Facebook Twitter

3კ/255-01 10 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინის მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში, ..... მდებარე ბინა ი. თ-შვილმა შეიძინა ტ. ა-ოვასაგან, რაც დამოწმებული იქნა შინაურული ხელწერილით. 1984 წელს ბინა მემკვიდრეობის უფლებით გაფორმდა გ. დ-იას სახელზე. 1998 წელს ი. თ-შვილმა შეიტანა სარჩელი სასამართლოში და მოითხოვა აღნიშნულ ბინაზე მისი საკუთრების უფლების ცნობა. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონის, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ; მე-2 მუხლით, რომლის თანახმად, თუ მხარეებს შორის ურთიერთობა მოწესრიგებულია წერილობითი დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს მათ შორის საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას, მაგრამ მისი ფორმა არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, შემძენი ცნობილ იქნეს მესაკუთრედ.

გ. დ-იამ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ი. თ-შვილისათვის, როგორც მისი ბინით მოსარგებლისათვის, ბინის ქირის დაკისრება.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 18 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. თ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილი იქნა ქ. თბილისში ..... მდებარე ბინის მესაკუთრედ, ხოლო გ. დ-იას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გ. დ-იამ სააპელაციო საჩივრით მიმართა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას და მოითხოვა რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2000 წლის 16 მაისის განჩინების გაუქმება იმ მოტივით, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა წარმომადგენლის არყოფნის გამო, რომელსაც საპატიო მიზეზი ჰქონდა, ამავე დროს იგი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე განხილული უნდა ყოფილიყო 1964 წლის 26 დეკემბრის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის მიხედვით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 15 ნოემბრის განჩინებით გ. დ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 მაისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე რაიონულ სასამართლოს. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი უფლებას აძლევს სასამართლოს მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანოს იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე გაფრთხილებულია სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლი იმპერატიულად ავალებს სასამართლოს გააფრთხილოს მხარეები გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებაზე აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები.

რაიონული სასამართლოს მიერ დარღვეულია 72-ე მუხლის I-ლი ნაწილის “ზ” პუნქტი. მხარეები გაფრთხილებული არ ყოფილან აღნიშნული ნორმის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სასამართლოს არ უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება თანახმად 233-ე მუხლის I-ლი პუნქტის “ა” ქვეპუნქტისა.

გარდა ამისა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 პუნქტით სარჩელი დაკმაყოფილდება იმ შემთხვევაში, თუ მასში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლომ კი დაარღვია აღნიშნული მუხლის მოთხოვნაც.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. თ-შვილმა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 16 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალების საკასაციო საჩივარს. შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ მხარეები ი. თ-შვილი და გ. დ-ია გაფრთხილებული იქნენ 2000 წლის 7 აპრილის სასამართლო სხდომის ჩატარების თაობაზე. 7 აპრილს გაიმართა რა მოსამზადებელი სხდომა მხარეებს ეცნობათ სხდომის დღის თარიღი 18 აპრილი, რაც წერილობით დაადასტურეს.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სასამართლო უწყება რომლითაც გ. დ-ია იქნა გაფრთხილებული მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თაობაზე, შეიცავს მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე; ხელწერილები, რომელზეც შესრულებულია მხარეთა ხელმოწერები შედგენილია ადრე მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა მოთხოვნების დაცვით, იგი ძველი ნიმუშისაა და ბუნებრივია გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის შესახებ მასში ვერ იქნებოდა მითითებული, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი ადრე მოქმედ სამოქალაქო საპროცესო კოდექს არ იცნობდა.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის დარღვევაზე, ვინაიდან ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მიერ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” პუნქტი იმავდროულად ადგენს, რომ სასამართლო უწყება, რომლითაც განიხილება სხდომის თაობაზე უნდა შეიცავდეს მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები; კანონის აღნიშნული მოთხოვნა რაიონული სასამართლოს მიერ დაცული არ ყოფილა.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საბიუჯეტო კოდექსის 230-ე მუხლის მოთხოვნები არ მიიჩნია რა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები იურიდიულად გამართლებულად და თვლის, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ზოგადად მითითებულია მოსარჩელის მოთხოვნაზე, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე სარჩელში მთითებულ გარემოებებში იურიდიულად ამართლებს თუ არა მოთხოვნას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად დასაბუთებულია, კანონის დაცვითაა მიღებული და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. თ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 15 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.