¹ 3კ/265 11 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე
სარჩელის საგანი – სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 15 ივნისს დუშეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა გ. ა-ულმა მოპასუხე შპს “ჟ-ის” მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელემ 1993 წელს მუშაობა დაიწყო ჟინვალჰესში ელ. საამქროს ...ედ. 1994 წლის 13 აპრილს საქენერგოს საოქმო გადაწყვეტილებით, ¹ 118 ბრძანების საფუძველზე, ჟინვალჰესი ხუთი წლის ვადით იჯარით გადაეცა შპს “ჟ-ს”.
1994 წლის ნოემბერში, მოსარჩელე დაწინაურდა ...ად იმავე საამქროში.
შპს “ჟ-ის” გენერალური დირექტორის 2000 წლის 31 მაისის ¹ 35 ბრძანებით გ. ა-ული გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” პუნქტის საფუძველზე.
მოსარჩელემ სარჩელში მოითხოვა შპს “ჟ-ის” გენერალური დირექტორის 2000 წლის 31 მაისის ¹ 35 ბრძანების გაუქმება; სამუშაოზე აღდგენა და მისი ადვოკატის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება.
დუშეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 6 ნოემბერს განიხილა გ. ა-ულის სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება; გ. ა-ულის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი აღდგენილ იქნა სამუშაოზე. აპელანტს უარი ეთქვა მისი ადვოკატის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ჟ-მა”.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, რის შედეგადაც საქმეზე გამოტანილ იქნა არასწორი გადაწყვეტილება. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ შრომის ხელშეკრულება გ. ა-ულთან შეწყდა შრომის კანონთა კოდექსის 422-ე და 36-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, რადგანაც კასატორის აზრით, შპს “ჟ-ის” გენერალური დირექტორის 2000 წლის 30 მარტის ¹ 12 ბრძანება, რომელიც შრომითი ურთიერთობის გასაგრძელებლად იწვევდა ყველა მუშაკს, სხვა არაფერი იყო, თუ არა გაფრთხილება სამუშაოდან, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, თუ მუშაკს თავად არ ენდომებოდა შრომითი ურთიერთობის გაგრძელება შრომის კონტრაქტის საფუძველზე.
კასატორი მიუთითებს, რომ 2000 წლის 1 ივნისს, მას შემდეგ, რაც დასრულდა საკონტრაქტო ურთიერთობაზე გადასვლის პროცესი, გამოიცა შპს “ჟ-ის” გენერალური დირექტორის ¹ 22 ბრძანება საშტატო განრიგის გაუქმების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არასწორად მიუთითა, რომ საქმეში თითქოს არ იყო წარდგენილი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა შტატების გაუქმებას. ამდენად, კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც გამოტანილ იქნა არასწორი გადაწყვეტილება.
კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც არ დაკმაყოფილდება გ. ა-ულის სარჩელი.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე გ. ა-ულის სამსახურიდან გათავისუფლებისას, შპს “ჟ-ის” ადმინისტრაციის მიერ დაირღვა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ შპს “ჟ-ის” გენერალური დირექტორის მიერ 2000 წლის 30 მარტს გამოცემული ¹ 12 ბრძანება არ ნიშნავდა მუშაკთა გაფრთხილებას სამუშაოდან მათი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე გ. ა-ული შპს “ჟ-ის” ადმინისტრაციის მიერ არ გაფრთხილებულა სამუშაოდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შპს “ჟ-ში” არსებული შტატების გაუქმებას 2000 წლის 1 ივნისიდან.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოარკვია ფაქტობრივი გარემოებები.
საქმის მასალებში არის შპს “ჟ-ის” შესაგებელი, რომლის დანართშიც მითითებულია შპს “ჟ-ის” გენერალური დირექტორის ¹ 22 ბრძანება შტატების გაუქმების თაობაზე. თუმცა საქმის მასალებში აღნიშნული ბრძანება არ მოიპოვება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს “ჟ-ის” მიერ სააპელაციო სასამართლოში შესაგებლის წარდგენისას, სააპელაციო პალატისათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა შპს “ჟ-ის” გენერალური დირექტორის მიერ გაცემული ¹ 22 ბრძანება შტატების გაუქმების თაობაზე, თუმცა იგი არ იყო წარდგენილი საქმის მასალებში. ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად უნდა გამოერკვია ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ ისე აღადგინა გ. ა-ული თადაპირველ სამუშაოზე, რომ არ გაურკვევია, არსებობდა თუ არა აღნიშნული საშტატო ერთეული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კი თუ საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია იმის გამო, რომ საჭიროა დამატებითი მტკიცებულებების გამოკვლევა, საკასაციო სასამართლო აუქმებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს ქვემდგომი სასამართლოს შესაბამის პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს “ჟ-ის” საკასაციო საჩივარი.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.