარეთა შორის შეთანხმების თანახმად, მოპასუხესა და მის მეუღლეს 1997 წლის 30 მაისამდე მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადათ ნაყიდი ბინის საფასური _ 1700 ლარი. ამ ხნის განმავლობაში მათ უნდა ეცხოვრათ დ. ნ-ევის ბინაში და მატერიალურადაც დახმარებოდნენ მას.
თ. კ-შვილმა და მისმა მეუღლემ ორი თვე იცხოვრეს მოსარჩელის ბინაში, ხოლო შემდეგ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მიატოვეს დ. ნ-ევი და წავიდნენ მისი ბინიდან ისე, რომ მოსარჩელისათვის შეთანხმებული ფასი არ გადაუხდიათ.
დ. ნ-ევისათვის ცნობილი გახდა, რომ თ. კ-შვილს თავისი საცხოვრებელი ბინა დაეგირავებინა, მისი მეუღლე გარდაცვლილიყო, ხოლო თავად თურქეთში იყო წასული სამუშაოდ.
დ. ნ-ცევი აღნიშნავდა, რომ მოპასუხის ნათესავების დახმარებით ტელეფონით ესაუბრა თ. კ-შვილს, რომელმაც ბინის ფასის გადახდაზე უარი განაცხადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ თავი ჩათვალა მოტყუებულად და სარჩელში ითხოვა მას და თ. კ-შვილის შორის 1996 წლის 1 ნოემბერს დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
თბილისის სამგორის რაიონის სასამართლომ 1999 წლის 8 აპრილს მოპასუხის დაუსწრებლად განიხილა აღნიშნული საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი: დ. ნ-ევსა და თ. კ-შვილს შორის 1996 წლის 1 ნოემბერს დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი.
2000 წლის 26 იანვარს თ. კ-შვილმა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მიმართა განცხადებით საქმის წარმოების განახლების შესახებ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, ითხოვა სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ იგი დროებით იყო წასული სამუშაოდ თურქეთში, რის შესახებაც იცოდა მოსარჩელემ, ხოლო მისი მეუღლე არასწორად იქნა მითითებული გარდაცვლილად, რითაც ისარგებლა დ. ნ-ევმა და სარჩელში ითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რაც უკანონო გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სამგორის რაიონულმა სასამართლომ ისე, რომ თ. კ-შვილისათვის კანონით დადგენილი წესით არ უცნობებია სასამართლო სხდომის დრო და ადგილი.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 თებერვლის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი სამგორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი აღძრა თ. კ-შვილმა მოპასუხე ზ. ზ-შვილის მიმართ.
შეგებებულ სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მას შემდეგ, რაც სამგორის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 8 აპრილის გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი დ. ნ-ევსა და თ. კ-შვილს შორის 1996 წლის 1 ნოემბერს დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, სადავო ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხა კვლავ დ. ნ-ევის სახელზე, რომელმაც 1999 წლის 30 აპრილს ზ. ზ-შვილთან იმავე ბინაზე გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება.
შეგებებულ სარჩელში თ. კ-შვილმა ითხოვა დ. ნ-ევსა და ზ-შვილის შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და ზ. ზ-შვილის გამოსახლება ქ. თბილისში, ... ბინიდან.
შემდგომში ზ. ზ-შვილი საქმეში ჩაერთო მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით და სარჩელში ითხოვა მისი ცნობა კეთილსინდისიერ შემძენად იმ საფუძვლით, რომ მის მიერ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას არსებობდა სამგორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 8 აპრილს გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იყო ცნობილი დ. ნ-ევსა და თ. კ-შვილს შორის 1996 წლის 1 ნოემბერს დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო აღნიშნული ბინის მესაკუთრედ კვლავ აღრიცხული იყო დ. ნ-ევი, რომელსაც სრული უფლება ჰქონდა გაესხვისებინა თავისი საკუთარი ბინა. ის ფაქტი, რომ სამგორის რაიონის სასამართლომ 1999 წლის 8 აპრილს ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება გამოიტანა საპროცესო ნორმების დარღვევით, ზ. ზ-შვილისათვის ცნობილი არ იყო.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ნ-ევის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თ. კ-შვილის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმებულ იქნა დ. ნ-ევსა და ზ. ზ-შვილის შორის 1999 წლის 30 აპრილს დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება და ზ. ზ-შვილი გამოსახლდა ქ. თბილისში, ... ბინიდან. მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით _ ზ. ზ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ზ-შვილმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ზ. ზ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
საკასაციო საჩივარში ზ. ზ-შვილმა ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, თუმცა საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმა ითხოვა საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო პალატაში.
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც განჩინება გამოიტანა სამართლის ნორმის დარღვევით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და მე-2 ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად კი, სამართლის ნორმის დარღვევით გამოტანილი განჩინება ექვემდებარება გაუქმებას.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორ ზ. ზ-შვილსა და დ. ნ-ევს შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მას შემდეგ, რაც სამგორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი დ. ნ-ევსა და თ. კ-შვილს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე დ. ნ-ევი კვლავ აღირიცხა ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის მესაკუთრედ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
კონკრეტულ შემთხვევაში დ. ნ-ევი რეგისტრირებული იყო ბინის მესაკუთრედ, როდესაც ზ. ზ-შვილმა იყიდა სადავო ბინა. აგრეთვე, არსებობდა სამგორის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იყო ცნობილი დ. ნ-ევსა და თ. კ-შვილს შორის 1996 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება და იმავე გადაწყვეტილებით თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს დავალებული ჰქონდა დ. ნ-ევის რეგისტრაცია სადავო ბინის მესაკუთრედ.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ დ. ნ-ევსა და ზ. ზ-შვილს შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას დაცული იყო სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, დ. ნ-ევი რეგისტრირებული იყო სადავო ბინის მესაკუთრედ ტექინვენტარიზაციის ბიუროში, ხოლო ზ. ზ-შვილმა იცოდა, რომ ბინის გამსხვისებელი იყო მისი მესაკუთრე.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ზ. ზ-შვილმა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას იცოდა სადავო ბინის უფლებრივი ნაკლის შესახებ, რადგანაც სამგორის რაიონის სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საპროცესო ნორმები.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ განჩინებაში არასრულყოფილი სამართლებრივი შეფასება მისცა როგორც ძირითად სარჩელს, ისე _ შეგებებულ სარჩელსა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირის სარჩელს.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად არასრულყოფილად არის დასაბუთებული, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ეს კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევას. კერძოდ, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დ. ნ-ევი რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში. მართალია, საქმეში არსებული აქტით დასტურდება, რომ დ. ნ-ევი საცხოვრებლად წასულია რუსეთში და აღარ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, მაგრამ არ არის არავითარი მტკიცებულება, რომ მას შეუწყდა რეგისტრაცია ქ. თბილისში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე დ. ნ-ევისათვის გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად უნდა ჩათვლილიყო, თუნდაც ადრესატს აღარ ეცხოვრა იმ მისამართზე, ხოლო ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია, ამიტომ საქმე ხელახლა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 ნოემბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.