Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/259-01 30 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, ბ. კობერიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ტ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს “ე.” დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა შემდეგი საფუძვლით: 1998 წლიდან მუშაობდა შპს “ე.” დირექტორის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით. მიუხედავად მისი არაერთგზის მოთხოვნისა, გაფორმებულიყო შრომითი კონტრაქტი, მოპასუხემ არ ისურვა კონტრაქტის დადება. იმის გამო, რომ მოპასუხეს შპს “ჯ. ი.” არ შეუსრულა მოთხოვნა, რომ შპს “ე.” ქონება გადაერიცხა “ჯ. ი.” სახელზე, შპს “ჯ. ი.” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თ. ა-ძის ბრძანებით გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელეს დათხოვნა მიაჩნია უკანონოდ, რადგან მისი გათავისუფლების დროს დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ, ბრძანებაში არ არის ნათქვამი თუ რა დააშავა მან და რა გახდა მისი გათავისუფლების საფუძველი. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე შპს “ჯ. ი.” წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლით: თ. ტ-ძე გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან მეწარმეთა შესახებ კანონის 47.3. მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ტ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. ტ-ძე აღდგენილ იქნა შპს “ე.” დირექტორის თანამდებობაზე, მოპასუხე ორგანიზაციას დაევალა მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. რუსთავის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია შპს-ში დირექტორების დანიშვნა, გამოწვევა, მათთან შრომითი ხელშეკრულების დადება და შეწყვეტა წარმოადგენს პარტნიორთა კრების პრეროგატივას, მაგრამ აღნიშნული არ მოდის კოლიზიაში შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნებთან. ამიტომ პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის გათავისუფლებისას დაცული უნდა იქნეს შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნები. მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციის მხრიდან დარღვეულია შრომის კანონთა კოდექსის მოთხვონები, რადგან ბრძანებაში არ არის მითითებული შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის რომელი პუნქტია მოსარჩელის მიერ დარღვეული.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს “ჯ. ი.”. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “ჯ. ი.” სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება და გამოვიდა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ტ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე თ. ტ-ძესა და შპს “ჯ. ი.” პარტნიორებს შორის ადგილი ჰქონდა სერიოზულ უთანხმოებებს შპს “ემოს” მართვის საკითხებში, თ. ტ-ძე არ იზიარებდა მმართველი საზოგადოების მიერ შემუშავებულ სტრატეგიას სამეურნეო პოლიტიკაში და არ ემორჩილებოდა მითითებებს, რის გამოც იგი გაათავისუფლეს შპს “ემოს” დირექტორის თანამდებობიდან. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შპს-ს დირექტორისა და მის პარტნიორებს შორის ურთიერთობებზე ვერ გავრცელდება შრომის კანონთა კოდექსის ნორმები, რადგან შპს-ს ადმინისტრაციას “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.1. მუხლის თანახმად, წარმოადგენს დირექტორები, რომლებიც ახორციელებენ შპს-ს ხელმძღვანელობასა და მართვას, ამიტომ შრომის კანონთა კოდექსის ნორმები შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ ურთიერთობაზე შპს-ს დირექტორსა და მის მიერ დაქირავებულ მუშაკს შორის. რაც შეეხება დირექტორების ურთიერთობებს შპს-ს პარტნიორებთან, გამომდინარე იქედან, რომ პარტნიორები უშუალოდ არ ხელმძღვანელობენ საზოგადოებას მათი ურთიერთობები დირექტორებთან უნდა მოწესრიგდეს “მეწარმეთა შესახებ” კანონის ნორმების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ტ-ძემ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: პალატამ ახსნა რა საწარმოს ადმინისტრაციის შინაარსი, ყურადღების გარეშე დატოვა თუ რას წარმოადგენს შპს “ჯ. ი.” დირექტორთა საბჭო და მისი თავმჯდომარე. შპს “ე.” დირექტორის დანიშვნის და გათავისუფლების ბრძანება გამოსცა შპს “ჯ. ი.” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და არა პარტნიორთა კრებამ. “ჯ. ი.” ადმინისტრაცია გახლავთ მისი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც უნდა ემორჩილებოდეს შპს-ის მოთხოვნებს. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3 მუხლი, როცა გადაწყვეტილებაში თქვა, რომ “პარტნიორები ანდობენ დირექტორს საზოგადოების ქონებას და საქმიანობის მართვის უფლებას, ამით ფაქტიურად ანდობენ თავის კეთილდღეობასო”. რაც შეეხება ამავე მუხლში ნათქვამს “მათთან შრომითი ხელშეკრულების დადება და შეწყვეტა” ვის ინტერესებს ეხება, ამით პალატა არ დაინტერესებულა, ე.ი. ამით ხელყო დაქირავებული მუშაკის ინტერესები. თუ პარტნიორები თავიანთ ქონების მართვის უფლებას და ინტერესებს ანდობენ, რა დაქირავებული მუშაკი თავის ფიზიკურ და გონებრივ საკუთრებას, ინტელექტს მათ არ ანდობთ?”

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ თ. ტ-ძის საკასაციტო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოტივაციო ნაწილი:

დადგენილია, რომ შპს “ე.” დამფუძნებელია მოპასუხე შპს “ჯ. ი.” რომლის მიერაც კასატორი თ. ტ-ძე 1998 წელს დაინისნა შპს ë”ე.” დირექტორის თანამდებობაზე. შპს “ჯ. ი.” პარტნიორთა კრების 2000 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თ. ა-ძის 2000 წლის 15 ივნისის ¹ 12 ბრძანებით თ. ტ-ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად არის მიჩნეული, რომ კასატორი თ. ტ-ძე არ იზიარებდა, რა შპს ”ე.” დამფუძნებელთა სამეურნეო პოლიტიკას, სერიოზული უთანხმოება იყო პარტნიორებს და კასატორს შორის, არ ემორჩილებოდა სამეთვალყურეო საბჭოს მითითებებს, რაც გახდა მისი გათავისუფლების საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტის წინააღმდეგ არა თუ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ არის წამოყენებული, არამედ თვით კასატორიც ადასტურებს პარტნიორებსა და მას, როგორც დირექტორს შორის არსებულ უთანხმოებას.

მეწარმეთა შესახებ კანონის 47.3-ე მუხლის თანახმად პარტნიორთა კრება განსაზღვრავს შპს სამეურნეო პოლიტიკის ზოგად პრინციპებს, რამეთუ სწორედ პარტნიორებია შპს-ის ქონების მესაკუთრეები და მათ ინტერესს წარმოადგენს საზოგადოების ეკონომიური განვითარება. ამავე კანონის 49.1. და 49.2 მუხლების თანახმად დირექტორი არის პარტნიორთა მიერ შემუშავებული სამეურნეო პოლიტიკის განმხორციელებელი მთავარი ფიგურა, რომელიც ვალდებულია თავისი მოვალეობა შეასრულოს კომერსანტის გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით. კანონის ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, კასატორ თ. ტ-ძეს, როგორც შპს “ე.” დირექტორს, უფლება არ ჰქონდა რაიმე სამეწარმეო და მმართველობით დაპირისპირებაში ყოფილიყო საზოგადოების პარტნიორებთან. მეწარმეთა შესახებ კანონის 9.4. მუხლის თანახმად დირექტორი საზოგადოებას წარმოადგენს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში. იგი პარტნიორთა მიერ ნდობით აღჭურვილი თანამდებობის პირია, განაგებს საზოგადოების მთელ ფასეულობას. სწორედ დირექტორის კეთილსინდისიერებასა და სამეწარმეო უნარ-ჩვევებზეა დამოკიდებული საწარმოს განვითარება და შესაბამისად პარტნიორთა სამეწარმეო წარმატებები, ამიტომ დირექტორისათვის საწარმოს მართვისა და ქონების განკარგვის უფლების მინიჭების რისკის საკომპენსაციოდ პარტნიორებს ყოველთვის, უნდა ჰქონდეთ უფლება ნებისმიერ დროს გაანთავისუფლონ დირექტორი და ამ შემთხვევაზე შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნები არ შეიძლება გავრცელდეს. შრომის კანონთა კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დირექტორსა და მის მიერ დაქირავებულ მუშაკს შორის ურთიერთობა, რომელიც ჩვეულებრივ შრომით სამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა, ხოლო დირექტორის საქმიანობა არის სამეწარმეო. იგი ჩვეულებრივ მეწარმეა, მისი ურთიერთობა საზოგადოების პარტნიორებთან უნდა რეგულირდებოდეს მეწარემთა შესახებ კანონით.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.