Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/263-01 4 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,მ. ახალაძე

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ღ-ტი მუშაობდა შპს ბავშვთა მე-... პოლიკლინიკაში ...ად. მისი მეუღლე 1999 წლის სექტემბრიდან მიწვეული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ საინფორმაციო სააგენტოს ფულბრაიტის პროგრამით 9 თვით; მან თან წაიყვანა მეუღლე თ. ღ-ტი, რომელსაც პოლიკლინიკის მთავარმა ექიმმა გ. ლ-შვილმა მისცა თანხმობა უხელფასო შვებულების გაფორმებაზე. იმასთან დაკავშირებით, რომ თ. ღ-ტი 1999 წლის 19 ოქტომბრიდან არასაპატიო მიზეზით აცდენდა სამსახურს და აშშ-ში იმყოფებოდა; ასევე, იმის გამო, რომ მას 2000 წლის 1 მარტს გაუვიდა სამწლიანი შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადა, პოლიკლინიკის დირექტორის 2000 წლის 1 მარტის ბრძანებით არ გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება 2000 წლის 1 მარტიდან. თ. ღ-ტმა ჩათვალა რა აღნიშნული ბრძანება უკანონოდ, სარჩელი აღძრა სასამართლოში, მოპასუხე – შპს ბავშვთა მე-... პოლიკლინიკის დირექტორის გ. ლ-შვილის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა, გააუქმა შპს მე-... პოლიკლინიკის დირექტორის 2000 წლის 1 მარტის ¹ 5/02 ბრძანება თ. ღ-ტთან შრომითი კონტრაქტის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ; თ. ღ-ტი აღდგენილ იქნა აღნიშნულ პოლიკლინიკაში ...ის თანამდებობაზე და, შესაბამისად, გაუგრძელდა შრომითი კონტრაქტი. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო მოსარჩელის ამერიკის შეერთებულ შტატებში მეუღლესთან ერთად გამგზავრების შესახებ. არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე სამუშაოდან დათხოვნილ იქნა სამწლიანი კონტრაქტის ვადის გასვლის გამო, რადგან დათხოვნის ბრძანებაში მითითებულია, ასევე, სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენის თაობაზეც. ადმინისტრაციამ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლი, რომლის თანახმად, მუშაკისათვის ერთი თვით ადრე უნდა ეცნობებინა სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე. პოლიკლინიკის დირექტორმა გ. ლ-შვილმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება გააუქმა და მიიღო ახალი გადაწყვეტილება. თ. ღ-ტს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: 1997 წლის 1 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა შრომის კონტრაქტი, რომლითაც თ. ღ-ტი დაინიშნა ...ის თანამდებობაზე; კონტრაქტი სამი წლით გაფორმდა და მისი ვადა ამოიწურა 2000 წლის 1 მარტს. ვინაიდან თ. ღ-ტმა თვითნებურად მიატოვა სამუშაო და მას კონტრაქტის ვადა გაუვიდა 2000 წლის 1 მარტს, ადმინისტრაციამ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. მართალია, ადმინისტრაციის ბრძანებაში არ არის მითითებული, სამუშაოდან დათხოვნა კონკრეტულად რომელი კანონით მოხდა, მაგრამ თ. ღ-ტის შრომის წიგნაკში, სამუშაოდან დათხოვნის საფუძვლად ჩაიწერა შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის I ნაწილის “ბ” პუნქტი. ადმინისტრაცია არ იყო ვალდებული მოსარჩელე სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე ორი თვით ადრე გაეფრთხილებინა, რადგან შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის საკითხის გადასაწყვეტად არ შეიძლება გამოყენებული იქნეს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე, 87-ე და 422-ე მუხლები.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ღ-ტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და რაიონული სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. მისი საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ადმინისტრაციამ იგი სამუშაოდან დაითხოვა ორი საფუძვლით: შრომის კონტრაქტის ვადის გასვლისა და სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო. სამართლებრივად კი აღნიშნული ორი საფუძვლის ერთად გამოყენება დაუშვებელია; თუ სამუშაოდან დაითხოვეს არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, მაშინ დაცული უნდა ყოფილიყო შრომის კანონთა კოდექსის 37-ე და 42-ე მუხლები; სამუშაოდან დათხოვნის ბრძანებაში კონკრეტული სამართლის ნორმები არ არის მითითებული.

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

დადგენილია, რომ თ. ღ-ტი მუშაობდა შპს ბავშვთა მე-... პოლიკლინიკაში ...ად. მან 1997 წლის 1 მარტს კონტრაქტი გააფორმა პოლიკლინიკის დირექტორთან აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის შესახებ, რომელიც 3 წლის ვადით დაიდო. თ. ღ-ტის მეუღლე 1999 წლის სექტემბრიდან მიწვეული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ საინფორმაციო სააგენტოს ფულბრაიტის პროგამით 9 თვის ვადით, ოჯახთან ერთად. მართალია, თ. ღ-ტმა პოლიკლინიკის დირექტორს მიმართა განცხადებით 9 თვიანი უხელფასო შვებულების გაფორმების თაობაზე, სხვადასხვა უწყების შუამდგომლობებიც წარადგინა, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა მისი განცხადება. თ. ღ-ტი მაინც გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2000 წლის 1 მარტს დამთავრდა მასთან გაფორმებული კონტრაქტის ვადა. ამის გამო ადმინისტრაციამ 2000 წლის 1 მარტის ბრძანებით მას არ გაუგრძელა შრომითი ხელშეკრულების ვადა, იქვე მიუთითა, რომ იგი 1999 წლის ოქტომბრიდან არასაპატიო მიზეზით აცდენდა სამსახურს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა თ. ღ-ტის სამუშაოდან დათხოვნა კანონიერად, რადგან შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის I ნაწილის “ბ” პუნქტით გათვალისწინებულია შრომის კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლები. ერთ-ერთი საფუძველი კი არის განსაზღვრული ვადით დადებული კონტრაქტის ვადის გასვლა. მართალია, ადმინისტრაციამ კასატორის სამუშაოდან დათხოვნის მეორე საფუძვლად მიუთითა მის მიერ სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენაც, რაც დადასტურებულია საქმის მასალებით, მაგრამ მხოლოდ შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო თ. ღ-ტის სამუშაოდან დათხოვნაც კანონიერია.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ თითქოს მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც მისი სამუშაოდან დათხოვნისათვის საჭირო იყო პროფკავშირის თანხმობა. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს პროფკავშირის თანხმობას იმ შემთხვევაში, როცა ადმინისტრაციის ინიციატივით ხორციელდება ვადიანი ხელშეკრულების ვადამდე ან უვადო ხელშეკრულების მოშლა, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლისას პროფკავშირის თანხმობა არ არის საჭირო, ვინაიდან ხელშეკრულების მოშლას კი არ აქვს ადგილი, არამედ ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რაც ხელშეკრულების მხარეთა თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული და მისი შეზღუდვა დაუშვებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დასაბუთებულია და მისი გაუქმების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ღ-ტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.