საქმე N 010100124010501179
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №729აპ-25 8 ოქტომბერი, 2025 წელი
ფ. ზ.,№729აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ზ. ფ–ე (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 30 ოქტომბერს, დილის საათებში, ქალაქ ბ–ში, .......ის ქუჩის №...-ში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე, ზ. ფ–ემ შუბლის არეში თავის დარტყმით, ასევე გულ-მკერდის არეში ხელების დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს ლ. ზ–ს, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2024 წლის 30 ოქტომბერს, დილის საათებში, ქალაქ ბ–ში, ......ის ქუჩის №..-ში, ზ. ფ–ე სიცოცხლის მოსპობით და დასახიჩრებით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს ლ. ზ–ს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2024 წლის 30 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქალაქ ბ–ში,....... ქუჩის №...-ში, შურისძიების ნიადაგზე, ზ. ფ–ე სიცოცხლის მოსპობით და სხეულის დანაწევრებით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს ლ. ზ–ს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, ზ. ფ–ე უდანაშაულოდ ცნო წარდგენილი ბრალდებებით.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, ზ. ფ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ზ. ფ–ის დამნაშავედ ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ივნისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 27 ივნისს, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ივნისის განაჩენის გაუქმება და ზ. ფ–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის იმ ერთობლიობას, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. სააპელაციო სასამართლომ კი არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და ზ. ფ–ის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. ფ–ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა – ლ. ზ–მ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა მეუღლის – ზ. ფ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ზ. ფ–ის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც დაზარალებულმა სასამართლოში არ დაადასტურა.
5.4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ავტომატურად არ უკარგავს სამართლებრივ წონას დაზარალებულის მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს. თუმცა ცალკე შეფასების საგანია მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, რომელიც ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლომ უნდა დაადგინოს ინდივიდუალურად.
5.5. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ შეტყობინებაში დანაშაულის შესახებ, 2024 წლის 08 დეკემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმსა და შემაკევებლ ორდერში დაფიქსირებული ინფორმაცია არ შეიცავს ქმედებების კონკრეტულ აღწერილობას და იმდენად მწირია, რომ შეუძლებელია საკმარისად იქნეს მიჩნეული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
5.6. რაც შეეხება საქმეში წარმოდეგნილ მოწმეებს: თ. გ–ს, კ. მ–სა და ნ. მ–ს - ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრენი და აღწერენ დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი როგორც აღინიშნა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ხსენებული მოწმეების გამოკითხვის ოქმები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ხოლო სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ზ. ფ–ის მხრიდან დაზარალებულზე ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს - წარმოდგენილი არ არის.
5.7. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებას, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.10. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
მამუკა ვასაძე