გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ/258–01 28 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა
აღწერილობითი ნაწილი:
გ. გ-ული მუშაობდა ...... სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილედ. იგი ამ თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 30 ივლისის ბრძანებით საშტატო ერთეულის შემცირებასთან დაკავშირებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის I პუნქტით. შემდგომში, ...... სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსმა, 1999 წლის 5 აგვისტოს გამოსცა ბრძანება დაკავებული თანამდებობიდან გ. გ-ულის გათავისუფლების შესახებ შტატების შემცირების გამო. გ. გ-ულმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარამენტის თავმჯდომარის, .... სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა იმ საფუძვლით, რომ დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნა და ადმინისტრაციამ სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება არასწორად მიანიჭა .... სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის მეორე მოადგილეს, გ. წ-ძეს; იგი წერილობით არ იქნა გაფრთხილებული ერთი თვით ადრე შტატების მოსალოდნელი შემცირების გამო. მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა გ. გ-ულის სააპელაციო საჩივარი. გააუქმა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება. გ. გ-ულის სარჩელი დააკმაყოფილა და იგი აღდგენილ იქნა .... სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ერთი წლის იძულებითი განაცდურის - 456 ლარის ანაზღაურებით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ..... რაიონის საგადასახადო ინსპექციაში ბრძანება საშტატო ერთეულის შემცირების შესახებ მიღებულ იქნა 1999 წლის 14 ივლისს, რაც გახდა მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი. ამიტომ მისი სამუშაოდან დათხოვნის 1999 წლის 30 ივლისის და 1999 წლის 5 აგვისტოს ბრძანებების მიღების დროისათვის იგი შტატების შემცირების თაობაზე ერთი თვით ადრე არ იყო გაფრთხილებული, რის გამოც დაირღვა “საჯარო სამსახურის” შესახებ კანონის 108-ე მუხლის პირველი ნაწილი, ასევე შრომის კანონთა კოდექსის 422 მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო პალატამ საქმის ფურცელ 15-18-ზე წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულად ჩათვალა, რომ გ. გ-ული გ. წ-ძესთან შედარებით გამორჩეული იყო მაღალი კვალიფიკაციით და შრომის ნაყოფიერებით.
იმავე სააპელაციო პალატამ 2000 წლის 4 დეკემბრის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება შეასწორა შემდეგი სახით: “იგი აღდგენილ იქნეს ..... სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, სამსახურში იძულებით არ ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელფასის ანაზღაურებით”. საქართველოს შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 დეკემბრის განჩინებაზე. სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება, რომლითაც გ. გ-ულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: “საქართველოს 1999 წლის ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დეპარტამენტში განხორციელდა შტატების შემცირება. გ. გ-ული და გ. წ-ძე ქ. თბილისში მივლინებული იქნენ ..... საგადასახადო ინსპექციის უფროსის 1999 წლის 18 ივნისის ¹103 ბრძანებით, სადაც ჩატარდა თათბირი შტატების შემცირების საკითხზე და გ. გ-ული ინფორმირებული იყო მოადგილის შტატის შემცირების თაობაზე. სამუშაოდან დათხოვნისას დაცული იყო შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი და უპირატესობა მიენიჭა გ. წ-ძეს, რომელსაც საფინანსო ორგანოებში მუშაობის 23 წლის სტაჟი და საგადასახადო ინსპექციაში მუშაობის ხუთი წლის სტაჟი აქვს. კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და 5 შვილი.
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილია, რომ ქ. ...... სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციაში უფროსის მოადგილის ორ საშტატო ერთეულზე მუშაობდნენ გ. გ-ული და გ. წ-ძე. მათ განსაზღვრული ჰქონდათ კონკრეტული ფუნქციები. საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 25 ივნისის ბრძანებით ...... რაიონის საგადასახადო ინსპექციაში 5 საშტატო ერთეული შემცირდა, მათ შორის _ ინსპექციის უფროსის მოადგილის ერთი შტატი. ამდენად, ....... რაიონის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მხოლოდ ერთი შტატი დარჩა. სასამართლომ ისე დააკმაყოფილა გ. გ-ულის სარჩელი და აღადგინა იგი თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, რომ არ გაარკვია ამჟამად თავმჯდომარის მოადგილის კონკრეტული ფუნქციები და ის, რომ საკმარისია თუ არა ამ ფუნქციების შესასრულებლად გ. გ-ულის კვალიფიკაცია. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოცემული მასალებით დასტურდება, რომ ....... სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსი თავის დროზე გ. წ-ძის შრომის ნაყოფიერების დონეს სხვადასხვანაირ შეფასებას აძლევდა. მართალია, ...... რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსმა ო. წ-ძემ 1998 წელს საქართველოს საგადასახადო ინსპექციის უფროსის წინაშე საკითხი დასვა გ. წ-ძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მაგრამ როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოადგილის შტატის შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა ადმინისტრაციამ მიანიჭა გ. წ-ძეს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ..... საგადასახადო ინსპექციის უფროსს უპირატესობა უნდა მიენიჭებინა იმ მოადგილისათვის, რომელიც გამორჩეული იქნებოდა მაღალი კვალიფიკაციით და შრომის ნაყოფიერებით; თანაბარი პირობების შემთხვევაში კი უნდა ემსჯელა იმ მოადგილის დარჩენის თაობაზე, რომელსაც ოჯახში დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე სხვა პირი არ ჰყავს. მაგრამ სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა გ. გ-ულის გამორჩეულობა მაღალი კვალიფიკაციით და შრომის ნაყოფიერებით. აღნიშნულის გამო, სასამართლო გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი;
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მ. ა-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება, 2000 წლის 4 დეკემბრის და 2001 წლის 12 იანვრის განჩინებები მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.