Facebook Twitter

¹ 3კ/268-01 23 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, ბ. კობერიძე

დავის საგანი: მინდობილობის ბათილად ცნობა:

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის 3 დეკემბერს ი. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე დ. ბ-ძესა და ქ. თბილისის ¹ 1 სანოტარო კანტორის ნოტარიუს ე. შ-შვილის მიმართ მინდობილობის ბათილად ცნობის თაობაზე.

ი. ბ-შვილის განმარტებით, 1996 წლის დეკემბერში ტექბიუროს მეშვეობით მისთვის ცნობილი გახდა, რომ აწ გარდაცვლილ მამამის ილ. ბ-შვილის 1993 წლის 31 იანვარს გენერალური მინდობილობით გაუცია ქონება გასხვისების უფლებით მოპასუხე დ. ბ-ძეზე. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, 1995 წლის ოქტომბერში გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ბ-ძესა და შ-შვილს შორის ... მდებარე ბინაზე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ 1993 წლის 21 იანვრის მინდობილობა ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი, ვინაიდან ილ. ბ-შვილი 1984 წლიდან დაავადებული იყო ათეროსკლეროზით, ჰქონდა ფსიქიკური მოშლილობა და ასათიანის სახელობის ფსიქოთერაპიის ს/კვლევითი ინსტიტუტის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით არ შეეძლო სწორად გაეგო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და რეალური ვითარების აღქმა. 1995 წლის მეორე ნახევარში, რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის გადწყვეტილებით ი. ბ-შვილის სარჩელს 1993 წლის 21 იანვარს ილ. ბ-შვილის მიერ დ. ბ-ძეზე სანოტარო წესით გაფორმებული გენერალური მინდობილობის გაუქმებაზე, ეთქვა უარი.

ი. ბ-შვილმა გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

საქმის სააპელაციო წესით განხილვის სტადიაზე იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა ილ. ბ-შვილის 1993 წლის I ნახევარში ანუ დ. ბ-ძეზე მინდობილობის გაცემის პერიოდში შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და ეხელმძღვანელა მისთვის მინდობილობის გაცემის მომენტში. ი. ბ-შვილის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე დაინიშნა დამატებითი ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 75-ე, მე-80, 64-ე, 58-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ ი. ბ-შვილის მოთხოვნა ხანდაზმულია, ამ საფუძვლის გარეშე სარჩელი ვერ დაკმაყოფილდებოდა, ვინაიდან ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2000 წლის 20 სექტემბრის ¹ 213 დასკვნით შეუძლებლად იქნა მიჩნეული იმის დადგენა, შეეძლო თუ არა ილ. ბ-შვილს შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და ეხელმძღვანელა მისთვის იმ მომენტისათვის.

კასატორი ი. ბ-შვილი მოითხოვს საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მისი მამა ილ. ბ-შვილი 1984 წლიდან 1999 წლამდე მისი მოვლა-პატრონობის გარეშე თავს ვერ უვლიდა. 1997 წის 16 ივნისის ექსპერტიზის მიერ გაკეთებულია დასკვნა ილ. ბ-შვილის არაქმედუნარიანობის შესახებ. 2000 წლის 20 სექტემბრის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა კი ეყრდნობა მოწინააღმდეგე მხარის მიერ დასახელებულ და დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, რომელნიც არ შეესაბამებოდა რეალურ ვითარებას.

კასატორის განმარტებით მას არ გაუშვია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან, სახლის გასხვისების შესახებ 1996 წლის 19 დეკემბერს შეიტყო.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარზე მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის II ნაწილის მიხედვით, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სააპელაციო სასამრთლოს მიერ დადგენილია, რომ ი. ბ-შვილმა 1995 წლის 5 ოქტომბერს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით თანხმობა განაცხადა მამის, ილ. ბ-შვილის მიერ ბინის გასხვისებაზე. ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ილ. ბ-შვილის მიერ 1993 წლის 21 ივნისს გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე 1995 წლის 13 ოქტომბერს გაფორმდა რწმუნებულ დ. ბ-ძესა და მყიდველ ს. შ-შვილს შორის.

სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წლის რედაქცია) ნორმები მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან მხარეთა შორის ურთიერთობა, უფლებები და მოვალეობები წარმოიშვა ადრე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის მოქმედების პერიოდში.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მას არ გაუშვია სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, იმ საფუძვლით, რომ დარღვეული უფლების შესახებ 1996 წლის 19 დეკემბერს შეიტყო, ხოლო სარჩელი სასამართლოში 1999 წლის 3 დეკემბერს შეიტანა. კასატორის არგუმენტი, თითქოს იგი ფიქრობდა ბინა მასზე ან დედამისზე გაფორმდებოდა და ბინის გასხვისების შესახებ 1995 წლის ოქტომბერში არ შეუტყვია, არ არის დადასტურებული მტკიცებულებით და სამოქალაქო სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ გახდება 1996 წლის დეკემბრიდან ხანდაზმულობის ვადის ათვლის საფუძველი.

პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2000 წლის 20 სექტემბრის ¹ 213 დასკვნა არ არის კატეგორიული, შეუძლებლად იქნა მიჩნეული იმის დადგენა, მინდობილობის გაცემის მომენტში, 1993 წლის იანვარში, ილ. ბ-შვილი იმყოფებოდა შერაცხად მდგომარეობაში თუ არა. ამდენად კასატორის მოტივაცია მამის აწ გარდაცვლილ ილ. ბ-შვილის შეურაცხადობის შესახებ დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სამართლებრივად სწორადაა დასაბუთებული და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი

ი. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.