Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/264-01 22 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე, ქ. გაბელაია

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. მ-ძე 1995 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო საკონტროლო გამშვებ პუნქტი აეროპორტი “თ.” ქვეგანყოფილება აეროპორტ “ვ.” .... კონტროლიორად. დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 26 ნოემბრის ¹ 397 ბრძანებით ნ. მ-ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სასაზღვრო ძალების რიგებიდან პირადი განცხადების საფუძველზე.

ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილის ... კილომეტრზე განთავსებულია საქართველოს სასაზღვრო ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფი – მოტო-სამანევრო ჯგუფი. იმავე ტერიტორიაზეა 18-18 ბინით, სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისათვის განკუთვნილი ორი საცხოვრებელი სახლი. ბინები გაიცემა სამსახურებრივი დანიშნულებით.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 13 ოქტომბრის ბრძანებით მოტო-სამანევრო ჯგუფის ტერიტორია გამოცხადდა დახურულ სამხედრო საცხოვრებელ ქალაქად. ბრძანების მე-8 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო ძალებთან კავშირის არმქონე პირები დახურულ სამხედრო ქალაქებიდან გასახლებულ უნდა იქნენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

ნ. მ-ძეს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით მიეცა მოტო-სამანევრო ჯგუფის ტერიტორიაზე ... მდებარე ბინა, რომელშიც ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან ხ. ე-იასთან ერთად.

2000 წლის აპრილში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ნ. მ-ძის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ.

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა, რომ სასაზღვრო ძალებიდან დათხოვნის შემდეგ მოპასუხე მოვალე იყო დაეტოვებინა მოტო-სამანევრო ჯგუფის დახურული სამხედრო ქალაქი.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სასაზღვრო ძალებიდან დათხოვნის გამო მოპასუხემ დაკარგა უფლება სადავო ბინაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 14 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.

საკასაციო საჩივრით ნ. მ-ძე ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, სარჩელზე უარის თქმის შესახებ, შემდეგი საფუძვლებით:

სამოქალაქო კოდექსის 15-7 მუხლის I და II პუნქტების შესაბამისად, ამ კოდექსის სამოქმედოდ შემოღებამდე წარმოშობილ ურთიერთობაზე გამოყენებული უნდა ყოფილიყო საბინაო კოდექსის 117-ე მუხლის მე-11 პუნქტი, რადგან იგი მარტოხელაა და მასთან ერთად ცხოვრობს არასრულწლოვანი ავადმყოფი შვილი. საოლქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულება “საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების, აღრიცხვაზე აყვანისა და მათი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ”, რომელიც წინააღმდეგობაშია საბინაო კოდექსთან და საერთოდ არ ითვალისწინებს ბინიდან გამოსახლებას. “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 25-ე მუხლის თანახმად, უპირატესობა უნდა მისცემოდა იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს – საბინაო კოდექსს. არასწორადაა გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი, რადგანაც ჰქონდა და ამჟამადაც აქვს სადავო სადგომის ფლობის უფლება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ. თბილისში კახეთის გზატკეცილის ... კილომეტრზე დახურული სამხედრო ქალაქის ... ბინა ნ. მ-ძეს სამსახურებრივი დანიშნულებით მიეცა 1995 წელს. მოპასუხე აღნიშნულ ბინაში შესახლდა საბინაო კომისიის გადაწყვეტილებისა და ორდენის გარეშე.

საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანა და საცხოვრებელი ფართობით მათი უზრუნველყოფა წარმოებს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹ 603 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების საფუძველზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2000 წლის 10 ოქტომბრის ¹ 11/10-320 წერილის თანახმად ძალაშია და არ არის გაუქმებული.

დროებითი დებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო უწყებების საბინაო ფონდში, აგრეთვე, სახელმწიფო საბინაო ფონდში უწყებათა სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართოდან ბინებით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან: გენერლები, ადმირალები, ოფიცრები და ზემდეგები თავიანთი ოჯახებით. ამასთან, გენერლებს და ადმირალებს ბინები ეძლევათ უვადო სარგებლობის (დამქირავებლის) უფლებით, ხოლო ოფიცერთა დანარჩენ შემადგენლობას – სამსახურებრივი დანიშნულებით. სერჟანტის სამხედრო ჩინის მქონე ნ. მ-ძეს ვერ მიცემოდა ბინა უვადო სარგებლობის უფლებით.

სასაზღვრო ძალებიდან დათხოვნის შემდეგ ნ. მ-ძე მოვალე იყო გამოეთავისუფლებინა სამსახურებრივი დანიშნულებით მიცემული ბინა.

ნ. მ-ძის სამსახურიდან გათავისუფლების და სასაზღვრო ძალებიდან დათხოვნის კანონიერების საკითხის განხილვა სცილდება მოცემულ საქმეზე დავის საგნის ფარგლებს. თუ ნ. მ-ძეს მიაჩნდა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 26 ნოემბრის ¹ 397 ბრძანებით სამსახურიდან და სასაზღვრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ დარღვეულ იქნა მისი უფლება, შეეძლო შეეტანა სარჩელი სასამართლოში და მოეთხოვა სამსახურში აღდგენა.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1999 წლის 6 აგვისტოს ¹ 603 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულება “საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და მათი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ”. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2000 წლის 10 ოქტომბრის ¹ 11/10-320 წერილის თანახმად, დროებითი დებულება ძალაშია და არ არის გაუქმებული. იგი არ არის წინააღმდეგობაში 1997 წლის 25 ნოემბრიდან ძალადაკარგულად ცნობილ საქართველოს საბინაო კოდექსთან. დროებითი დებულებით განსაზღვრულია სამხედრო უწყებების მოსამსახურეთა ოჯახების საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის წესი. საცხოვრებელი სადგომის გამოთავისუფლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება არა დებულებით ან სხვა კანონქვემდებარე აქტებით, არამედ კანონის ნორმებით.

კასატორის მიმართ არ შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული 1997 წლის 25 ნოემბრიდან ძალადაკარგულად ჩათვლილი საქართველოს საბინაო კოდექსის 117-ე მუხლის მე-11 პუნქტი, რომლის თანახმად, სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომებიდან სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად დაუშვებელია გამოსახლდნენ მარტოხელა პირნი მათთან ერთად მცხოვრები არასრულწლოვანი შვილებითურთ. ნ. მ-ძეს შვილი – ხ. ე-ია შეეძინა ლ. ე-იასთან ქორწინებაში ყოფნის დროს და იგი ვერ ჩაითვლება მარტოხელა პირად.

სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომიდან ნ. მ-ძის გამოსახლების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს წარმოეშვა 1999 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, როდესაც სამსახურიდან გათავისუფლებისა და სასაზღვრო ძალებიდან დათხოვნის გამო კასატორს აღარ გააჩნდა სადავო ბინაში ცხოვრების უფლება. სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი. სადავო ბინა წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას, რომელიც ირიცხება საქართველოს სახელმწიფო საზღვროის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბალანსზე. ეს უკანასკნელი სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში ახორციელებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას და აქვს ნ. მ-ძის უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის უფლება.

სასამართლომ სწორი შეფასება მისცა მტკიცებულებებს და გამოიტანა კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 14 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.