გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/271-01 16 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე
სარჩელის საგანი – უკანონოდ დაკავებული არასაცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 21 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარატმენტმა სარჩელი აღძრა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში ქ. თბილისში, ... მდებარე შენობაში განთავსებულ აფხაზეთიდან დევნილ პირთა ჯგუფის მიმართ, აღნიშნული შენობიდან მათი გამოსახლების შესახებ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა სამმართველოს უფროსის მიერ 2000 წლის 7 თებერვალს გაცემული ¹ 05\01-17\214 ცნობის საფუძველზე, აფხაზეთიდან დევნილ რამდენიმე ოჯახს ნება დაერთო შესახლებულიყვნენ აღნიშნულ შენობაში, რაც დევნილთა მხრიდან მაშინვე განხორციელდა.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2000 წლის 10 აპრილის ¹ 8 ბრძანების თანახმად, ძალადაკარგულად ჩაითვალა ამავე სამინისტროს დევნილთა სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია, რადგან დევნილებმა თვითნებურად დაიწყეს შენობის გადატიხვრა და სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა მოპასუხეების გამოსახლება სადავო შენობიდან.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა: თბილისში, ... მდებარე, მოსარჩელის ბალანსზე რიცხული შენობიდან გამოსახლებულ იქნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 21 ნოემბრის განჩინებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯგუფის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებელ პირთა ჯგუფის რწმუნებულმა ა. ჭ-მ, რომელიც საკასაციო საჩივარში ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამდენად, სააპელაციო პალატამ განჩინება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით, რაც მისი გაუქმების საფუძველია.
ა. ჭ-ს განმარტებით, მისი მარწმუნებულები არიან სადავო შენობის კეთილსინდისიერი მფლობელები შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 25 სექტემბრის ¹ 643 ბრძანებულებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, სხვა უწყებებთან ერთად გადაუდებელ ამოცანად დაესახა დევნილთა მინიმალური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა. ამ ბრძანებულების შესაბამისად, რაიონების გამგეობებსა და ქალაქთა მერებს დაევალათ დევნილთა განსახლება დროებით თავისუფალ, უმოქმედო შენობებში.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან 1999 წლის 2 დეკემბერს გამართული თათბირის ¹ 86\10 საოქმო გადაწყვეტილებით, დევნილთა ახალი ნაკადის განსახლების მიზნით, შესაბამის უწყებებს დაევალათ შეედგინათ ფუნქციის გარეშე დარჩენილი შენობა-ნაგებობების ნუსხა. ამის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 14 დეკემბრის ¹ 1-3\911 ბრძანებით ქ. თბილისში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დამატებითი ნაკადის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა წარედგინა ფუნქციის გარეშე დარჩენილი შენობა-ნაგებობების ნუსხა. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სადავო შენობა შეიტანა ფუნქციის გარეშე დარჩენილ შენობა-ნაგებობათა ნუსხაში.
კასატორის განმარტებით, ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ შეასრულა პრეზიდენტის 1996 წლის 25 სექტემბრის ¹ 643 ბრძანებულება და კასატორებს მისცა სადავო შენობაში შესახლების სიტყვიერი ნებართვა, რაც შემდეგ, 2000 წლის 7 თებერვალს გაფორმდა წერილობით, ¹ 05\01-17 ცნობის სახით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ჭ- თვლის, რომ მისი მარწმუნებლების მიჩნევა არაკეთილსინდისიერ მფლობელებად, უკანონოა და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლი. კასატორი, თვლის, რომ სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.
საკასაციო საჩივრის ზეპირ განხილვაზე არ გამოცხადდა კასატორი, თუმცა სასამართლო სხდომის დრო და ადგილი ეცნობა კანონით დადგენილი წესით.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, მოუსმინა კასატორის მოწინააღმდეგე მხარის განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები და ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას დაარღვია სამართლის ნორმები.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, 1999 წლის 2 დეკემბერს სახელმწიფო მინისტრთან ჩატარდა თათბირი, სადაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს დაევალათ იმ უმოქმედო და თავისუფალი შენობების ნუსხის წარდგენა, რომელიც ვარგისი იქნებოდა იძულებით გადაადგილებულ პირთა განსათავსებლად. წარდგენილ ნუსხაში სხვა შენობებთან ერთად შეცდომით შევიდა სადავო შენობაც. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2000 წლის 7 თებერვლის ¹ 05\01-17\214 ცნობის მიხედვით, სამინისტრომ მიზანშეწონილად ჩათვალა ზემოთ აღნიშნულ სადავო შენობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ იმ პირთა შესახლება, რომლებიც საკუთარი სახსრებით შეაკეთებდნენ შენობას. თუმცა აღნიშნული ცნობა 2000 წლის 10 აპრილს გაუქმდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ¹ 8 ბრძანებით, რადგანაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერის 1998 წლის 16 ივნისის ¹ 226 განკარგულებით სადავო შენობა ეკუთვნოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტს.
გარდა ამისა, საქმის მასალებიდან ირკვევა და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ იძულებით გადაადგილებულ პირთა რეალურად განსათავსებლად მიმართა სახელმწიფო მინისტრს სათანადო განკარგულების გასაცემად, მაგრამ არც სახელმწიფო მინისტრს და არც სხვა რომელიმე სახელმწიფო უწყებას არანაირი განკარგულება ამასთან დაკავშირებით არ გაუცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, კასატორები არ შეიძლება მიჩნეულ იქნენ სადავო ნივთის კეთილსინდისიერ მფლობელებად, რადგანაც ისინი არამართლზომიერად ფლობენ აღნიშნულ შენობას და სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოთხოვნა, მოპასუხე აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებულ პირთა ჯგუფის მიმართ, შენობის უკან დაბრუნების შესახებ, საფუძვლიანი და კანონიერია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორებს არ ჰქონდათ ამ შენობის ფლობის უფლება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯგუფის წარმომადგენლის – ა. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 21 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.