გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ/273-01 31 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. წიქვაძე
მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, მ. გოგიშვილი
დავის საგანი: თანხების დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი :
ლ. ლ-ძემ 1999 წლის 15 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, და მოითხოვა მოპასუხე ო. მ-ძისაგან 500 აშშ დოლარის დაბრუნება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოცემული საქმის წარმოება შეწყვიტა იმ მოტივით, რომ ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 21 აპრილის განჩინებით მხარეთა შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით წამოჭრილი დავა დასრულებული იყო მორიგებით.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 22 მარტის განჩინებით ლ. ლ-ძის კერძო საჩივარი არ იქნა მიჩნეული დასაშვებად უსაფუძვლობის გამო და საქმე საჩივართან ერთად კანონით დადგენილ ვადაში გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ლ. ლ-ძეს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
საოლქო სასამართლოს 2000 წლის 7 სექტემბრის განჩინებაზე ლ. ლ-ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოიტანა საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები და უნდა დარჩეს განუხილველად, ვინაიდან მოსარჩელე ლ. ლ-ძის კერძო საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილებას წარმოადგენს თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 7 სექტემბრის განჩინება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სარეზოლუციო ნაწილი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 7 სექტემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.
განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.