გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/267-01 1 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, ბ. კობერიძე
სარჩელის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ა-იანმა და ვ. გ-ულმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაოზე აღდგენა, ა-იანმა სადგურ დიდუბის პოლიციის სახაზო პუნქტის უფროსად, ხოლო გ-ულმა თბილისის რეგიონალური განყოფილების არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექტორად იმ საფუძვლით, რომ 2000 წლის იანვარში ისინი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნენ კადრების განკარგულებაში ატესტაციის უარყოფითი შედეგების გამო. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათი გათავისუფლება მოხდა კანონის დარღვევით, ატესტაცია ჩატარდა მათ დაუსწრებლად. მოპასუხე სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტმა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1996 წლის 26 ნოემბრის ¹ 906 ბრძანების 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელეებს მხოლოდ სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, ხოლო ატესტაციის შედეგები უნდა გაესაჩივრებინათ უფროსთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ, ადრე მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებზე. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელეთა ატესტაცია ჩატარდა კანონის დარღვევით. გარდა ამისა, მოსარჩელები კადრების განკარგულებაში არიან უკვე რვა თვის განმავლობაში. “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-12 მუხლის თანახმად კი, შტატგარეშე დარჩენილი თანამშროელი ირიცხება კადრების განაკრგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით, ე.ი. დარღვეულია მოსარჩელეთა მიმართ აღნიშნული დებულება.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შსს-ის სატრანსპორტო პოლიციის დეპარატმენტმა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ-ულისა და ა-იანის სარჩელი კვლავ დაკმაყოფილდა ასევე, გაუქმდა მათ მიმართ სატრანსპორტო პოლიციის თბილისის რეგიონალური განყოფილების მიერ ჩატარებული ატესტაციის შედეგები.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შსს სატრანსპორტო დეპარტამენტმა, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელეების სარჩელი სასამართლოს არ უნდა განეხილა, რადგან მოსარჩელეები შინაგან საქმეთა სამინისტრო ორგანოებიდან დათხოვილნი არ არიან, ისინი კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს. ასეთ შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრის ¹ 906 ბრძანებების 38-39-ე მუხლების თანახმად, მათ უნდა მიემართათ არა სასამართლოსათვის, არამედ უფროსისათვის. პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოტივაციო ნაწილი:
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე თ. ა-იანი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის თბილისის რეგიონალური განყოფილების დიდუბის პუნქტის უფროსის თანამდებობაზე, ხოლო ვ. გ-ული ამავე განყოფილების არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექტორის თანამდებობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტსროს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000 წლის 28 იანვრის ¹ 4 ა\7 ბრძანებით მოსარჩელეები ვ. გ-ული და თ. ა-იანი გათავისუფლებულ იქნენ თანამდებობიდან ატესტაციის უარყოფითი შედეგების გამო.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოსარჩელეების: ვ. გ-ულის და თ. ა-იანის მიმართ ატესტაციის პროცესში ადგილი არ ჰქონია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეები. თ. ა-იანი და ვ. გ-ული არ ყოფილან კასატორის მიერ გაფრთხილებულნი ატესტაციის ჩატარების შესახებ და ისინი საატესტაციო კომისიის სხდომას არ დასწრებიან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ არის წამოყენებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1998 წლის 26 ნოემბრის ¹ 601 ბრძანებით დამტკიცებული “შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის მიერ ატესტაციის გავლის წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-18 მუხლის შესაბამისად, ატესტაციის ჩატარების თარიღი ცხადდება ერთი თვით ადრე, ხოლო 22-ე მუხლის შესაბამისად, ატესტაციების განხილვა საატესტაციო კომისიის მიერ წარმოებს საატესტაციო პირთა დასწრებით. მოცემულ შემთხვევაში საატესტაციო კომისიის მიერ აღნიშნული ინსტრუქციის მითითებული მოთხოვნები დარღვეულ იქნა, რასაც სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სააპელაციო სასამართლომ.
საკასაციო პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 127-ე მუხლის თანახმად, უფლება არ ჰქონდათ სამუშაოზე აღდგენის შესახებ მიემართათ სასამართლოსათვის და უნდა გაესაჩივრებიათ საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება მინისტრთან. კასატორის ეს მოსაზრება არ გამომდინარეობს აღნიშნული კანონიდან. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამრათლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება. გარდა ამისა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ანსამბლეის 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-10 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს მისი უფლებების განსაზღვრისას მისი საქმე საჯაროდ და სამართლიანობის ყველა მოთხოვნის დაცვით განიხილოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეებს ვ. გ-ულს და თ. ა-იანს უფლება ჰქონდათ დარღვეული უფლებების დასაცავად მიემართათ სასამართლოსათვის.
საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას არა აქვს ადგილი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის დეპარატმენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 ნოემბრის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.