საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№603აპ-25 თბილისი
მ-ე ა., 603აპ-25 31 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. მ-ეს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით).
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2023 წლის 13 იანვარს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ქ. ბ-ში, --- მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ა. მ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, შვილს – მ. მ-ეს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ა. მ-ე (პირადი №---), ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი ლაშა ლოლუა საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ა. მ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა ალ. მ-ის ბრალეულობის დასადასტურებლად.
6. საქმეში წარმოდგენილია გამართლებულ ა. მ-ის განცხადება, რომელიც, თავისი შინაარსით, რეალურად შესაგებელს წარმოადგენს. გამართლებული შესაგებლით ითხოვს გამამართლებელი განაჩენების უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ა. მ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა. მ-ის მიერ მ. მ-ისადმი მუქარას.
10. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე, მათ შორის – ოჯახური დანაშაულის საქმეებზე, დადგენილია ერთი სტანდარტი – ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს. ამასთან, დამნაშავემ პასუხისმგებლობა არ უნდა აირიდოს მარტოოდენ მსხვერპლის მიერ საჩივრის არქონის გამო. ასეთივეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, მიუხედავად დაზარალებულის პოზიციისა, ითვალისწინებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას (დაიცვას ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ადეკვატური სანქცია დააკისროს მოძალადეს) და მსჯელობს, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები საკმარისია თუ არა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
11. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, დაზარალებულმა რეალურად აღიქვა თუ არა მუქარა. შიშის განცდა სუბიექტური აღქმაა, თუმცა, შესაძლებელია, იგი დასტურდებოდეს სხვა ობიექტური გარემოებებით, ასევე – მოწმეთა ჩვენებებითაც, რომლებიც მკაფიოდ მიუთითებენ დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის მსჯავრდებას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინება.
12. დაზარალებულმა მ. მ-ემ (ბრალდებულის შვილმა), მოწმეებმა: მ. ხ-ემ (ბრალდებულის ყოფილმა მეუღლემ) და მ, მ-ემ (ბრალდებულის შვილმა) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი, ხოლო ბრალდებულმა ა. მ-ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მართალია, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ გამორიცხავს დანაშაულებრივი ფაქტის არსებობას, თუმცა საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები უნდა აღწევდნენ იმ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითაა დადგენილი პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
13. საქმეზე დაკითხული და გამოკითხული მოწმეების ჩვენებები ირიბია და მათზე დაყრდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა დაუშვებელია. ირიბი ჩვენების გამოყენება კი შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და იგი შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა – მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (,,გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
14. 2023 წლის 13 იანვრის №-- შემაკავებელი ორდერითა და ორდერის ოქმის მიხედვით, 2023 წლის 13 იანვარს ა. მ-ე დანის გამოყენების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. მ-ეს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი, ისევე, როგორც შეტყობინება, შედგენილია დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის გადამოწმების შესაძლებლობაც ინფორმაციის გამავრცელებელ პირველწყაროსთან (დაზარალებულთან) სასამართლოს არ მიეცა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, მუქარის ერთ-ერთი მთავარი ელემენტის – საფუძვლიანი შიშის – გაჩენა კი თავად დაზარალებულმა უნდა დაადასტუროს.
15. ა. მ-ის ბრალეულობის დამადასტურებელი ერთადერთი მტკიცებულებაა მოწმე გ. შ-ის გამოკითხვის ოქმი, რომელიც რა არის გამყარებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებით და, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
16. ამდენად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც უტყუარად დაადასტურებდა ა. მ-ის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების ფარგლებში კი შეუძლებელია იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, ა. მ-ე საერთოდ დაემუქრა თუ არა შვილს, ასეთის არსებობის შემთხვევაში კი, რეალურად აღიქვა თუ არა იგი დაზარალებულმა და გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
17. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ა. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ – გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ა. მ-ე გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
19. კასატორი საჩივარში უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმესთან მიმართებით არარელევანტურია და ვერ გახდება გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და ა. მ-ის მსჯავრდების საფუძველი.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
21. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად და სრულყოფილად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს პროკურორი და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
22. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე