Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/274-01 16 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, მ. გოგიშვილი

სარჩელის დავის საგანი: უნებართვო მშენებლობის მოშლა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ქ-იამ სარჩელი აღძრა ვ. გ-ძის წინააღმდეგ და მოითხოვა ღია აივნის მშენებლობის ნებართვა იმ საფუძვლით, რომ ისინი ცხოვრობენ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში და მოპასუხე კატეგორიული წინააღმდეგია მ. ქ-იამ თავის საცხოვრებელ ბინას მოაშენოს ღია აივანი. ვ., ვა. და თ. გ-ძეებმა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს უნებართვო მშენებლობის მოშლა იმ საფუძვლით, რომ მ. ქ-იამ საერთო სარგებლობის ღია აივნის გაგრძელებაზე სათანადო ნებართვის გარეშე აწარმოა მშენებლობა, რითაც გაუარესდა მათი საცხოვრებელი პირობები.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამრათლოს 2000 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სამოქალაქო საქმე მ. ქ-იას სარჩელზე წარმოებით შეწყდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ვ., ვა. და თ. გ-ძეებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მ. ქ-იამ უნებართვოდ მიაშენა არა ღია, არამედ დახარული კაპიტალური აივანი, რაც არ აძლევდა სასამართლოს უფლებას უკანონო ნაგებობა კანონიერდ ეცნო. სასამართლომ არ გაითვალისწინა გ-ძეების მძიმე საბინაო პირობები და სახლის ავარიული მდგომარეობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მ. ქ-იას მიერ მოწყობილი აივანი აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებს და იგი არავითარ საშიროებას არ უქმნის ... მდებარე ავარიულ სახლს. ამასთან, აივნის მოწყობით არ ილახება მეზობელი ბინებისათვის ტექნიკური ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნები. პალატამ ასევე დაადგინა, რომ სადავო აივნის მშენებლობაზე არ არსებობს სათანადო ორგანოების მიერ გაცემული ნებართვა. აღნიშნული გარემოება სასამართლომ არ მიიჩნია აპელანტის კანონიერი ინტერესის ან რაიმე უფლების დარღვევად.

ვ., ვა. და თ. გ-ძეებმა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს აღნიშნული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ საქმის მასალების შეფასებისას გააკეთა არასწორი სამართლებრივი დასკვნები; გააყალბა სხდომის ოქმი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამრათლომ ამავე კოდექსის 222-ე მუხლისა და 249-ე მუხლის მე-4 ნაწილით მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი გამოიკვლია, დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და მათ მისცა სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამრათლოს მიერ საქმეზე დადგენილი გარემოების სამართლებრივი შეფასებისას, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ქ-იას აივნის მშენებლობით არ დაურღვევია სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლით გათვალისწინებული ბინის (მრავალბინიანი სახლის) მესაკუთრის მოვალეობანი. სარჩელი იმ შემთხვევაში იქნებოდა საფუძვლიანი, თუ მ. ქ-ია დაარღვევდა მითითებული ნორმის მოთხოვნებს. ასეთი საქმის მასალებით დადგენილი არ არის. რაც შეეხება გ-ძეებს, როგორც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინის მესაკუთრეებს, სსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტით ვალდებულნი არიან ითმინონ ზემოქმედებანი მათ საკუთრებაში არსებულ ნაწილებსა და საერთო საკუთრებაზე, თუ ეს ზემოქმედებანი შეესაბამებიან “ა” და “ბ” ქვეპუნქტებში გათვალისწინებულ პირობებს. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მ. ქ-იას არ დაურღვევია ამავე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ასეთ შემთხვევაში ვ., ვა. და თ. გ-ძეებს ეკისრებათ თმენის ვალდებულება

პალატა ასევე, ვერ გაიზიარებს კასატორების მითითებას ოქმის უსწორობის შესახებ, რადგან აღნიშნული გარემოება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკასაციო საჩივრის საფუძვლად. საკასაციო საჩივრის საფუძვლებზე მითითებულია სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს გადაწყვეტილების (განჩინების) მიღების დროს სასამართლოს მიერ სამართლის ნორმების დარღვევის შემთხვევებს. სასამართლო სხდომის ოქმის უსწორობა ან უსრულობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკასაციო პრეტენზიად, თუ მხარის (წარმომადგენლის) მიერ დაცული არ იქნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის მოთხოვნა. ამ ნორმის საფუძველზე სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ სამი დღის განმავლობაში, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმის მიმართ, მიუთითონ უსწორობისა და უსრულობაზე. შენიშვნებს განიხილავს ამ საქმეზე ხელის მომწერი მოსამართლე, თუ იგი ეთანხება, შენიშვნებს, ადასტურებს მათ სისწორეს, ხოლო თუ არ ეთანხმება, გამოაქვს განჩინება ამ შენიშვნების უარყოფის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში ასეთი მასალები საქმეში არ მოიპოვება ე.ი. არ არსებობს საკასაციო პრეტინზიის საფუძველი, რის გამოც კასაცია არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ., ვა. და თ. გ-ძეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 20 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.