გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ/257-01 30 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, ბ. კობერიძე
დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ლ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დ. ნ-იას გამოსახლება თბილისში დიღმის მასივის .... ბინიდან, შემდეგი საფუძვლით: ბინა ეკუთვნოდა მის მეუღლეს ვ. შ-იას, რომელიც გარდაიცვალა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ანდერძისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე ბინის მესაკუთრე გახდა თვითონ, მოპასუხე დ. ნ-ია აწგარდაცვლილმა ვ. შ-იამ თავის სიცოცხლეში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეასახლა დროებით სადავო ბინაში, მიუხედავად მათი არაერთგზის გაფრთხილებისა მოპასუხე დ. ნ-ია ბინას არ ათავისუფლებს. სასამართლო სხდომაზე დ. ნ-იამ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა სადავო ბინაზე მის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა და მისი ბინის მესაკუთრედ აღიარება შემდეგი საფუძვლით: მან ვ. შ-იასგან ბინა იყიდა 1985 წელს, რაშიც გადაუხადა 8000 მანეთი, ამ დროიდან მოყოლებული ცხოვრობს სადავო ბინაში. შ-იას თავის სიცოცხლეში არასოდეს დაუყენებია საკითხი მისი ბინიდან გამოსახლების შესახებ, რადგან იცოდა რომ ბინა გაყიდული ჰქონდა. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 ივნისის გადაწვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ლ-ძის სარჩელი. დ. ნ-ია გამოსახლდა სადავო ბინიდან, ხოლო დ. ნ-იას შეგებებული სარჩელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1985 წელს, როცა დ. ნ-იას განმარტებით, ბინა შეიძინა შ-იასაგან, სადავო ბინა იყო კომუნალური ფონდის საკუთრება და ამდენად შ-იას არ ჰქონდა უფლება განეკარგა სადავო ბინა, რადგან ამ დროისთვის იგი ბინის მესაკუთრე არ იყო. საქმეში წარმოდგენილია ხელწერილი, რომლითაც ირკვევა, რომ ვ. შ-იამ ისესხა დ. ნ-იასგან 8000 მანეთი. სასამართლომ არ გაიზიარა ნ-იას მტკიცება, რომ ეს იყო ფაქტობრივად არა სესხის ხელშეკრულება არამედ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, აღნიშნულის გამო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი. რაც შეეხება ლ-ძის სარჩელს სასამართლომ დადგენილად მიიაჩნია, რომ 1997 წელს მოხდა სადავო ბინის პრივატიზაცია ვ. შ-იას სახელზე. აღნშნული ბინა შ-იამ 1997 წლის ოქტომბერში ანდერძით დაუტოვა მოსარჩელე ნ. ლ-ძეს, რომელიც აღნიშული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის საფუძველზე გახდა ბინის მესაკუთრე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მას არ გააჩნია არანაირი იურიდიული საფუძველი სადავო ბინის ფლობის და სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 146-ე მუხლის თანახმად იგი გამოასახლა ბინიდან.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა დ. ნ-იამ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 10 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა დ. ნ-იას სააპელაციო საჩივარი, უცვლელი დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა დ. ნ-იამ, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს მხედველობაში არ მიიღო, რომ სადავო ბინას ფლობს 1985 წლიდან მას შემდეგ რაც შ-იას გადაუხადა 8000 მანეთი. შ-იას თავის სიცოცხლეში არასოდეს დაუყენებია საკითხი მისი ბინიდან გამოსახლების შესახებ, რადგან იცოდა, რომ ბინა გაყიდული ქონდა. ნ. ლ-ძე არის შ-იას უფლებამონაცვლე. შ-იას ყველა უფლება-მოვალეობები გადავიდა ლ-ძეზე და ასეთ შემთხვევაში სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ უთხრა უარი მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე ძველი სამოქალაქო კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 1985 წელს, როცა მოპასუხის განმარტებით ბინა შეიძინა მოსარჩელის მეუღლის ვ. შ-იასგან, სადავო ბინა იყო სახელმწიფო-საბინაო კომუნალურ ფონდში და ბინის მესაკუთრეს წარმოადგენდა არა ვ. შ-ია, არამედ სახელმწიფო. ამდენად, შ-იას არავითარი უფლება სადავო ბინის გასხვისების არ ჰქონდა, სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი დ. ნ-იას ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ბინა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება ნ. ლ-ძის სახელზე. იგი წარმოადგენს ბინის მესაკუთრეს, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად ნ. ლ-ძეს უფლება აქვს გამოითხოვოს ბინა დ. ნ-იას უკანონო მფლობელობიდან.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
დ. ნ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 10 ნოემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.