¹ 3კ/276 11 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი, ლ. გოჩელაშვილი
სარჩელის საგანი _ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ. ჯ-იანმა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ განმარტა, რომ თავისი კუთვნილი ავტომანქანა “კამაზი” 1994 წლის 1 ნოემბერს საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე იჯარით, თვეში 220 აშშ დოლარის გადახდის პირობით, გადასცა შპს “მ.” დირექტორს გ. ს-ძეს, რომელიც ვალდებული იყო ავტომანქანა ტექნიკურად გამართული ჰყოლოდა და მისი დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში აღედგინა პირვანდელ მდგომარეობაში ან აენაზღაურებინა მისი ღირებულება 2 თვის ვადაში. 1994 წლის 25 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით მოხდა ტექნიკურად გამართული მანქანის გადაცემა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მან საიჯარო ხელშეკრულების ყველა პირობა და მოთხოვნა კეთილსინდისიერად შეასრულა, ხოლო მოპასუხე დღემდე არ ასრულებს საიჯარო ხელშეკრულების არც ერთ პუნქტს, არ აბრუნებს ავტომანქანას და არ იხდის საიჯარო ქირას, რომელმაც 42 თვის მანძილზე შეადგინა 9240 აშშ დოლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა 1994 წლის 25 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებულ მდგომარეობაში ა/მ “კამაზის” აღდგენა და დაბრუნება ან ა/მ საბაზრო ღირებულების 6000 აშშ დოლარის დაკისრება მოპასუხისათვის. ასევ, საიჯარო ქირის 9240 აშშ დოლარის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო ავტომანქანის საზღაურის და საიჯარო ქირის გადახდის დაკისრების ნაწილში, ხოლო ა/მ აღდგენას ეთანხმება 1994 წლის მაისის მდგომარეობით.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. ჯ-იანის სარჩელი მოპასუხე შპს “მ.” მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: “მ.” დირექტორს გ. ს-ძეს დაეკისრა ავტომანქანა “კამაზი-5320” 1994 წლის 25 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებულ, ტქნიკურად გამართულ მდგომარეობაში აღდგენა და მისი კონტეინერთან ერთად მოსარჩელისათვის გადაცემა ან ა/მ “კამაზის” საბაზრო ღირებულების _ 6000 აშშ დოლარის გადახდა ჯ. ჯ-იანის სასარგებლოდ.
მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის 9240 აშშ დოლარის საიჯარო ქირის დაკისრებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ჯ-იანმა და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ; მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება ა/მანქანის აღდგენისა და მოსარჩელისათვის ჩაბარებისა და მოცდენილი ა/მანქანის ქირის ზიანის 9240 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო 6000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში მოითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა შპს “მ.” დირექტორმა გ. ს-ძემ. აპელანტმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება 6000 აშშ დოლარის დაკისრებისა და ა/მ აღდგენის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 1994 წლის 1 ნოემბერს დაიდო იჯარის ხელშეკრულება 2000 წლამდე ვადით. შპს ,,გ.” იკისრა ვალდებულება, რომ ავტომანქანა ჰქონოდა ტექნიკურად გამართული და მისი დაზიანების, გაფუჭების ან დაკარგვის შემთხვევაში ვალდებულებას კისრულობდა აღედგინა მანქანა პირვანდელ მდგომარეობაში ან ეზღო მისი საზღაური. 1994 წლის 25 ოქტომბრის აქტით დადგენილია, რომ მოხდა მანქანის მიღება-ჩაბარება, რითაც დგინდება, რომ ავტომანქანა ტექნიკურად გამართული და უპრეტენზიო მდგომარეობაში იყო.
სასამართლომ დაადგინა, რომ 1994 წლის 1 ნოემბერს მხარეებს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება უნდა ჩაითვალოს შეწყვეტილად 1995 წლის 3 აგვისტოდან. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 287-ე მუხლზე, რომლის თანახმად, “ქონების ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ქონება იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც მისგან მიიღო, ოღონდ ნორმალური ცვეთის მხედველობაში მიღებით ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო დათქმული”. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად: პირი, რომელმაც არ შეასრულა ვალდებულება ან არაჯეროვნად შეასრულა იგი, ქონებრივად პასუხს აგებს მაშინ, თუ მას ბრალი მიუძღვის, იმ შემთხვევის გარდა, რომელიც გათვალისწინებულია კანონით ან ხელშეკრულებით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა/მანქანის დროულად დაუბრუნებლობა მოხდა მოპასუხის ბრალით.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 212-ე მუხლზე: თუ მოვალემ არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, იგი ვალდებულია აუნაზღაუროს კრედიტორს ამით მიყენებული ზარალი.
პალატის აზრით, მოსარჩელის მიერ მიღებული ზარალი, მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა განისაზღვროს 42 თვე X 220 აშშ დოლარი (საიჯარო ქირის ყოველთვიური ოდენობა) 9240 აშშ დოლარი.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 287-ე მუხლის თანახმად, მოპასუხე მოვალეა მოსარჩელეს დაუბრუნოს ა/მ “კამაზი-5320” ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში. მაგრამ, ვინაიდან ა/მ აღდგენა შეუძლებელია, 212-ე მუხლის შესაბამისად უნდა მოხდეს მისი ანაზღაურება ა/მ ღირებულების ოდენობით. პალატამ მიიჩნია, რომ ავტომანქანის ღირებულება უნდა განისაზღვროს ავტომანქანის პრივატიზებისას დადგენილი ფასით 1477 ლარით.
ჯ. ჯ-იანის წარმომადგენელი ქ. ი-ძე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება ა/მანქანა კამაზის ღირებულების ნაწილში არ არის სწორი და ამ ნაწილში უნდა შეიცვალოს. 1994 წლის 25 ოქტომბერს შედგენილი აქტით დადასტურებულია, რომ ა/მანქანა “კამაზი-5320”, რომლის მიღებაც მოხდა არის ტექნიკურად გამართული და ტექნიკურად უპრეტენზიო მდგომარეობაში. კასატორს არარეალურად მიაჩნია მოპასუხისათვის ა/მანქანის ღირებულების _ 1477 ლარის ოდენობით დაკისრება, მაშინ, როცა მხოლოდ მისი საბურავიდან 1 ცალი ღირს 200 ლარი, ხოლო 11 საბურავის ღირებულება შეადგენს 2200 ლარს.
კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას ა/მანქანის ღირებულების დაკისრების ნაწილში და მოპასუხისათვის 6000 აშშ დოლარის დაკისრებას.
“მ.” დირექტორი გ. ს-ძე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ჯ. ჯ-იანი მაშინაც კი, როდესაც სააპელაციო საჩივარი დაიწერა საოლქო სასამართლოში, თხოულობდა საიჯარო ქირის გადახდას, რაც დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, სააპელაციო სასამართლოში მოხდა დავის საგნის შეცვლა და მოთხოვნილ იქნა ზიანის ანაზღაურება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა დარღვევით. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა საიჯარო ქირის მოთხოვნაზე და ეს გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული საკასაციო სასამართლოს მიერ.
კასატორი მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და 9240 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე მოსარჩელისათვის უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენულია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 1994 წლის 1 ნოემბერს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს ,,მ.” იკისრა ვალდებულება, რომ იჯარით გადაცემული ავტომანქანა ჰქონოდა გამართულ მდგომარეობაში და მისი დაზიანების, გაფუჭების ან დაკარგვის შემთხვევაში აღედგინა მანქანა პირვანდელ მდგომარეობაში ან ეზღო მისი საზღაური. სააპელაციო სასამართლოს მიერ 1994 წლის 25 ოქტომბრის აქტის საფუძველზე დადგენილია, რომ მოხდა ტექნიკურად გამართული და უპრეტენზიო მდგომარეობაში მყოფი ა/მანქანის ჩაბარება.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 287-ე მუხლის თანახმად, ქონების ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ქონება იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც მისგან მიიღო, ოღონდ ნორმალური ცვეთის მხედველობაში მიღებით ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო დათქმული.
ვინაიდან ხელშეკრულებაში არის დათქმული, მოცემულ შემთხვევაში მოიჯარეს მანქანა უნდა დაებრუნებინა პირვანდელ, ტექნიკურად გამართულ და უპრეტენზიო მდგომარეობაში.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ა/მანქანის ღირებულება უნდა განისაზღვროს ა/მანქანის პრივატიზებისათვის დადგენილი ფასით – 1477 ლარით. ტექნიკურად გამართული და უპრეტენზიო მდგომარეობაში მყოფი ა/მანქანა “კამაზის” რეალური ფასი გაცილებით მეტია და მისი დადგენა უნდა მოხდეს რეალური ზიანის ანაზღაურების განსაზღვრისა და ანაზღაურების პრინციპით, სასამართლო მტკიცებულებების საფუძველზე. კრედიტორს უნდა მიეცეს ფულადი ანაზღაურება იმ ოდენობით, რაც მას შესაძლებლობას მისცემს აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
პალატა თვლის, რომ ასევე, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 9240 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სასამართლომ უნდა დაადგინოს ზიანის დადგომას ხელი ხომ არ შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2000 წლის 10 მარტს მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა 42 თვის იჯარის ქირა _ 9240 აშშ დოლარის ოდენობით, როგორც მიყენებული ზარალის ანაზღაურება. ვინაიდან სარჩელში ჯიშკარიანის მიერ მოთხოვნილი იყო იჯარის ქირის გადახდა, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და 381-ე მუხლით და განესაზღვრა ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს დავის საგნისა და საფუძვლის შეცვლის უფლება.
აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია კანონის დარღვევით და იგი უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “მ.” დირექტორის, გ. ს-ძისა და ჯ. ჯ-იანის წარმომადგენლის, ქ. ი-ძის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.