Facebook Twitter

¹ 3კ-256-01 11 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

მ. ახალაძე

დავის საგანი – მცირეწლოვანი შვილის აღსაზრდელად გადაცემა და საზრდოდ ალიმენტის გადახდევინება

აღწერილობითი ნაწილი:

1992 წლიდან ლ. გ-ძე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა დ. გ-ძესთან, ხოლო 1993 წლის 24 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში, 1993 წლის 20 ივლისს, შეეძინათ ქალიშვილი – მ. გ-ძე. ოჯახური უთანხმოების გამო, 1997 წლის ივლისში ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. ბავშვი აღსაზრდელად იმყოფებოდა დედასთან. კრწანისის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. და დ. გ-ძეები განქორწინდნენ. დ. გ-ძეს სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა შვილთან. 1999 წლის მაისში ბავშვი სასეირნოდ წაიყვანა და დედისათვის აღარ დაუბრუნებია.

ლ. გ-ძემ 1999 წლის 18 სექტემბერს აღძრა სარჩელი სასამართლოში და მოითხოვა მცირეწლოვანი შვილის – მ. გ-ძის მისთვის აღსაზრდელად გადაცემა და მოპასუხე დ. გ-ძეზე შვილის სარჩოს _ ალიმენტის დაკისრება. 2000 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს, უსაფუძვლობის გამო, უარი ეთქვა მ. გ-ძის აღსაზრდელად გადაცემასა და ალიმენტის – 200 ლარის ოდენობით დაკისრებაზე, რაც სასამართლომ იმით დაასაბუთა, რომ მცირეწლოვან მ. გ-ძეზე მამასთან – დ. გ-ძესთან ცხოვრება უფრო მეტად მოახდენდა დადებით ზეგავლენას, ვიდრე დედასთან. აქედან გამომდინარე, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ლ. გ-ძის სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-ძემ იმ მოტივით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება. ასევე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. გ-ძის სასარჩელო მოთხოვნა. მცირეწლოვანი მ. გ-ძე 10 წლის ასაკის მიღწევამდე აღსაზრდელად დარჩა მამასთან – დ. გ-ძესთან. აღიარებულ იქნა ლ. გ-ძის უფლება - ყოველდღიურად ჰქონდეს შვილთან ურთიერთობა, ხოლო კვირაში ორი დღე ბავშვი ჰყავდეს თავისთან, დ. გ-ძის მხრიდან ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტის პრეტენზია საფუძვლიანია. კერძოდ, სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის მატერიალური სამართლის ნორმა, რაც გადაწყვეტილოების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველი გახდა. აღნიშნული კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. თუმცა, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლი აღიარებს შვილების მიმართ მშობელთა თანაბარ უფლება-მოვალეობებს, ბავშვის უფლებას - იზრდებოდეს ოჯახში. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის შეწყვეტილია ქორწინება, მაგრამ სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლით, შვილების მიმართ მშობლებს უნარჩუნდებათ თანაბარი უფლება-მოვალეობები, იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი განქორწინებულნი არიან.

სააპელაციო პალატამ, ასევე, მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის II პუნქტი ზოგადი ხასიათის ნორმაა. მოსამართლეს შეუძლია (სასამართლოს) პირადი შეხედულებით გადაწყვიტოს, რომელ მშობელთან უკეთ იგრძნობს თავს ბავშვი. სწორედ, ბავშვის ფსიქიური და სულიერი მდგომარეობის გათვალისწინებით მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ერთბაშად არ მოხდეს ბავშვის დედისთვის გადაცემა, არამედ თანდათანობით მოხდეს დედასა და შვილს შორის ურთიერთობის აღდგენა, რასაც ხელს შეუწყობს ბავშვთან ყოველდღიური ურთიერთობა. სააპელაციო პალატას, ასევე, მიაჩნია, რომ ბავშვის 10 წლის ასაკის მიღწევამდე ლ. გ-ძე შეძლებს შვილთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენას. აღნიშნული ასაკი აღებულ იქნა საორიენტაციოდ, სამოქალაქო კოდექსის 1196-ე, 1209-ე მუხლების გათვალისწინებით.

ლ. გ-ძე საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ ვერ მიუთითა იმ კანონზე, რომლითაც არ შეიძლება მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ასევე, ვერ დაასაბუთა, თუ რა გარემოებების საფუძველზე აღიზრდება ბავშვი უკეთესად მამასთან – დ. გ-ძესთან. მას მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1197-ე და 1199-ე მუხლებით ისეთივე უფლება აქვს არასრულწლოვანი შვილის მიმართ, როგორც მოპასუხეს. სასამართლომ, ასევე, ვერ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატება მცირეწლოვანი შვილის საწინააღმდეგოდ ლ. გ-ძის მხრიდან მშობლის უფლების გამოყენება.

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. გ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი :

დადგენილია, რომ ლ. გ-ძე და დ. გ-ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1993 წლიდან. 1993 წლის ივლისში შეეძინათ ქალიშვილი – მ. გ-ძე. ოჯახური უსიამოვნების გამო, მეუღლეები განქორწინდნენ 1999 წლის აპრილში. განქორწინების შემდეგ მოსარჩელე ლ. გ-ძე საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში, ... ქუჩაზე, შვილი მ. გ-ძე დედასთან დარჩა აღსაზრდელად. ხოლო მოპასუხე დ. გ-ძე მშობლებთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, ... ქუჩაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დ. გ-ძეს და მის მშობლებს სურთ, რომ მ. გ-ძე იზრდებოდეს მათ ოჯახში, მაგრამ დედამ – ლ. გ-ძემ მოითხოვა ქალიშვილის აღსაზრდელად და საცხოვრებლად გადაცემა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში კი სააპელაციო პალატამ გადაწყვიტა, რომ მ. გ-ძე 10 წლის ასაკის მიღწევამდე აღსაზრდელად დარჩეს მამასთან – დ. გ-ძესთან. ამდენად, შვილის დაბრუნებასა და ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი სასამართლომ არც დააკმაყოფილა და არც უარი უთხრა. ამასთან, გადაწყვეტილებით გაურკვეველია შვილის 10 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ რა უნდა მოხდეს, დარჩეს მოპასუხესთან თუ დაუბრუნდეს იგი დედას ლ. გ-ძეს. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1196-ე, 1209-ე მუხლები. კერძოდ, 1196-ე მუხლი არეგულირებს შვილის გვარის გამოცვლის საკითხს, ხოლო 1209-ე მუხლი მშობლის უფლების ჩამორთმეულ პირზე მშობლის უფლების აღდგენის წესს და კანონის ამ ნორმას არანაირი კავშირი არა აქვს მოცემულ დავასთან. ამასთან, გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არის უკეთესი არასრულწლოვანი მ. გ-ძის საცხოვრებლად და აღსაზრდელად დატოვება მამასთან – მოპასუხე დ. გ-ძესთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, ასევე იგი იურიდიულად დაუსაბუთებელია და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის და ამავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, უნდა გაუქმდეს. შვილის აღსაზრდელად და საცხოვრებლად გადაცემის ნაწილში საქმის მასალები საოლქო სასამართლოს პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ამიტომ ამ ნაწილში შესაძლებელია ახალი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო ალიმენტის ნაწილში სააპელაციო პალატას არ უმსჯელია. რის გამოც ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სამოქალაქო კოდექსის 1189-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს აქვთ თანაბარი უფლებები იმ შემთხვევებშიც, როცა ისინი განქორწინებულნი არიან, ხოლო 1200-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთ შეთანხმებით წყვეტენ, ხოლო 1201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ განქორწინებული მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდნენ არასრულწლოვანი შვილები. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავა არის იმის თაობაზე, თუ რომელ მშობელთან დედასთან თუ მამასთან უნდა ცხოვრობდეს და იზრდებოდეს არასრულწლოვანი მ. გ-ძე. სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ორივე სადავო საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს, არასრულწლოვან მ. გ-ძის დედას - ლ. გ-ძეს საკუთრების უფლებით, ქ. თბილისში, ... ქუჩაზე აქვს საცხოვრებელი ბინა, იგი მუშაობს და აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი, ხოლო მოპასუხე დ. გ-ძეს თავისი მუშაობის სპეციფიკის გამო ხშირად უხდება ხანგრძლივად სამსახურებრივ მივლინებებში ყოფნა საზღვარგარეთ. დღეისათვის იგი იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში. არასრულწლოვანი შვილი კი არის ბებიასთან და ბაბუასთან. გარდა ამისა, არასრულწლოვან მ. გ-ძეს, როგორც გოგონას, დედა უფრო მოუვლის, ვიდრე მამა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არასრულწლოვან მ. გ-ძის ინტერესები უფრო დაცული იქნება დედასთან და იგი აღსაზრდელად და საცხოვრებლად უნდა დაუბრუნდეს ლ. გ-ძეს. სამოქალაქო კოდექსის 1204-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლ. გ-ძეს, როგორც მშობელს, უფლება აქვს, მოითხოვოს არასრულწლოვანი შვილის დაბრუნება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს.

ლ. გ-ძის სარჩელი მოპასუხე დ. გ-ძის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

არასრულწლოვანი შვილი მ. გ-ძე აღსაზრდელად და საცხოვრებლად გადაეცეს – ლ. გ-ძეს. საქმე დ. გ-ძის მიმართ, ალიმენტის დაკისრების ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.