Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/260-01 21 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე, მ. ახალაძე

სარჩელის საგანი: მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 21 იანვარს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ზ. ა-ძემ მოპასუხე “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიმართ.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 1999 წლის ივლისიდან ასრულებდა აღნიშნული საზოგადოების პრეს-მდივნისა და ამ საზოგადოების გაზეთის “ს. ს.” რედაქტორის დამატებითი მოვალეობებს, რაც აუცილებელი იყო გაზეთის გამოსაშვებად. მისთვის ხელი უნდა შეეწყო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორ ნ. ი-ძეს.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 1999 წლის 24 ნოემბრამდე ასრულებდა თავის მოვალეობებს, რისთვისაც აუნაზღაურდა ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის ხელფასი, ყოველთვიურად _ 250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ნოემბრის ბოლოს ნ. ი-ძემ მოსარჩელეს განუცხადა, რომ შეესრულებინა უკვე დასრულებელი და კომპიუტერიდან ამობეჭდილი საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ პრესის მონიტორინგი და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის ამსახველი ანგარიშები, რის შემდეგაც მოსარჩელე ზ. ა-ძეს აუნაზღაურებდა მხოლოდ ოქტომბრის თვის ხელფასს და ამით მისი შრომითი საქმიანობა შეწყდებოდა.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მან შეასრულა დავალება, მაგრამ ნ. ი-ძემ არა მარტო უკანონოდ დაითხოვა იგი სამსახურიდან, არამედ არც ოქტომბრის და ნოემბრის ხელფასები აუნაზღაურა.

ზ. ა-ძემ სარჩელში ითხოვა მოპასუხისათვის 1999 წლის ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე თვეში 250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტის, ზეგანაკვეთური მუშაობისათვის _ 366 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტისა და მორალური ზიანის სახით 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტის დაკისრება.

შემდგომში ზ. ა-ძემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მხოლოდ 1999 წლის ოქტომბრიდან 2000 წლის მაისამდე, თვეში 250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტისა და ზეგანკვეთური მუშაობისათვის 366 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება მოპასუხისათვის.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” შეგებებული სარჩელი შეიტანა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში, მაგრამ შემდგომში სასამართლო სხდომაზე უარი თქვა შეგებებულ სარჩელზე.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. ა-ძის სარჩელი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ერთი თვის გადაუხდელი ხელფასის _ 250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტის _ გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 9 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნ. ი-ძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა 250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტის საზოგადოებისათვის დაკისრების ნაწილში.

რაც შეეხება ზ. ა-ძის საკასაციო საჩივარს, მასში კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას იმ საფუძვლებით, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, აგრეთვე, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კასატორის განმარტებით, გამოტანილი გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს კასატორმა _ მოსარჩელე ზ. ა-ძემ შეამცირა თავისი სარჩელი და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 9 ნოემბრის განჩინების შეცვლა იმგვარად, რომ მოპასუხე “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” 1999 წლის ოქტომბრის თვის ხელფასის გარდა, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებოდა მხოლოდ 1999 წლის ნოემბრის მიუღებელი ხელფასი _ 250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. საკასაციო საჩივარში კასატორმა ზ. ა-ძემ ითხოვა ზეგანაკვეთური სამუშაოს _ 366 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურებაც მოპასუხის მიერ.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და თვლის, რომ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად მისი დაუშვებლობის გამო, ხოლო ზ. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

მოპასუხე “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის _ ნ. ი-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი პალატამ შეამოწმა და დააზუსტა საქმის ზეპირ განხილვაზე, რის შემდეგაც ჩათვალა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, იგი დასაშვებად არ უნდა იქნეს მიჩნეული, რადგანაც აღნიშნული საზოგადოების საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება.

რაც შეეხება მოსარჩელე ზ. ა-ძის საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებიდან და თავად მისი განმარტებიდან ირკვევა, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შორის ზეპირი ხელშეკრულების დადებისას, შესასრულებელი სამუშაოსათვის შესაბამისობის შემოწმების მიზნით, ურთიერთშეთანხმებით გათვალისწინებულ იქნა საგამოცდო ვადა 1999 წლის 1 ნოემბრამდე. საგამოცდო ვადის პირობები განისაზღვრა შრომის ზეპირი ხელშეკრულებით. “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნ. ი-ძემ მოსარჩელეს შესთავაზა შრომის წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ ზ. ა-ძემ დაუსაბუთებელი უარი განაცხადა. იგი არ უარყოფს, რომ იცოდა მოპასუხის მიერ მასთან დადებული შრომის ზეპირი ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ.

პალატა თვლის, რომ ზ. ა-ძის მიერ სამუშაოს შესრულება 1999 წლის ნოემბერში, არ შეიძლება ჩაითვალოს შრომის ხელშეკრულების გაგრძელებად, რაც მოწესრიგებულია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლით. საქმის მასალებიდან და მხარეთა განმარტებებიდან ირკვევა, რომ ზ. ა-ძეს ურთიერთშეთანხმებით დაევალა 1999 წლის ოქტომბერში მის მიერ არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოს იმავე წლის ნოემბერში შესრულება. Aამდენად, პალატას მიაჩნია, რომ შრომის ხელშეკრულება მხარეთა შორის არ გაგრძელებულა და მოსარჩელის მოთხოვნა, შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, 1999 წლის ნოემბრის თვის ხელფასის ანაზღაურების შესახებ, უსაფუძვლოა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების შესახებ, რადგანაც საქმის მასალებში არ არსებობს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 55-ე მუხლით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევები, როცა შეიძლებოდა საზოგადოების ადმინისტრაციის მხრიდან დაშვებული ყოფილიყო ზეგანაკვეთური მუშაობა მოსარჩელის მიერ. გარდა ამისა, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 54-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზეგანაკვეთური მუშაობა უნდა გაფორმებულიყო საზოგადოების ადმინისტრაციის ბრძანებით. Bბრძანება კი ამასთან დაკავშირებით არ დაწერილა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მხარეთა შორის არსებული ზეპირი შეთანხმებისა და სამუშაოს სპეციფიურობიდან გამომდინარე, ზ. ა-ძეს არ ჰქონდა ნორმირებული სამუშაო დრო და ამდენად, მის მიერ შესრულებული სამუშაო არ უნდა ჩაითვალოს ზეგანაკვეთურ მუშაობად.

პალატას მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა ზეგანკვეთური მუშაობის ანაზღაურების შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად მისი დაუშვებლობის გამო.

არ დაკმაყოფილდეს ზ. ა-ძის საკასაციო საჩივარი.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 9 ნოემბრის განჩინება.

ზ. ა-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.